როგორი პურით უნდა იკვებოთ სხვადასხვა დაავადების დროს და რატომ არ უნდა ჭამოთ ქათქათა თეთრი პური - ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია | Allnews.Ge

როგორი პურით უნდა იკვებოთ სხვადასხვა დაავადების დროს და რატომ არ უნდა ჭამოთ ქათქათა თეთრი პური - ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია

პური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია ყოველდღიურ მენიუში. თუმცა, მისი სწორად შერჩევა და ზომიერად მოხმარება აუცილებელია. პურის საშუალებით ადამიანის ორგანიზმი იღებს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალურ ნივთიერებებს (კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა) და ვიტამინებს.

ნახშირწყლებიდან პური ძირითადად შეიცავს სახამებელს და მცირე ოდენობით უჯრედანას, რომელიც ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების და ტოქსინების გამოდევნას, ახდენს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას.

purii1-1623396731.jpg

რაც უფრო მაღალია ფქვილის ხარისხი, მით მეტია მასში სახამებელი და ნაკლებია უჯრედანას და ვიტამინების რაოდენობა. ამიტომ, მაღალი ხარისხის ფქვილით გამომცხვარი პური, დაბალი ბიოლოგიური ღირებულებით ხასიათდება. ამითომ, არ იკვებოთ ქათქათა თეთრი პურით!

პურის მოხმარების რეკომენდებული დღიური ნორმა სხვადასხვა ქვეყანაში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. სხვადასხვა დაავადების დროს მიირთვით სხვადასხვა დანამატებით დამზადებული პური, მაგ:

  • პური ქატოს დანამატით - შეკრულობის, ჭარბი წონის დროს
  • პური ცილის დანამატით - დიაბეტის დროს
  • პური კვლიავის დანამატით - შებერილობის დროს
  • პური იოდის დანამატით - ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
  • უმარილო პური - ჰიპერტონიისა და თირკმლის დაავადებების დროს

puricxoba-1623396731.jpg

ფრთხილად!

  • თუ პურის რბილობი ქათქათა თეთრია, პური კი უგემური - ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პური მდარე ხარისხის ფქვილითაა გამომცხვარი და ქიმიურად გათეთრებული
  • თუ ახალგამომცხვარი პურის რბილობი იფშვნება - ეს ნიშნავს, რომ პური დაბალი ხარისხისაა და მეწარმემ ცომში სხვადასხვა სახის დანამატები დაამატა
  • თუ პურის რბილობში თანაბარი, მცირე ფორების ნაცვლად დიდი სიცარიელეებია - ეს ნიშნავს, რომ ცომში გადამატებული რაოდენობითაა საფუარი, ან ქიმიური გამაფუებლები.
  • თუ რუხ და შავ პურს ჩაფშვნით წყალში, შეანჯღრევთ და წყალს მოყავისფრო შეფერილობა მიეცემა, ეს ნიშნავს, რომ პური შეღებილია და მასში ჭვავის ფქვილის ნაცვლად საღებავია დამატებული
  • თუ პურში მაგარი კოშტები შეგხვდათ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეკონომიის მიზნით, მეწარმემ ცომში ძველი პურის დამბალი რბილობი შეაზილა და ისე გამოაცხო.

purircheva-1623396731.jpg

როგორ უნდა შეინახოთ პური?

  • შეუფუთავი პური ზედაპირზე არსებული ბაქტერიების განადგურების მიზნით, მოხმარებდა ცეცხლის ალზე გადაატარეთ
  • არ შეინახოთ პური პოლიეთილენის პარკში, რადგან სწრაფად დაობდება
  • პური შეინახეთ ხის, მომინანქრებულ, ან სპეციალურ საპურე კონტეინერში. 10 დღეში ერთხელ პურის შესანახი გარეცხეთ თბილი ძმრიანი წყლით და კარგად გამოაშრეთ
  • ობის და სუნის თავიდან აცილების მიზნით, პურთან ერთად კონტეინერში მოათავსეთ მდოგვის ფხვნილი, მარილი, ან ნახშირი
  • ჭვავის პურის ტენიანობა უფრო მაღალია და სწრაფად ობდება, ამიტომ არ შეინახოთ ხორბლის პურთან ერთად
  • თუ პურს მაცივარში ინახავთ, უმჯობესია საყინულეში მოათავსოთ

მომზადებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით