ე.წ ინდური შტამის შემთხვევები იზრდება - აგვისტოში ის მთლიანად ჩაანაცვლებს "ბრიტანულ შტამს" | Allnews.Ge

ე.წ ინდური შტამის შემთხვევები იზრდება - აგვისტოში ის მთლიანად ჩაანაცვლებს "ბრიტანულ შტამს"

საქართველოში ამჟამად ე.წ ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული, აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ის ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, კიდევ გრძელდება მსგავს შემთხვევებზე კვლევა.

"დელტას" შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა. ახლა სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ „დელტას“ შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს „ალფას“ შტამს.

პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა რომ, ჯერჯერობით, ე.წ. ინდური შტამი ბავშვებში არ გამოვლენილა, თუმცა, არ გამორიცხა, რომ ასეთი შემთხვევებიც იყოს.

ეპიდსიტუაციას "ნამდვილად საყურადღებოს" უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. მისი თქმით, თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია.

„ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რა რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით, ყველამ უნდა გავაცნობიერეთ, უნდა დავიცვათ წესები. სხვა გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია“, - განაცხადა გაბუნიამ.

მანვე აღნიშნა რომ, საზოგადოებამ "ფაიზერის" მოლოდინის რეჟიმში ძვირფასი დრო არ უნდა დაკარგოს და უნდა აიცრას, რადგან ვაქცინები: „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“მაღალი ეფექტურობისაა.

"მომართვიანობა დღეს „სინოფარმზე“ არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორც იყო „სინოფარმის“ პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს“. მათი მოლოდინები რეალისტურია და ეს მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ უკვე „ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში - „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა“, - განაცხადა გაბუნიამ.