რა შემთხვევაში შეიძლება ოქრომ ფერი შეიცვალოს და როგორ უნდა ვიყიდოთ ძვირფასი ლითონი, რომ არ მოვტყუვდეთ? | Allnews.Ge

რა შემთხვევაში შეიძლება ოქრომ ფერი შეიცვალოს და როგორ უნდა ვიყიდოთ ძვირფასი ლითონი, რომ არ მოვტყუვდეთ?

სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ვაწყდებით უკმაყოფილო მომხმარებლების პოსტებს, რომლებიც ჩივიან, რომ ძვირფასი ლითონის შეძენისას მოატყუეს - ან წონა დააკლეს, ან კიდევ სამკაულმა ფერი იცვალა, ლითონმა კოროზია განიცადა და ა.შ. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ოქროს ნაცვლად, მომხმარებელს ბიჟუტერია "შეასაღეს".

რა შემთხვევაში იცვლის ოქრო ფერს, რომელ სინჯებს რა თავისებურებები ახასიათებს და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ არ მოვტყუვდეთ ძვირადღირებული სამკაულის შეძენისას? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ALLNEWS.GE ოქრომჭედელ ლაშა გულედანს ესაუბრა.

oqrolasha-1625644131.jpg

- ლაშა, ალბათ თქვენც გსმენიათ მომხმარებლის მოტყუებასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ. ოქროს შეძენისას, რა შემთხვევაში შეიძლება მოვტყუვდეთ?

- დიახ, მსმენია, თუმცა ადრე უფრო მასშტაბური იყო ეს პრობლემა, რადგან კონტროლის ნაკლები მექანიზმი არსებობდა. თუ ნაკეთობა არის ე.წ. დუტი. დუტის სამაჯური, ბეჭედი და ა.შ. იმის ალბათობა , რომ მოგვატყუონ, 50/50-ზეა. ამ ტიპის სამკაულის დამზადებას ისეთი პრინციპის აქვს, რომ გარკვეული მანიპულაციების რისკი მაღალია. ახლა აგიხსნით რატომაც: თავიდან სამკაულის შიგნითა ნაწილი მთლიანად სპილენძით ივსება, მხოლოდ გარეთა ფენაა ოქრო. ასე იმიტომ ხდება, რომ სამკაულს ფორმა მიეცეს.

როდესაც დამზადების პროცესი სრულდება, ნაკეთობა აზოტმჟავაში იხარშება. ამ პროცედურით მჟავა სპილენძს მთლიანად შეჭამს და მის ადგილას დარჩება ცარიელი სივრცე, რომელიც გარედან ოქროთია დაფარული. თუ ოქროს დამმზადებელი კეთილსინდისიერი არ არის, მეტი წონის მიცემისთვის, შეუძლია სპილენძის გარკვეული რაოდენობა დატოვოს სამკაულში და სპილენძი ოქროს ფასად გაყიდოს.

- გამოდის, რომ ე.წ დუტის ყიდვისგან თავი უნდა შევიკავოთ?

- კი, ასეა. როცა მეუბნებიან, რომ "დუტი" უნდათ, ყოველთვის ვცდილობ გადავარწმუნო. თან ვუხსნი, რომ ამ ტიპის ნაკეთობის ხარისხის შემოწმება, ჩვენთან პრაქტიკულად ვერ ხერხდება. ძირითადად ასეთ სამკაულებს იმიტომ ყიდულობენ, რომ ვიზუალურად დიდი ჩანს და ფასი შედარებით მცირეა.

დღეს საკმაოდ ძვირი ღირს ოქრო და ვისაც ხელი არ მიუწვდება, ამ გზას ირჩევენ. ასე რომ, თუ მაინცდამაინც მასზე გააკეთებთ არჩევანს, ეცადეთ, საქმე დაიჭიროთ საიმედო პირთან, რომელიც გარკვეულ დოკუმენტსაც მოგცემთ.

oqrouloba-1625644207.jpg

- ოქროს ბირჟაზე ოქროს ხარისხისა და სინჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს ხომ გასცემენ?

- ყველგან - არა. ბირჟის მაღაზიებში ვიცი, რომ გასცემენ, რადგან ისინი შპს-ები არიან. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათი გაცემული სერტიფიკატი აბსოლუტურად სანდოა. თუმცა, თუ მაინც ისე მოხდა, რომ მოვტყუვდით, შეგვიძლია პასუხიც იოლად მოვთხოვოთ, რადგან მეტი გარანტიები გვაქვს ამ შემთხვევაში.

- მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ ოქროს ნაკეთობამ წლების განმავლობაში ფერი შეიცვალა. რატომ ხდება ეს და რა შემთხვევაში შეიძლება ოქრო დაზიანდეს?

- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ოქროს ნივთს კოროზია ეწყება და მის მფლობელს ჰგონია, რომ მოატყუეს. თუმცა, ამას სულ სხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. არსებობს გარკვეული კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც რეაქციაში შედიან ოქროსთან და მას ფერს უცვლიან. ბაჯაღლო ფაქტობრივად უმაღლესი ხარისხის ოქროა, თუმცა, ბაჯაღლომაც კი შეიძლება ისე იცვალოს ფერი, რომ ეჭვი შეგვეპაროს ნამდვილად ოქრო მოგვყიდეს თუ არა.

ამასთან, რაც არ უნდა მოვარიდოთ ნივთები სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს, შეიძლება მაინც მოხდეს მისი ფერის ცვლილება. აი, მაგალითისთვის გეტყვით: თუ თქვენ ოთახში გაგიტყდათ თერმომეტრი და ვერცხლიწყალი იატაკზე დაიღვარა, მისგან 1 მეტრის მოშორებით, უჯრაშიც რომ იდოს ბაჯაღლოს ნაკეთობა, ის მთლიანად ვერცხლისფერი ხდება. ვერცხლისწყალს ახასიათებს აორთქლება და ჰაერიდან შედის რეაქციაში. რამდენჯერმე მოუტანიათ ჩემთან გათეთრებული ბაჯაღლო და შემოუჩივლიათ - მოგვატყუეს, შეფერილი ვერცხლი მოგვყიდესო. ამ დროს ერთი მარტივი პროცედურა, გაპრიალებაც კი საკმარისია, რომ ნივთმა თავდაპირველი სახე დაიბრუნოს.

- რაც შეეხება ოქროს სინჯებს, რა უპირატესობები აქვს თითოეულს და რომელ სინჯშია ოქროს დაზიანების დიდი ალბათობა?

- სინჯი განსაზღვრავს ოქროს პროცენტულ შემადგენლობას ნაკეთობაში. იმას თუ, რამდენია სუფთა ოქროს პროცენტული წილი ამა თუ იმ ნივთში. მაგალითად, 585 სინჯი ნიშნავს, რომ სამკაულში 58.5% სუფთა ოქროა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა მინარევებია. მინარევების შერევა იმის მიხედვით ხდება, თუ რა ფერის გვინდა იყოს სამკაული. მაგალითად, ე.წ. რუსული ოქროს შემადგენლობაში სპილენძი არის შერეული და იმიტომ არის მკვეთრი, მოწითალო ფერის. იტალიურ ოქროში კი უფრო მეტად ვერცხლი სჭარბობს.

ყველაზე დაბალი სინჯი 333-ია. როცა მაღალი სინჯის სამკაულის შესაძენად თანხა არ ჰყოფნით, არჩევანს სწორედ ამაზე აკეთებენ. თუმცა ამ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა, სამკაულმა ფერი შეიცვალოს, კოროზია დაეწყოს, სპილენძს დაემსგავსოს და ა.შ.

- როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ძვირფასი ლითონის შეძენისას გვატყუებენ?

- ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი მაჩვენებლია ფასი. ფაქტობრივად, საუკეთესო ინდიკატორია. თუ თავის წონასთან მიმართებაში საეჭვოდ დაბალ ფასად გვთავაზობენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ რაღაც რიგზე არ არის.

ვინც ოქროს შეძენას აპირებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ ლოგიკურზე დაბალ ფასად ძვირფას ლითონს ნუ შეიძენენ. ოქროს საერთაშორისო ფასი აქვს და იმაზე ნაკლებად რატომ უნდა გაყიდონ თუ სტანდარტს შეესაბამება?! ასევე, აუცილებელია, რომ ნაყიდი ნივთი გადაამოწმოთ. სასურველია არა იქ, სადაც შევიძინეთ, არამედ სხვა ადგილას, სადაც ობიექტური შემოწმების უფრო მეტი გარანტია იქნება. თუ ადამიანი ყიდულობს 500-1000 ლარიან ნივთს, ხუთი ლარი არ უნდა დაენანოს მის შემოწმებაში.

myquiz