"ჩაკვდა ეზო... ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი" - რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა
ცოტა ხნის წინ, შემთხვევით, ხელში ჩამივარდა 1984 წლის ქართული პრესა, რომელიც ლეგენდარული მსახიობის სესილია თაყაიშვილის გარდაცვალების შესახებ იუწყება. საქართველოს ბებია 1984 წლის 21 მაისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზეთების ფურცლებზე მსახიობის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან. თითოეული წერილი თუ მოგონება საინტერესოა, თუმცა ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა განსაკუთრებულად მიიქცია. ეს აშშ-ში მოღვაწე ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილია.
ცნობილია, რომ სესილია თაყაიშვილი ვაკეში, იმ ეზოს მობინადრე იყო, სადაც მისი მეზობლები იყვნენ ასევე გენიალური მსახიობი ეროსი მანჯგალაძე და დიდი ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი.
იმავე ეზოში, ამ საოცარი ადამიანების თვალწინ კი, ერთი ნიჭიერი ბიჭი იზრდებოდა, რომლის სახითაც მომავალში მაყურებელმა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ლევან უჩანეიშვილი გაიცნო.
პატარა ლევანს თურმე დიდ ყურადღებას აქცევდა ქალბატონი სესილია და ლევანი კი მას ბებიას ეძახდა.
36 წლის წინ კი, როდესაც საქართველოს ბებია ამ ქვეყნიდან წავიდა, ლევანი მაშინდელი პრესის საშუალებით („ახალგაზრდა კომუნისტი“ #63, 1984 წელი, 26 მაისი) ასე გამოემშვიდობა:
"ჩაკვდა ეზო, ჩვენი ეზო. სიზმარივით ლამაზი და სიცოცხლით სავსე ეზო.
რა, ბატონი ეროსი არ კმაროდა? მას შემდეგ თქვენ დაგვრჩით... ჩვენი ეზოს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის ბებია. დედა რომ დედაა, ის არ მტუქსავდა იმდენს, რამდენსაც თქვენ, "ყველასთან თავმდაბალი იყავი, ნუ ათქმევინებ, ჯერ არაფერი გაუკეთებია და ცხვირს მაღლა სწევსო“. დიახ, თავმდაბლობა იყო თქვენი ცხოვრების პრინციპი და მეც ამას მასწავლიდით.
თქვენი ოთახი მიყვარდა... ის ოთახი, სადაც პირველად მომისმინეთ და მითხარით: "ხელების ქნევა და ყვირილი არ ნიშნავს ლექსის კითხვას". ის, ოთახი, სადაც პირველად წაგიკითხეთ შანდორფ პეტეფის "მიყვარხარ"... ვითომ საცემრად გამომიდექით, დამიჭირეთ და მაკოცეთ. თქვენი სურათი მაჩუქეთ წარწერით... მაშინ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ის პატრა ოთახი მიყვარდა, სადაც გვიან ღამემდე ჩემი შეკითხვებით არ გასვენებდით. "კაი, დავიღალე, მეძინება და წაეთრიე ახლა სახლში". ამას ისე ტკბილად მეტყოდით, რომ თქვენგან წამოსულს რაღაც განსაკუთრებული, დიდი რამ მინდოდა, გამეკეთებინა.
რამდენს გასცემდით თქვენი სიცოცხლით, რითაც მეც ბედნიერად ვთვლიდი თავს, მეამაყებოდა, რომ თქვენი, "სესილია ბებიას" მეზობელი ვიყავი. ამით თითქოს რაღაც მემატებოდა, თითქოს რაღაცით ვმაღლდებოდი.
ერთი წლის წინ საავადმყოფოში ჩემი ინტერვიუ მოგიტანეთ. ბავშვივით გაგიხარდათ, სანამ თქვენს გვარს მოკრავდით თვალს.
მერე ხმამღლა წაიკითხეთ:
"- თქვენი საყვარელი მსახიობი?
- სესილია თაყაიშვილი".