"ეს არის ბავშვების წამება!" - საქართველოში ე.წ "მაუგლის მეთოდით" მკურნალობა აიკრძალა | Allnews.Ge

"ეს არის ბავშვების წამება!" - საქართველოში ე.წ "მაუგლის მეთოდით" მკურნალობა აიკრძალა

ე.წ "მაუგლის მეთოდით" მკურნალობა სახალხო დამცველმა ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველად შეაფასა და მისი მიმართვის საფუძველზე, რეგულირების სააგენტომ შეისწავლა საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.

განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ "მკურნალობის" მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

ომბუდსმენი ეყრდობა ექსპერტის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, "თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა. თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში). გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს".

ე.წ. მაუგლის მეთოდით მკურნალობა საქართველოში გარკვეული პერიოდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ვარჯიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი. სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა როგორ ატრიალებენ ჰაერში ჩვილებს, ფეხებით, ხელებითა და თავით ჰკიდებენ თვეების ბავშვს.

რეაბილიტოლოგი ქეთევან მერებაშვილი, რომელმაც საქართველოში ცენტრი "მაუგლი" დააფუძნა, ირწმუნება, რომ ასეთი ვარჯიშების ჩატარების შემდეგ, ბავშვები მომავალში ყველანაირი დაავადებისგან იქნებიან დაცულები. თუმცა, სოციალურ ქსელში გვხვდება კომენტარები, სადაც ფეისბუქ-მომხმარებლები მერებაშვილს უმძიმეს ბრალდებას უყენებენ. ერთ-ერთი მშობელი წერს: "ეს ქალი არის სატანის მოციქული. თავისი ვარჯიშებითა და ჰომეოპათიით მომიწამლა ბავშვი. არ ენდოთ, არ გაბრიყვდეთ!".

ბრალდებების ადრესატი გეგმავს სასამრთლოს მიმართოს. მერებაშვილი "პირველ არხთან" საუბარში ამბობს, რომ საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს:

"ეს მეთოდი არის შუამავალი რგოლი მედიცინასა და მშობლებს შორის. ვასწავლით დედებს, როგორ იყვნენ ბედნიერები, როგორ მართონ ბავშვის ორგანიზმი. რა გააკეთონ იმისთვის, რომ არ იყოს დაგვიანებული ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება. 100 პროცენტით უსაფრთხოა. 30 წელია, ვმუშაობ პაციენტებთან, 30 წელია მაქვს უნიკალური შედეგები, არც ერთი ჩემი კოლეგა არ დაინტერესებულა ამით და დღეს საქართველოს სიამაყე ბავშვებს ეუბნებიან, იცით რა, თქვენ არასწორად გაიზარდეთ და ეს მეთოდი უნდა აგვიკრძალონ. რა თქმა უნდა, შევიტანთ სასამართლოში სარჩელს. მე უნდა დავასაბუთო და ჩემმა პაციენტებმა, ათასობით ოჯახმა, რომ მეთოდი არის კარგი, სასარგებლო და ყველა ახალშობილს სჭირდება" - აცხადებს მერებაშვილი.

თუმცა, სავარაუდოდ, ამ მეთოდის ავკარგიანობის დამტკიცება რეაბილიტოლოგს სასამართლოში გაუჭირდება, რადგან სამედიცინო ლიტერატურაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ე.წ. მაუგლის ვარჯიშების ავკარგიანობის შესახებ.

პედიატრი შორენა ჯაფარიძე allnews-სთან იმ რისკებზე საუბრობს, რაც ძალადობრივ ვარჯიშებს შეიძლება ახლდეს თან. მისი თქმით, ასეთმა მოპყრობამ შესაძლოა ბავშვს გაუჩინოს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები და საბოლოოდ, შესაძლებელია, საქმე ბავშვის გარდაცვალებამდეც მივიდეს.

"3 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებაში დიდი როლი აქვს შიშის ფაქტორს. ჰაერში აგრესიული ტრიალის გამო, შეიძლება ბავშვმა ისეთი შიში განიცადოს, რომ ენაჩლუნგობა და ენაბლუობა განუვითარდეს. როდესაც ბავშვი ტირის, მაშინ ტრადიციული მასაჟების გაკეთებაც არ არის მართებული, რადგან გაბმულმა ტირილმა, შესაძლოა თიაქარი გამოიწვიოს. გარდა ფსიქიკური პრობლემებისა, ბავშვს შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობის არაერთი პრობლემაც შექმნას. ესენია: სახსრების ამოვარდნილობა, მოტეხილობები, თავის ქალის ტრავმა, შენჯღრევის სინდრომი, გულსისხლძარღვთა დაავადებები. ამასთან, არსებობს ფატალური შედეგის რისკიც.

რა სამედიცინო მტკიცებულებებზეა საუბარი? ეს არის უბრალოდ ბავშვების წამება! ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ დარწმუნდე ამაში. მშობლებმა უნდა იცოდნენ , რომ ბავშვების ასეთი ქნევა, მათ შვილებს კი არ დაიცავს დაავადებებისგან, არამედ პირიქით. გარდა უამრავი სერიოზული დაავადების განვითარების მაღალი ალბათობისა, აქ არის სიცოცხლის რისკიც" - ამბობს პედიატრი შორენა ჯაფარიძე.

თუ კი "მაუგლის ვარჯიშების" ახალი შემთხვევები გამოვლინდება, სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს. რაც შეეხება ქეთევან მერებაშვილის მიმართ გატარებულ ღონისძიებებს, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა მოუწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო კი მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ბავშვებთან მსგავსი ჩარევების დროს.

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

myquiz