10 წლის ალექსი, რომელიც ყველგან და ყოველთვის კითხულობს - "ასე მგონია, წიგნში ვარ და ყველაფერს იქიდან ვუყურებ..." | Allnews.Ge

10 წლის ალექსი, რომელიც ყველგან და ყოველთვის კითხულობს - "ასე მგონია, წიგნში ვარ და ყველაფერს იქიდან ვუყურებ..."

იცით, ალექსი როგორი ბიჭია? დოჩანაშვილს რომ გაეცნო, ახლიდან დაწერდა თავის უკვდავ მოთხრობას "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". შეიძლება, კაცის ნაცვლად ბიჭი დაეწერა, რადგან ალექსი 10 წლისაა, კითხვა კი ყველაზე მეტად უყვარს.

იცით, როგორ უყვარს ალექსის კითხვა? ისე ძალიან უყვარს, რომ ყველგან და ყოველთვის კითხულობს: სახლშიც, სკოლაშიც, ტრანსპორტშიც, ქუჩაშიც, მაღაზიაშიც, ლიფტშიც... ჭამის დროს, ონლაინგაკვეთილის დროს, მეტროში სიარულის დროსაც კი. ამის გამო დედა ტუქსავს ხოლმე და იმ წუთში ალექსიც დროებით გვერდით გადადებს წიგნს.

aleqsi2-1624705569.jpg

ალექსის დედა ანა მარშანიაა - "პალიტრა მედიის" ჟურნალისტი, ტელე- და რადიოწამყვანია. უამრავი ნაცნობი ჰყავს, რომლებიც ხშირად უგზავნიან ფოტოებს, თუ როგორ კითხულობს მისი უმცროსი შვილი წიგნს სხვადასხვა ადგილას.

სანამ ახალ წიგნს შეარჩევ, თავს როგორ გრძნობ-მეთქი, ვკითხე ჩემს რესპონდენტს. სასოწარკვეთილადო - მიპასუხა... დროა ალექსი ცეკვაშვილი გაგაცნოთ - წიგნებზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა.

- 161-ე სკოლაში ვსწავლობ. ჩემი საყვარელი საგანი ისტორიაა. დავდივარ ინგლისური ენის წრეზე და კომაროვის საშაბათო სკოლაში. თანატოლების მსგავსად, მეც მიყვარს კომპიუტერთან ჯდომა, "იუთუბზე" ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე. - წიგნების კითხვა დამოუკიდებლად დაიწყე, თუ მშობლების რჩევით?- დამოუკიდებლად, ოღონდ, რა თქმა უნდა, მშობლების დამსახურებაა, რადგან ბავშვობაში სულ მიკითხავდნენ წიგნებს, ზღაპრებსაც, ლექსებსაც. კითხვა რომ ვისწავლე, მერე დამოუკიდებლად დავიწყე პატარ-პატარა მოთხრობების კითხვა.

aleqsi4-1624705609.jpg

- როგორც ვიცი, ბევრი წიგნი გაქვს, რომლისთვისაც ხის ფორმის თარო ოჯახმა თქვენი ხელით ააწყვეთ. ვისი იდეა იყო?

- მამის იდეა იყო. კედლისთვის პირველი ფიცარი რომ უნდა დაგვეწებებინა, მთელმა ოჯახმა დავჭექეთ: ესაა ჩვენი პირველი ნაბიჯი! რამდენიმე დღეში ჩვენი თარო მზად იყო. ძველი თაროდან ახალზე წიგნების გადმოტანას ორი დღე დასჭირდა, მაგრამ შრომად ღირდა, ძალიან ლამაზი გამოვიდა. - მხატვრული ლიტერატურა უფრო გიყვარს, თუ სამეცნიერო?- სამეცნიერო. ენციკლოპედიებს ვანიჭებ უპირატესობას. განსაკუთრებით მიყვარს "ფოტოპედიაა", რადგან იქ ყველაფერია: გეოგრაფია, კულტურა, ბუნება, ისტორია, კოსმოსი, სპორტი... ძალიან მაგარია!რასაც ვკითხულობ, იმას ჩემს ოჯახის წევრებსაც ვუზიარებ ხოლმე. მაგალითად, ერთხელ კახეთში მივდიოდით და მთელი გზა ვლაპარაკობდი.

- წაკითხულ წიგნებს თუ ითვლი? იცი, რამდენი გაქვს წაკითხული?

- წლების წინ დავითვალე და ასზე მეტი იყო. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა.

aleqsi3-1624705658.jpg

- წიგნებს მშობლები გირჩევენ, თუ თავად არჩევ?

- ჩემი ინტერესების მიხედვით მშობლებიც მირჩევენ ხოლმე, მაგრამ ძირითადად მე ვაკეთებ არჩევანს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აქვე "ბიბლუსში" გადავედი, ვიცოდი, რომ სერიის "საოცრება - აირჩიე სიკეთე" ახალი წიგნი იყო გამოსული, დედა კორონავირუსის გამო კოვიდსასტუმროში იყო, მაგრამ მომცა ნება, ყულაბიდან ფული ამოვიღე და ვიყიდე, ძალიან საინტერესო იყო.წიგნს როცა ვარჩევ, პირველ რიგში, ყდას ვუყურებ. ჩემი აზრით, ყდა წიგნზე ბევრ რამეს ამბობს. რაც უფრო ფერადია ყდა, მით უფრო კარგია. არ მომწონს, როცა ყდაზე ნამდვილი ფოტოა გამოსახული, გრაფიკული გამოსახულება მირჩევნია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ყველა არ ვარ, შეიძლება სხვებს ასეთი ყდა მოსწონდეთ, თანაც შეიძლება ფოტოიანი ყდის შიგნითაც საინტერესო რამე იყოს. ყდის აღქმის შემდეგ აღწერას ვკითხულობ და, თუ დამაინტერესებს, უკვე ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებ.

- წიგნის სუნზე რას იტყვი?

- უუჰ, რა კარგია! (ხელებს შლის და თვალებს ნაბავს - ავტ.) წიგნს ყოველთვის რჩება თავისი სუნი. ყველაზე მეტად მუყაოს სუნი მიყვარს. მაგალითად, საყმაწვილო უნივერსალურ ენციკლოპედიას საოცარი სუნი აქვს, ყველა წიგნიდან გამოვარჩევ. - მხატვრული ლიტერატურიდან რა ჟანრი გიზიდავს ყველაზე მეტად?- სათავგადასავლო უფრო მეტად. მაგალითად, "ჰარი პოტერი" მილიარდჯერ მაქვს წაკითხული. შარშან ვიყიდეთ წიგნის ფესტივალზე და უბედნიერესი ვიყავი, როცა მოიტანეს. მას შემდეგ, რაც ფილმი ვნახე, სულ ვეხვეწებოდი დედას, რომ ჩემთვის ჰარი პოტერის წიგნები ეყიდა, მაგრამ მეუბნებოდა: ჯერ პატარა ხარო. 10 წლის რომ გავხდი, როგორც იქნა, დავითანხმე და ვიყიდეთ.

aleqsi5-1624705708.jpg

- რას ნიშნავს შენთვის კითხვა, როგორია ეს პროცესი?

- ასე მგონია, წიგნში ვარ და ყველაფერს იქიდან ვუყურებ. წარმოვიდგენ, რომ მთავარი პერსონაჟის გვერდით ვარ, მათთან ერთად ვთამაშობ. თითქოს, ისინი ჩემი მეგობრები ხდებიან.

- წიგნის პერსონაჟებიდან შენი საუკეთესო მეგობარი ვინ არის ან ვისთან მეგობრობას ისურვებდი?

- "ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე" პერსონაჟი ერთი ბიჭია, რომელიც სირიიდან ომს გამოექცა და დიდ ბრიტანეთში დაიწყო ცხოვრება. თანაკლასელები მის დახმარებას ცდილობენ. სიამოვნებით ვიმეგობრებდი მათთან და ჯერჯერობით ჩემი საყვარელი წიგნიც ეს არის. გუშინ დავასრულე კითხვა. - წიგნის დასრულების შემდეგ ჩანაწერებს ხომ არ აკეთებ ხოლმე?- ჩანაწერებს არა, მაგრამ ვიხსენებ, რა მოხდა დასაწყისში, შემდეგ როგორ გაგრძელდა და როგორ დასრულდა. ყველაფერს ვაჯამებ და პატარა ტექსტს ვქმნი, ოღონდ გონებაში.

- თავად თუ გიფიქრია მწერლობაზე ან საერთოდ, მომავალ პროფესიაზე?

- ვფიქრობ ხოლმე მწერლობაზე, კარგი იქნებოდა... მაგრამ უფრო სერიოზულად ისტორიის მასწავლებლობაზე ვფიქრობ. მიყვარს ისტორიული წიგნები, განსაკუთრებით წიგნები საქართველოზე, სადაც ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ წერია. ერთ-ერთ წიგნის ფესტივალზე დედამ ზუსტად ისეთი წიგნი მიპოვა, რომელიც ძალიან მინდოდა. საქართველოს ყველა კუთხის შესახებ წერია ინფორმაცია.ოჯახი ხშირად ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვეულებრივ, წინასწარ ვეცნობი ინფორმაციას. მაგალითად, სვანეთში წასვლამდე მოვიძიე ყველაფერი: მდებარეობა, ფართობი, მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები... არ ვიცი, რატომ, მაგრამ სვანეთი ყველაზე მეტად მიყვარს.

განაგრძეთ კითხვა