ინდოეთში "შავი სოკო" მასობრივად ვრცელდება - რამდენად საშიშია იშვიათი ინფექციური დაავადება, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს აღმოაჩნდათ | Allnews.Ge

ინდოეთში "შავი სოკო" მასობრივად ვრცელდება - რამდენად საშიშია იშვიათი ინფექციური დაავადება, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს აღმოაჩნდათ

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინდოეთში იშვიათი ინფექციური დაავადების - მუკორმიკოზის, იგივე „შავი სოკოს“ 8 800-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

BBC-ის ინფორმაციით, ადამიანების უმეტესობისთვის ინფექციის გადატანა საკმაოდ რთულია და დაავადებულების გადარჩენის მხოლოდ 50%-იანი შანსი არსებობს. შემთხვევების უმეტესობა გუჯარატისა და მაჰარაშტრას შტატებში ფიქსირდება.

გამოცემის ცნობით, ზოგიერთი ინდოელი ექიმი მიიჩნევს, რომ ინფექციური დაავადების მასობრივი გავრცელება, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ მედიკამენტებთან იყოს დაკავშირებული.

118620833-gettyimages-1233020070-1621760010.jpg

აღსანიშნავია, რომ მუკორმიკოზი არის ინფექცია, რომელიც ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ინფექცია იწვევს ტკივილს, ცხელებას, ზოგჯერ ხველას, ასევე მან შეიძლება სახის სტრუქტურების დარღვევა გამოიწვიოს;

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, მუკორმიკოზს ობის სოკოების ჯგუფი, მუკორმიცეტები იწვევს, რომლებიც ნიადაგსა და გახრწნის პროცესში მყოფ ორგანულ ნივთიერებებში იზრდება (ფოთლები და ხეები).

ობის სოკო სხეულში გაჭრილი ან გახეხილი კანიდან აღწევს. ინფექცია სოკოს სპორების შესუნთქვის შემდეგ შეიძლება სინუსებსა და ფილტვებშიც მოხვდეს. სხეულში მოხვედრის შემდეგ კი, სოკო ხანდახან სისხლში ვრცელდება და სხვა ორგანოებს, მაგალითად, ტვინს, თვალებსა და გულს დიდ ზიანს აყენებს.

mucormycosis-1621758917.jpg

მკურნალობა

მუკორმიკოზის მქონე ადამიანების მკურნალობა ტარდება ამფოტერიცინ B-ს მაღალი დოზების ინტრავენურად შეყვანის გზით. არაკონტროლირებადი დიაბეტის მქონე ადამიანებს სისხლში ინსულინი უკეთდებათ გლუკოზის დონის დაწევის მიზნით.

დაინფიცირებული, განსაკუთრებით – დანეკროზებული ქსოვილი, ამოღებულ უნდა იქნეს ქირურგიული მეთოდით. ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მეტად მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილი ან დიდ ფართობზე აუცილებელი ოპერაციის ჩატარების შედეგად სახის დამახინჯება.

მუკორმიკოზი სერიოზული დაავადებაა. მაშინაც კი, როდესაც ინფიცირებული და დანეკროზებული ქსოვილი ამოიღება და მკურნალობა ანტიფუნგური მედიკამენტებით ტარდება, დაავადებული ადამიანების უმრავლესობა კვდება