"ჩვენი ტყუპი შვილები დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ... მათ სახელზე გავაშენეთ ბაღი" - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეურნეობა სოფელ ვაქირში | Allnews.Ge

"ჩვენი ტყუპი შვილები დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ... მათ სახელზე გავაშენეთ ბაღი" - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეურნეობა სოფელ ვაქირში

თამარა ნინიძე და ალექსანდრე დემეტრაშვილი ახალგაზრდა წყვილია, რომლებიც ქიზიყში, სოფელ ვაქირში აგროტურისტულ მეურნეობას უძღვებიან.

როგორც თამარა ამბობს, მისი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა არ დაუკარგავს კავშირი სამშობლოსთან და ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში არდადეგებზე. ზრდასრულ ასაკში კი საბოლოოდ გადაწყვიტა დაბრუნება და აქ ცხოვრება:

vaqiriojaxi-1624096556.jpg

"პირველად, როცა ლექსომ ჩამომიყვანა ვაქირში და გამაცნო თავისიანები, ჩემმა მომავალმა დედამთილმა ეკამ გაშალა სუფრა და რაც იყო სუფრაზე, მარილის და პილპილის გარდა, ყველაფერი მისი მოყვანილი იყო. ღვინო იყო ჩემი მომავალი მამამთილის - ზაქროს დაყენებული. იმდენად მომეწონა გემო, გარემო, კავკასიონის და ალაზნის ხედი - იმდენად მოვიხიბლე ამ ყველაფრით, რომ მაშინვე რაღაც გაჩნდა, ვიფიქრე, რამდენად იქნებოდა ეს ადგილი საინტერესო ტურისტებისთვის.

...როცა მომეცა საშუალება, ფინანსური და ყველანაირი გადავწყვიტე, რომ მინდა ვიცხოვრო საქართველოში, მინდა დავოჯახდე საქართველოში, მინდა საქართველოს გავუზარდო ქართველი შვილები და ამ სოფელში საქმიანობით, სიყვარული ავუხსნა საქართველოს" - ყვება თამარა.

ახალგაზრდა ქალის ძალისხმევამ, მეუღლის სოფელი ტურისტულ რუკაზე გამოეჩინა და მსოფლიოსთვის გაეცნო, რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ახდა - კახეთის ერთ პატარა სოფელში ერთმა ოჯახმა ოთხი წლის განმავლობაში 42 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა. ვაქირში ორმა უცხოელმა წყვილმა ქორწილიც კი გადაიხადა.

vaqiristumari-1624096556.jpg

vaqirimwvadi-1624096556.jpg

ალექსანდრე ამბობს, რომ მის ოჯახს მუდმივად ჰქონდა ვენახი და ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებიც ყოველთვის მოჰყავდათ. დემეტრაშვილებს რამდენიმე სახეობის ყურძენი აქვთ და ღვინოს წურავენ: რქაწითელს, საფერავს, ასევე ადგილობრივ ჯიშს - ვაქირულას, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ მიკროზონაში მოდის. რადგან მათი ოჯახური ღვინო ტურისტებში დიდ მოწონებას იმსახურებს, გადაწყვეტილი აქვთ მისი ჩამოსხმა და რეალიზება.

"რასაც ვნახავ ინტერნეტში, ვაჩვენებ ლექსოს და ვეუბნები: მოდი ეს გავაკეთოთ. ასე ნელ-ნელა გადავაკეთეთ ამ სახლში რაღაცეები, რესტავრაცია მოვახდინეთ, გავალამაზეთ - ავაშენეთ ოჯახური ცხოვრებაც და სტუმრიანობაც.

ჩვენი სტუმრები რთველში დაგვყავს, კულინარიულ მასტერკლასებს ვატარებთ - ამზადებენ ხინკალს, ხაჭაპურს, ჩურჩხელას" - ყვება თამარა ნინიძე.

vaqirixachapuri-1624096556.jpg

vaqiristumarii-1624096556.jpg

vaqirivenaxi-1624096556.jpg

ვენახის გარდა, დემეტრაშვილების ოჯახს ხეხილის ბაღებიც აქვს:

"ორგანული ხეხილის ბაღის გაკეთების იდეა ლექსოს ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი პირველი შვილები - ტყუპი ნიკოლოზ და ეკატერინე დემეტრაშვილები დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალნენ, მათ სახელზე მე და ლექსომ გავაშენეთ ეს ბაღი.

ძირითადად არის ხარისგულა ბალი, ბალი ყუნწია და ორი ნაყოფი აქვს, რაღაცნაირად, განსახიერებაა ტყუპების... აგრეთვე გვაქვს ალუჩა, მსხალი, ვაშლი, ალუბალი, ნუში, მათ სახელზე გრძელდება სიცოცხლე...

vaqiribali-1624096555.jpg

ახლა რომ ვხედავთ, ჩვენი კიდევ ორი შვილი დარბის ამ ბაღში, ძალიან ემოციურია და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ნიკოს და კატოს სახელობის ბაღი" - ყვება ახალგაზრდა დედა.

"ბაღი მეხუთე წელია გვაქვს. დარგვის დღიდან ვცდილობთ გამოვიყენოთ ბიოლოგიურად სუფთა საშუალებები, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს შვილებს, ვცდილობ ძირითადად მე მოვუარო და ამმაჩემი მეხმარება. თავიდან მეზობლები სკეპტიკურად უყურებდნენ, ცნობილია რომ კახეთში ვენახია და ბალი ნაკლებად, მეუბნებოდნნენ, რატომ ხარჯავ ენერგიას და ფინანსებს... მაგრამ ახლა უკვე მეხუთე წელია, უკვე მოსავლის აღება დავიწყეთ და უკვე მოდიან კონსულტაციებზე" - ამბობს ალექსანდრე.

"ახალი ზელანდია, ავსტრალილა, კანადა ამერიკა, თითქმის მთელი ევროპა, ინდოეთი თუ ემირატები - ყველა ქვეყნიდან გვყავდა ათასობით სტუმარი, ამ სოფელში, სადაც არც ერთი ტურისტი არ იყო და ასეთი ამბები ტრიალებს ამ სახლში, ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის. ბედნიერების ცრემლების მომსწრე ვართ, არ უნდათ აქედან წასვლა, გიდებს აუქმებინებენ დანარჩენ პროგრამას და რჩებიან. ამაში ჩართული არიან ჩვენი მეზობლებიც...

ალბათ, ამით ვაძლევთ ახალგაზრდებსაც ბიძგს, რომ მხოლოდ ინტერნეტში ჯდომა და ბარში კოქტეილის წრუპვა არ არის ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი ცხოვრება არის აი ეს, გარშემო, ეს ჰაერი" - ყვება თამარა ნინიძე.

myquiz