რა უნდა იცოდეთ, სანამ მაღაზიაში ხილის წვენსა და ლიმონათს იყიდით? | Allnews.Ge

რა უნდა იცოდეთ, სანამ მაღაზიაში ხილის წვენსა და ლიმონათს იყიდით?

ზაფხულში გაგრილების საუკეთესო საშუალება არაალკოჰოლური და გაზიანი სასმელებია და რადგან წლის ცხელ პერიოდში მათი მოხმარება განსაკუთრებულად იზრდება, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ სწორად ეს პროდუქტები სუპერმარკეტის დახლებზე.

სიტყვას "წვენი" უალკოჰოლო სასმელების დიდი ნაწილის მიმართ ვიყენებთ, თუმცა სინამდვილეში, ბევრ ასეთ პროდუქტს, რომელსაც სავაჭრო ქსელში ვხვდებით, "წვენი" არც კი აწერია.

2018 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი და განისაზღვრა ის მოთხოვნები, რომლებიც არაალკოჰოლურმა სასმელებმა უნდა დააკმაყოფილოს. ხილის წვენის სახელწოდება პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეწეროს, თუ იგი უშუალოდ მწიფე ხილის გამოწურვის შედეგადაა მიღებული. პროდუქტს, რომელიც სხვა ტექნოლოგიითა და ნედლეულით მიიღება, განსხვავებული სახელწოდებები უნდა ჰქონდეს, მაგალითად:

  • ხილის კონცენტრირებული წვენი, ანუ ხილის კონცენტრატი
  • კონცენტრატისგან დამზადებული ხილის წვენი
  • წყლით ექსტრაგირებული ხილის წვენი
  • ხილის ნექტარი
  • სასმელი წყლის წვენით/ხილის წვენიანი სასმელი
  • მორსი

განსხვავება წვენებსა და ზემოჩამოთვლილ სასმელებს შორის ხილის ოდენობაშია! ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები - სუფთა და 100% გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს.

wveni-1623226886.jpg

ხშირად აქვს ადგილი წვენების ფალსიფიკაციას, ან განზავებას სხვა, უფრო იაფფასიანი წვენით. ასეთ სასმელებს უმატებენ სხვადასხვა სახის საღებავს, არომატიზატორზს, დამატკბობელს. ფალსიფიკაციის გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს ხრიკები, რომლითაც ამოიცნობთ, შეიცავს თუ არა წვენი კონსერვანტებს:

  • გადმოასხით წვენი ჭიქაში და გააჩერეთ თბილ ოთახში - თუ მასში 2-3 დღის განმავლობაში დუღილი არ დაიწყო, ე.ი პროდუქტი შეიცავს კონსერვანტებს. მოერიდეთ ასეთი წვენის შეძენას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის!
  • წითელი ფერის წვენს დავუმატოთ სოდა და შევანჯღრიოთ - თუ პროდუქტის ფერი შეიცვალა და მოლურჯო გახდა, ეს ნიშნავს რომ წვენის ფერი ნატურალურია.

რჩევა

არ მოგატყუოთ წარწერამ წვენში დიდი რაოდენობით C ვიტამინის შემცველობის შესახებ. C ვიტამინი ანუ ასკორბინის მჟავა, კონსერვანტიცაა და ამიტომ მისი დიდი ოდენობა პროდუქტში ყოველთვის ნატურალურობის მაჩვენებელი არაა. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს კონსერვანტად დამატებული ასკორბინის მჟავის C ვიტამინად მითითებას ეტიკეტზე.

  • ლიმონათის შესახებ

კლასიკური ლიმონათი ტონუსის ამწევი ეფექტით ხასიათდება. ნატურალურ ხილის წვენს ემატება შაქრის სიროფი და ამ გზით მომზადებული ლიმონათი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. მის შემადგენლობაშია ასევე, ორგანული მჟავები, ვიტამინები, მინერალური ნაერთები და სხვ.

wvenidamatkbobeli-1623226914.jpg

თუმცა, ნატურალური ლიმონათები დღეს იშვიათობაა - ლიმონათის წარმოებისას ხშირად იყენებენ ხელოვნურ საღებავებს, შაქრის შემცვლელ დამატკბობლებსა და არომატიზატორებს, რომელთა უმეტესობა ჯანმრთელობას ვნებს.

მომზადებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით

myquiz