რა პროდუქტები გაძვირდა და რაზეა მოსალოდნელი ფასების მატება - "რაც უფრო დავაგვიანებთ აცრას, მით მეტი ადამიანი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარზე" | Allnews.Ge

რა პროდუქტები გაძვირდა და რაზეა მოსალოდნელი ფასების მატება - "რაც უფრო დავაგვიანებთ აცრას, მით მეტი ადამიანი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარზე"

პანდემიის პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ფასების ცვლილებაზე პირდაპირი გავლენა იქონია. ბოლო პერიოდში ზოგიერთ პროდუქტზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა და მყიდველის ჯიბეს კიდევ უფრო დაეტყო.

მაგალითად, აპრილის თვის მონაცემებით, მზესუმზირის ზეთზე, 2020 წლის აპრილთან შედარებით, ფასი 76,64%-ით არის გაზრდილი. აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები 0,9%-ით გაიზარდა. წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების ათეულს, რომლებზეც ფასები გასულ თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • მზესუმზირის ზეთი - 76,64%-ით;
  • თერმომეტრი - 68,35%-ით;
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 38,51%-ით;
  • საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 34,64%-ით;
  • წიწიბურა - 32,22%-ით;
  • ლურსმანი - 31,88%-ით;
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 30,83%-ით;
  • საშინაო ფეხსაცმელი ქალის - 28,76%-ით;
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 28,26%-ით;
  • ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 27,91%-ით

რამ გამოიწვია ფასების ცვლილება კონკრეტულად ამ პროდუქტებზე და როგორია სამომავლო პროგნოზი - ამ საკითხზე allnews.ge ორგანიზაცია "ბანკები და ფინანსების" ხელმძღვანელს გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.

- ინფლაციის პრობლემა პერიოდულად ჩნდება, მაგრამ როდესაც ასეთი დონის ინფლაცია ეკონომიკურ ვარდნას ემთხვევა, ფასების ცვლილება კიდევ უფრო შემაწუხებელია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროდუქტებს, ყოველი მათგანი სწორედ პანდემისთან არის პირდაპირ დაკავშირებული. თერმომეტრი შარშან საერთოდ დეფიციტში იყო, წელს კი მოხმარებამ კიდევ უფრო მოიმატა, როგოც ჩანს, საკმარისად ვერ მზადდება, ამიტომ აისახა კიდეც ფასზე.

საშინაო ფეხსაცმელებზე ფასების მატებაც გასაგებია, შეზღუდვების გამო, ხალხს შინ უფრო მეტი დროის გატარება უწევს, ვიდრე წინა წლებში. დანარჩენ პროდუქტებს რაც შეეხება, ეს საერთაშორისო ფასების ცვლილებაზეა დამოკიდებული, რასაც ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს. როდესაც სურსათის და საწვავის იმპორტზე ვართ დამოკიდებული, თავისთავად გასაგებია, რატომ ვერ ვაკონტროლებთ ფასებს" - გვეუბნება კეპულაძე.

ფასების რეკორდული ზრდის მიზეზებზე საუბრისას გიორგი კეპულაძე აქცენტს პანდემიის გამო შექმნილ საერთაშორისო გამოწვევებზე აკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ შეცდომები სახელმწიფომაც დაუშვა. მისი შეფაებით, ვაქცინაციის პროცესის არაეფექტურმა წარმართვამ, მნიშვნელოვნად განაპირობა ეკონომიკური ვარდნა და შესაბამისად, ფასების ზრდაც.

"მხოლოდ პანდემიასაც ვერ დავაბრალებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ დავაგვიანეთ და ვერ გამოვიყენეთ ის უპირატესობა, რაც აქვთ პატარა ქვეყნებს ვაქცინაციის მხრივ. ჩვენ ბევრი დოზა არ გვჭირდება დიდ ქვეყნებთან შედარებით. აშშ-ში მაგალითად, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს, უკვე ეკონომიკური ბუმია. ჩვენ უნდა მივბაძოთ სხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითებს.

პირველ რიგში, გავმართოთ ვაქცინაციის პროცესი. მოსახლეობამაც უნდა გაითავისოს, რომ რაც უფრო მალე ავიცრებით, უფრო მალე ამოძრავდება ქვეყანა და ეკონომიკური ვარდნაც თანდათან შემსუბუქდება. მინიმუმ რისკი არ იქნება, რომ ქვეყანა ისევ ჩაიკეტება. შესაბამისად ამოძრავდება ტურიზმიც, რაც არის ჩვენი ქვეყნის მამოძრავებელი ძალა. ტურიზმით ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდიოდა. მაგალითად, 2019 წელს ტურიზმმა ბიუჯეტში 3.2. მილიარდი დოლარი შეიტანა. წელს მესამედიც რომ შემოვიდეს, ძალიან კარგი მაჩვენებლი იქნება.

ასე რომ, ეკონომიკის გაჯანსაღების ხაზი გადის ვაქცინაციაზე და ტურიზმის აღდგენაზე. რაც უფრო დავაგვიანებთ აცრას, მით უფრო მეტი ადანიანი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს მიღმა" - ამბობს გიორგი კეპულაძე. მისი პროგნოზირებით, ფასები მეტად აღარ გაიზრდება და მომდევნო თვეებში, წესით ვითარება უნდა დასტაბილურდეს.

"ეროვნული ბანკის ნაბიჯი, რომლითაც გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და გადადგა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ნაბიჯი, ინფლანციას შეამცირებს. იმედი გვაქვს, რომ ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგს გამოიღებს. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ინფლაციაას დროებით კი შებოჭავს, მაგრამ ეკონომიკურ ზრდაზე არ აისახება პოზიტიურად პერსპექტივაში. როგორ უნდა გქონდეს ოპტიმისტური პროგნოზი ფასების ზრდასთან დაკავშირებით, როცა ინფლაცია არის 7%? მაგრამ იმის თქმა მაინც შემიძლია, რომ მეტად აღარ გაიზრდება ფასები და დასტაბილურებაც მოსალოდნელია" - აცხადებს "ბანკები და ფინანსების" ხელმძღვანელი.

ამასთან, საერთოდ, კანონზომიერებით, ეკონომიკურ ვარდნას ყოველთვის მოსდევს ბუმი, აშშ -ში სწორედ ასეთი სიტუაცია ახლაა. საქართველოშიც იგივე მოხდება. მაგრამ, ფაქტობრივად, 3 წლის დაკარგვა მოგვიწევს. 2019 წლის მაჩვენებელს რომ მივაღწიოთ მინიმუმ ეს პერიოდი დაგვჭირდება" - ეუბნება allnews.ge-ს კეპულაძე.

რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ პანდემიის პროცესი "უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა".

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

myquiz