ჯანმომ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა | Allnews.Ge

ჯანმომ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

ჯანმოს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით იქმნება შესაძლებლობა, რომ "სინოფარმის" ვაქცინა შეიძლება გაეროს მიერ მხარდაჭერილ COVAX პროგრამაში უახლოეს კვირებსა თუ თვეებში შევიდეს და გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმო-ს რეგიონალური ოფისის საშუალებით განაწილდეს.

„WHO-მ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა პეკინის ვაქცინა, რითაც იგი გახდა მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო WHO-ს დადასტურება უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხისთვის. ეს აფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა COVAX- ს შეუძლია და ქვეყნებს სანდოობას აძლევს დააჩქარონ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცება და მოახდინონ ვაქცინის იმპორტი და ადმინისტრირება“, - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე “სინოფარმისთვის” ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ამირან გამყრელიძემ განუცხადა, „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. დღეს მეექვსე ვაქცინა დაემატა ავტორიზებული კოვიდ ვაქცინათა სიას. აქამდე ავტორიზებული იყო: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკას“ ორი ვაქცინა, „ჯონსონ & ჯონსონი“, ამერიკული „მოდერნა“, დღეს ჩინური ვაქცინა დაემატა. ასევე, რიგში დგას მეორე ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად უფრო მეტად გაუმჯობესდება ვაქცინების ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, გლობალურ ბაზარზე დიდი დეფიციტია ვაქცინების. დღეს აცრილია მხოლოდ, მსოფლიო მოსახლეობის 7%-დან 8%-მდე ორჯერადად, რაც ძალიან ცოტაა. განსაკუთრებული პრობლემებია, განვითარებად სამყაროში. იმიტომ რომ, მდიდარ ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამიზნე მოსახლეობის 25%-დან -30%-მდე აიცრა და ბევრგან ეს ორჯერადი აცრებიც გახლავთ.

ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია ვაქცინების. „სინოფარმის“ აღიარება, ასევე განათავსებს „სინოფარმს“ კოვაქს პლატფორმაზე. რისი საშუალებითაც ხდება მომარაგება განვითარებადი ქვეყნების, რომ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები განვითარებად სამყაროში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

მსურველებს რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ პორტალზე შეუძლიათ - https://booking.moh.gov.ge/

myquiz