სად გაქრა "ასტრაზენეკას“ 5 000-მდე დოზა ვაქცინა? | Allnews.Ge

სად გაქრა "ასტრაზენეკას“ 5 000-მდე დოზა ვაქცინა?

“სად არის ვაქცინა და ვინ არის პასუხისმგებელი კლინიკებში დაბარებულ და უკან გაბრუნებულ მოქალაქეებზე? დღეს საქართველოს მოსახლეობის 5%-იც კი არ არის აცრილი, მაშინ როცა ეროვნული გეგმის მიხედვით წლის ბოლოს მოსახლეობის 60%-ი აცრილი უნდა იყოს. დღეში 19 ათასამდე ადამიანი უნდა იცრებოდეს, როდესაც მხოლოდ 500-მდე მოქალაქეს ცრიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სად არის ვაქცინა? - სად გაქრა "ასტრაზენეკას“ 5 000-მდე დოზა და ვის უნდა დაეკისროს პასუხი ამ ჩავარდნაზე".

“ასტრაზენეკას“ შეფერხებით მიწოდების გამო, თქვენი ჯავშანი გაუქმებულია“, - ამ შინაარსის მესიჯი ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც ამ ვაქცინის მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო. როდის შეივსება მარაგი და რა გახდა შეფერხების მიზეზი? ხელისუფლება გვპირდება, რომ 1-ლი ივლისიდან, მოხსნილი რეგულაციების ფონზე, 1 მილიონამდე ვაქცინას ელის. თუმცა, ჩნდება კითხვა - თუკი 40 ათასი ვაქცინის გაკონტროლება და სწორად განაწილება ვერ მოახერხეს, როგორ უნდა უზრუნველყონ 1 მილიონი ვაქცინის ოპტიმალურად გადანაწილება და შენახვა?

ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ისედაც არსებული ანტივაქსერული განწყობების ფონზე, "ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ჩავარდნას შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე შედეგები ჰქონდეს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე? ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია და რეაგირება აუცილებლად იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა. როგორც მინისტრის მოადგილემ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს. გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება, რადგან დაუშვებელია ვაქცინაციის ისეთი მასშტაბების პირობებში, როგორიც ეს ივლისის თვიდან ქვეყანაში იქნება, მსგავსი სახის ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნას.

"ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს. „ამდენად, ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სერიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე. პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - მოჰყავს თამარ გაბუნიას ციტატა "რეზონანსს".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

“ხაზს ვუსვამ - ვინც ჩაწერილია და მეორე აცრას 10-დან 12 კვირის ფარგლებში ელოდებოდნენ, დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილი, ყველა აიცრება. „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 1 600 დოზა გვაქვს ჩვენს ქსელში. ხოლო ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი ვაქცინაციიდან ოთხიდან ათ კვირამდე შუალედში, მათ ვთხოვთ ოდნავ მოთმინებას. ბოდიშს ვუხდით კიდევ ერთხელ. მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ იმ ფონზე, რაც ახლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ხდება, ვიღაცამ ამხელა ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისი აზრით, პრემიერმა როგორც ამირან გამყრელიძეს, ასევე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სასტიკი საყვედური უნდა გამოუცხადოს და ვიღაცის პასუხისმგებლობის სკითხი უნდა დააყენოს.

"რაში გამოიხატება ამათი პასუხისმგებლობა, რომ იძახიან ჩვენს თავზე ვიღებთ, დავაშავეთო? პრემიას არ აიღებენ, თანამდებობას ტოვებენ, თუ რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებათ? რომ თქვი და არ გააკეთე, ამით შენც უნდა დაზარალდე და საზოგადოებამ დაინახოს რა პასუხისმგებლობას იღებ. პრემიებსაც აიღებენ და ისევ ამ მავნებლობას გააგრძელებენ. 40 000 ვაქცინა ვერ მართეს, რა მილიონ ვაქცინაზეა საუბარი. ხალხი მიიყვანეს და 500 ვაქცინა ვერ დაახვედრეს. საავადმყოფოები რა შუაში არიან. ვაქცინა არ მიაწოდეს და მათ რა ქნან? ჯანდაცვის სამინისტრო და მისი შვილობილი ორგანიზაციები არიან პასუხისმგებლები. იმის ორგანიზებაც ვერ გააკეთეს, რომ რაიონებიდან მაინც წამოეღოთ, ღამე შეეგროვებინათ და დილით ხალხისთვის დაეხვედრებინათ.

ეს არის ყველას ბრალი - გამყრელიძისაც და ტიკარაძისიც. პრემიერმა ახლა ორივე უნდა დაიბაროს, სასტიკი საყვედური გამოუცხადოს და ერთ-ერთის პაუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. თუმცა, ამის თავი რომ არ აქვს, კარგად ვხედავთ“, - ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“ საუბრისას... წაიკითხეთ ვრცლად

myquiz