"ჩემი ოცნებაა, რამდენიმე წელში ასი სკა ფუტკარი მყავდეს" - 19 წლის მეფუტკრე, რომელმაც პანდემიის დროს ჰობი ბიზნესად აქცია | Allnews.Ge

"ჩემი ოცნებაა, რამდენიმე წელში ასი სკა ფუტკარი მყავდეს" - 19 წლის მეფუტკრე, რომელმაც პანდემიის დროს ჰობი ბიზნესად აქცია

19 წლის ანა ტორონჯაძე სტუდენტია და თბილისში სწავლობს, თუმცა პანდემიის პერიოდში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში გადასახლდა ოჯახთან ერთად და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი.

გოგონა მეფუტკრეობით ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაინტერესდა და მათი მოვლა ძმამ შეასწავლა, თუმცა პანდემიამ და სოფელში გადასახლებამ მისი ჰობი, ფაქტობრივად ახალ პროფესიად აქცია:

"თავდაპირველად ორი სკა ფუტკარი გვაჩუქეს და ოჯახის წევრები უვლიდნენ. როცა დავინტერესდი, ჩემმა ძმამ გადაწყვიტა ესწავლებინა. ორი სკიდან, გასულ წელს უკვე 55 სკა ოჯახი გვყავდა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ არ ვხმარობთ ქიმიურ პრეპარატებს და გვინდა, ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იყოს, ფუტკრის ერთ-ერთმა დაავადებამ გაგვინადგურა დიდი ოჯახი. დიდი ზარალი მოგვადგა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია და უფრო მეტი მოტივაციით ვაპირებ საქმის გაგრძელებას, ვაპირებ ახალი ოჯახების შეძენას და ჩემი ოჯახების გამრავლებას" - ამბობს 19 წლის მეფუტკრე "პირველი არხის" გადაცემა "ფერმასთან" საუბრისას..

toronjadzzferma-1625812667.jpg

ანას თქმით, რადგან გარემო პირობები არ უწყობს ხელს დიდი ოდენობით თაფლი აწარმოონ, მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ აწარმოოს ფუტკრის რძე:

"თავდაპირველად ძალიან ჭირდა მისი რეალიზაცია - ადამიანებს არ ქონდათ ინფორმაცია, რა პროდუქტი იყო და ძალიან ბევრი კითხვა იყო. გადავწყვიტე, შეგვექმნა გვერდები, სადაც ვწერთ ინფორმაციას, რაც აინტერესებთ და ვაგებინებთ თუ რა უნიკალური პროდუქტია ფუტკრის რძე.

ფუტკრის რძეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი იღებს, ჩვილებიდან მოხუცებამდე. დიდი ოდენობით ყიდულობენ სპორტსმენები, რადგან კუნთის მასას ზრდის, აძლიერებს იმუნიტეტს, ენერგიის სწრაფი აღმდგენია. ადამიანში ავსებს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას" - ამბობს ახალგაზრდა ფერმერი. ანას თქმით, პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით ახდენენ.

19 წლის სტუდენტი აპირებს აგრონომია პროფესიად აირჩიოს, რაც მეფუტკრეობის ძირეულად შესწავლაში დაეხმარება. თუმცა, მეფუტკრეობასთან ერთად, სხვა ბევრი ინტერესიც აქვს - უყვარს კითხვა, გიტარასა და უკულელეზე დაკვრა და ფოტოების გადაღება.

"არ მინდა ერთ ადგილას ყოფნა, სულ მინდა განვვითარდე. სიახლეები უფრო ბედნიერს მხდის და ამიტომ სულ ვცდილობ ვეძებო სიახლეები. მგონია, რომ რამდენიმე წელიწადში ეს აღარ იქნება ჩემი ჰობი და ვიტყვი, რომ პროფესიონალი მეფუტკრე ვარ.

ბევრ რამეს მასწავლიან ფუტკრები - მგონია, რომ მათი ბევრი რამეა შეუსწავლელი, აკვირდები და ძალიან ბევრ რამეს ვერ ხვდები იმდენად კარგად აკეთებენ. არასდროს ნებდებიან და ცდილობენ მაქსიმალური გააკეთონ, ამიტომ მეც ვცდილობ ჩემი შრომით მივაღწიო რაც მაქვს დაგეგმილი. ჩემი ოცნებაა, რამდენიმე წელში ასი სკა ფუტკარი მყავდეს.

მგონია, რომ ჩემი მომავალი უკავშირდება სოფელს, ბუნებას და სუფთა ჰაერს... სოფელში ცხოვრებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. დავიწყებ იმით, რომ სუფთა ჰაერზე ხარ და საფრთხე არ გაქვს რომ გამონაბოლქვი ისუნთქო, გარდა ამისა მუდამ ეზოში ხარ და არა სახლში გამოკეტილი. მოგვყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი - კარტოფილი მწვანილი, ხახვი და აღარ გვიწევს პროდუქტების მაღაზიაში შეძენა.

მეც და ჩემმა ძმამ, როცა ჩამოვედით, თითქოს ჩვენი თავი ვიპოვეთ - მე მეფუტკრეობით ვარ გატაცებული და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა, ჩემი ძმა ხეზე მუშაობს და თბილისში იმდენად აღარ უნდა ყოფნა, რადგან აქ აქვს ის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა იპოვოს ის, რაც ძალიან სიამოვნებს და არ დაჭირდება მაგალითად, თბილისში ერთ ოთახში გამოკეტვა" - ამბობს 19 წლის მეფუტკრე ანა ტორონჯაძე.