"100-მდე სიმპტომი შეიძლება დარჩეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ" - ივანე ჩხაიძის თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი შესაძლოა 8 თვემდე გაგრძელდეს | Allnews.Ge

"100-მდე სიმპტომი შეიძლება დარჩეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ" - ივანე ჩხაიძის თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი შესაძლოა 8 თვემდე გაგრძელდეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული მეხსიერების პრობლემების დროს მედიკამენტური დახმარება არაეფექტურია და მეხსიერების დარღვევა დროთა განმავლობაში გაივლის.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ კორონავირუსით გამოწვეულ მეხსიერების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, კორონავირუსს თან ახლავს დეპრესია, ძილის დარღვევა, შფოთვები, მეხსიერების დაკარგვა, რა დროსაც ნერვიულობა არ შეიძლება, ვინაიდან ეს კორონავირუსის სიმპტომს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

მისივე თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი შესაძლოა 3-დან 8 თვემდე გაგრძელდეს.

"მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ერთ-ერთი პირველია ჩამონათვალში, რასაც კორონავირუსი იწვევს. რამდენიმე ზეგავლენა აქვს კორონავირუსს ნერვულ სისტემაზე, მათ შორის არის დეპრესია, ძილის დარღვევა, შფოთვები, ერთ-ერთი ამ რიგში სწორედ მეხსიერების პრობლემაა.

სამწუხაროდ, არანაირი მედიკამენტური დახმარება არ იქნება ეფექტური. განიხილება, რომ ეს ე.წ. ხანგრძლივი კოვიდია. ჩვენ ხანგრძლივ კოვიდად ვაფასებთ ყველა იმ შემთხვევას, როდესაც დაავადება გრძელდება 4 კვირაზე მეტი. 4 კვირაში უნდა დასრულდეს კორონავირუსის მწვავე პერიოდი, ყველა ის სიმპტომი, რომელიც გრძელდება ამ ზღურბლს მიღმა, განიხილება, როგორც პოსტკოვიდური სინდრომი, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობა. 3 თვიდან 6-8 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს კოვიდის ძალიან ბევრი გამოვლინება, მათ შორის მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები. სამწუხაროდ, აქ ეფექტური რეკომენდაცია არ არსებობს.

მაგალითად, შვებულების აღება გონივრულია, ვინაიდან, თუ ამ ადამიანის სამსახური დაკავშირებულია გონებრივ აქტივობასთან და ხელს შეუშლის მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, რა თქმა უნდა, უმჯობესია პაუზა აიღოს, თუმცა ეს მაინც ალაგებადია გარკვეული დროის შემდეგ. მკაცრი კვლევა ან მითითება, რომ ყველა ეს პოსტკოვიდური სინდრომი რჩება და არ ლაგდება, არ არსებობს. პირიქით, მოსაზრებაა, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გაივლის. 3-6-8 თვემდე პერიოდის ფარგლებში განიხილავენ სიმპტომების დარჩენის ალბათობას. არ უნდა ინერვიულონ, ნერვიულობა და ემოციური პასუხი ამ დარჩენილ სიმპტომზე კიდევ უფრო გაამძაფრებს მდგომარეობას.

ზოგადად, ითვლება, რომ 100-მდე სიმპტომი შეიძლება დარჩეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ. ცუდი სიტყვაა, მაგრამ როგორღაც უნდა შეეგუონ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე იმ პაციენტებს, რომლებმაც კოვიდინფიცირების შემდეგ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, ზოგადი რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, კვების და ძილის რეჟიმის კონტროლი.

„ზოგად რჩევებშია აუცილებელი ფიზიკური აქტივობა, საკმარისი რაოდენობით ძილი, არ უნდა იყოს დარღვეული ღამის ძილი. კვების ხასიათიც განსხვავებული უნდა იყოს, არის პროდუქტები, რომლებიც შეიძლება ხელის შემწყობი იყოს ტვინის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, მედიკამენტთან დაკავშირებით არცერთი რჩეევა არ იქნება ეფექტური. დრო, მოთმინება და ნაკლები ემოციური რეაგირება უნდა. სამწუხაროდ კორონავირუსის დატოვებულია,საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ხასიათის ცვლილებები, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი - უამრავი ჩამონათვალია“, - განმარტავს ჩხაიძე.

myquiz