განახლებული საბაგირო - რა ღირს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო და ვისთვისაა უფასო | Allnews.Ge

განახლებული საბაგირო - რა ღირს უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო და ვისთვისაა უფასო

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი სარგებლობა 50 თეთრი ეღირება, ხოლო სტუდენტებისთვის უფასო იქნება. ამასთან, როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ მოქალაქე ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით იმგზავრებს, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს აღნიშნული საბაგირო.

"მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, პრობლემები ჰქონდა, თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ, უკვე 20 აპრილიდან ემსახურება თბილისის მოსახლეობას.

საბაგირო სტუდენტებისთვის უფასო გავხადეთ. დღეს ვიღებთ ასევე გადაწყვეტილებას, რომ 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და ეს საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინგეგრირებულ სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მაგალითად, მგზავრობს ავტობუსით, მეტროთი ან მიკროავტობუსით, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ ექნება შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს კონკრეტული საბაგირო. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად არსებული საბაგიროთი და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ მოხდება საბაგიროს ტარიფის ინტეგრირება“,-განაცხადა კალაძემ.

საბაგირო ხაზი, რომელიც აპრილის თვეში გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივ კორპუსებსა და ბიბლიოთეკას აკავშირებს ბაგებთან. მისი სიგრძე 320 მეტრია და მასზე მოძრავ თითო ვაგონს 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წთ-ს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა ყოველდღე, 08:00-დან 20:00 საათამდე შეძლებს. ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.