რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების თვითნებურმა გამოყენებამ? - რჩევები მშობლებს | Allnews.Ge

რა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების თვითნებურმა გამოყენებამ? - რჩევები მშობლებს

გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის ექიმი, ინფექციონისტი ვიტალი ხარაშვილი.- ანტიბიოტიკების მიზანშეუწონელმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ბაქტერიათა რეზისტენტობის მატება;
  • ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის დარღვევა;
  • არასასურველი რეაქციების (სოკოვანი ინფექცია, ალერგიული რეაქციები) განვითარების ალბათობის ზრდა.
  • დაბოლოს, იზრდება მკურნალობისთვის გაწეული ხარჯიც.

- ხშირად მშობლები თვითონვე იწყებენ შვილის მკურნალობას და ექიმთან შეუთანხმებლად აძლევენ ანტიბიოტიკებს. რას ურჩევთ მათ?

- ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დაუსაბუთებლად ანტიბიოტიკის დანიშვნა გაუმართლებელია. შედეგი კიდევ უფრო სავალალოა, როცა პრეპარატს ექიმი კი არ ნიშნავს, არამედ მშობელი საკუთარი შეხედულებისამებრ ყიდულობს ან ფარმაცევტის რეკომენდაციას ენდობა, რაც, სამწუხაროდ, არცთუ ისე იშვიათია. 2-3 წლამდე ბავშვის იმუნური სისტემა ბოლომდე არ არის ფორმირებული.

ანტიბიოტიკის ყოველი ზედმეტი დოზა სერიოზულ დარტყმას აყენებს მას, ორგანიზმი `ზარმაცდება და ცდილობს, ყოველგვარი პრობლემა მედიკამენტების დახმარებით მოაგვაროს. ორგანიზმს პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ, საკუთარი ძალებით გაუწიოს წინააღმდეგობა დაავადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მოავადე ბავშვს, რომელიც სულის შებერვაზეც კი ცივდება.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები განსხვავებულად მიმდინარეობს. თუ ბავშვს ტემპერატურამ 39 გრადუსამდე აუწია, ამას დაერთო სურდო და ხველა, ყელის ტკივილი, თვალების სიწითლე და ცრემლდენა, ტუჩებზე გაჩნდა ჰერპესული ბუშტუკები - ეს არ არის ბაქტერიული ინფექცია. შესაბამისად, არც ანტიბიოტიკია საჭირო. მსტვენი ხიხინი ფილტვებში, რომელიც ხშირად ფონენდოსკოპის გარეშეც ისმის, ბრონქიტზე მიუთითებს, ხმის ჩახლეჩა - ლარინგიტზე. ორივე დაავადების გამომწვევი უმეტესად ვირუსია.

ბაქტერიული ინფექცია განსხვავებულად იწყება: ბავშვი უჩივის ყურის ტკივილს, ყურიდან ან თვალიდან აქვს ჩირქოვანი გამონადენი, უშუპდება და უწითლდება კანი ლოყების ან თვალების ირგვლივ, უდიდდება და სტკივა ლიმფური ჯირკვლები, აღენიშნება ტონზილიტი ჩირქოვანი ნადებით ნუშურა ჯირკვლებზე... პნევმონიის გამოვლენა რთულია - იგი იშვიათად იწვევს დამახასიათებელ სიმპტომებს, მაგრამ ამ დროს, ვირუსული დაავადებისგან განსხვავებით, ტემპერატურა თავისთავად არ იკლებს და სამ დღეს და უფრო მეტხანსაც კი 38 გრადუსზე მაღალი რჩება.

ასეთ დროს ანტიბიოტიკები აუცილებელია, მაგრამ ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. თუ ბავშვს ერთხელ მაინც ჰქონია ალერგიული რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე, მშობლებმა აუცილებლად უნდა გააფრთხილონ ექიმი ამის შესახებ. ახალი ანტიბიოტიკის სრული დოზით შეყვანამდე უნდა გაკეთდეს სინჯი - შემოწმდეს ორგანიზმის მგრძნობელობა მის მიმართ.

- არსებობს თუ არა ანტიბაქტერიული თერაპიის ალტერნატივა?

- ანტიბაქტერიული პრეპარატების ალტერნტივად შეიძლება ჩაითვალოს ფაგები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ანტიბიოტიკოთერაპიის თანმხლები პრობლემები - ალერგიული რეაქციები, რეზისტენტობა, დისბაქტერიოზი და სხვა.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფაგების მიმართ ორგანიზმის განწყობაც ინდივიდუალურია. გაცილებით შედეგიანი იქნებოდა ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის აუტოფაგის შექმნა და გამოყენება, რაც არცთუ ისე შორეულ წარსულში შესაძლებელი იყო საქართველოში, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში. სხვათა შორის, დღესდღეობით ბაქტერიოფაგში ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.