საქართველოში "სინოფარმით" იმუნიზაცია დაიწყო - რა ვიცით ჩინური ვაქცინის შესახებ? | Allnews.Ge

საქართველოში "სინოფარმით" იმუნიზაცია დაიწყო - რა ვიცით ჩინური ვაქცინის შესახებ?

საქართველოში დღეიდან, 4 მაისიდან ჩინური ვაქცინით - "სინოფარმით" იმუნიზაცია დაიწყო. ამჟამად, ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოსული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის პროცესში დღეს 30 დაწესებულება და 33 ამცრელი ბრიგადა იქნება ჩართული, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

"საქართველო სულ უფრო აფართოებს COVID-19-ის ვაქცინაციას. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა ჩინური წარმოების ,,სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინა. "სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთს და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოსვლასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება გაჩნდა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ "სინოფარმი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა სწორედ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის" ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვაქცინამ აჩვენა 78. 1%-იანი ეფექტურობა.

სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინასწარი კლინიკური ან რეპრო/ტოქსური გამოკვლევების შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.

კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან - ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში „სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე ვაქცინის 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციისთვის საჭიროა „სინოფარმის“ 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით.

რაც შეეხება "სინოფარმის" ვაქცინას, ის ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ინაქტივირებული ვაქცინაა, ანუ შეიცავს კორონავირუსის გამომწვევ დახოცილ მიკრობებს, რომელიც შეჰყავთ ორგანიზმში. ეს საკმარისია სხეულისთვის, რომ ისწავლოს ვირუსთან ბრძოლა, რა დროსაც გამომუშავდება ანტისხეულები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ვირუსის შეხვედრისას ორგანიზმმა უკვე იცის როგორ ებრძოლოს მას.

ვაქცინა უკვე გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: სამხრეთ აფრიკაში, აზიასა და ევროპის ქვეყნებში. არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია ბაჰრეინში, ეგვიპტეში, სინგაპურში, თურქეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში.

ევროპაში ვაქცინას იყენებს სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და უნგრეთი. საერთო ჯამში კი, „სინოფარმით“ 45 ქვეყანაში იცრებიან.

პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში შემოტანილი ჩინური ვაქცინით აიცრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იყო. მისივე თქმით, "სინოფარმი" აპრობირებული ვაქცინაა და 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები. გამყრელიძემ ვაქცინა, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

"ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით. ბევრს ბავშვობის დროს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვთ აცრები, ეს არის ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200-ზე მეტი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. სიმბოლურია, რომ მე აცრა ჩავიტარე ჩემს ალმა-მატერში, ჩემს საავადმყოფოში. მადლობა თითოეულ ექიმს. მათთან ერთად მე გავიზარადე და აქ გავატარე 25 წელი ჩემი ექიმობის. მიხარია, რომ პირველი აცრა აქ გავიკეთე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

აღსანიშნავია რომ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 65 443-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 30 282 ადამიანმა გამოთქვა. 13 691 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8616-ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 5796-მა ადამიანმა გამოთქვა, 5269 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 979-ს კი „სინოვაკით“.

myquiz