ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა | Allnews.Ge

ქართველი ტყუპი ძმა ტყუპი ქალიშვილებით - გაიცანით ოჯახი, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოხიბლა

ტყუპი ძმა და ერთ-ერთი ძმის ტყუპი ქალიშვილი - ამ ფოტოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა "მთავარი გმირები" და თქვენთვის გაგვეცნო.

ეს ტყუპი ძმა გელა და გიორგი გოჩიტაშვილები არიან. მათ კიდევ ჰყავთ უმცროსი ძმა - მიშო. ეს პატარა გოგონები გელას ქალიშვილები არიან. სწორედ გელა გოჩიტაშვილს გავესაუბრეთ:

- ინტერნეტში სულ ახლახან გავრცელდა თქვენი ფოტო და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ შეხვდით ინტერნეტპოპულარობას? ელოდით ხალხის ასეთ რეაქციას?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამხელა აჟიოტაჟს. ეს ფოტო გადაიღო ჩემმა მეუღლემ, ელენე წიკლაურმა, დაახლოებით 1 თვის წინ. დადებისთანავე

ჩემს ფეისბუქგვერდზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მერე დიდად არ გამკვირვებია... ბავშვობიდან ვფლობდი ინფორმაციას, რომ ტყუპს, მით უმეტეს მამაკაც ტყუპს ყველაზე დაბალი შანსი აქვს, რომ ტყუპი შვილები ჰყავდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც მახსოვს, შანსების ალბათობა დაახლოებით 1.7%-ს შეადგენს, ასე რომ, რას არ წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში, რას არ ვიფიქრებდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა... ეს ნამდვილად სასწაულია, გამოხმაურება კი ამ შემთხვევაში - ადეკვატური.

mshoblebi ელენე, გელა, გიორგი და ტყუპი გოგონა

- დიდი ინტერესი განჩდა. მოგვიყევით, რა პროფესიის ხართ, რას საქმიანობთ, რამდენი დედმამიშვილი ხართ?

- პროფესიის რა მოგახსენოთ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჰობის უფრო ვუწოდებდი მხატვრობას, ვიდრე პროფესიას. დიდი ხანია გავაანალიზე, რომ ამ საქმიანობით ოჯახს ვერ შეინახავ. ამჟამად ჩემი ბიზნესით ვარ დაკავებული, ტურისტულ სფეროში. ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე და რაღაც ახალი შევქმნა. ამჟამად ვმუშაობ ახალ პროექტზე ჩემს ტყუპისცალთან ერთად, დღე-დღეზე გავხსნით ლუდის და ღვინის დიდ მაღაზიას, რომლის სახელწოდებაც ჩვენი გვარიდან გამომდინარეობს... დიდ იმედებს ვამყარებთ და ვიმედოვნებთ, რომ ხალხს მოეწონება ჩვენი შეთავაზებული პროდუქტი.

- თქვენი ტყუპისცალის შესახებაც მოგვიყევით...

- როგორც წეღან აღვნიშნე, გიორგიც ანალოგიურად ბიზნესში მოღვაწეობს ჩემთან ერთად, განათლებაც ამ კუთხით აქვს მიღებული. უყვარს ძალიან მუსიკა, გიტარა და სიმღერა მის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ძალიან ბევრი ჰობი გვაქვს, ასე რომ გავყვეთ, მთელი დღე ვერ მოვრჩები მოყოლას... გვიტაცებს ექსტრიმი, მე წლების განმავლობაში მრბოლელი ვიყავი, უამრავ შეჯიბრზე და ჩემპიონატზე ვიღებდი მონაწილეობას, ასევე მოტოციკლები წარმოადგენს ჩვენთვის დიდ სისუსტეს... ყოველ ზაფხულ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რაღაც პერიოდი გამოვყოთ ამ საქმიანობისთვის.

mshoblebi ძმები გოჩიტაშვილები

- როგორი ბავშვები იყავით? უჭირდათ თქვენი გარჩევა?

- საკმაოდ ჭკვიანი და წყნარი ბავშვები ვიყავით, როგორც ჩვენი მშობლები და ნათესავები ყვებიან... ჩვენი გარჩევა ზოგს დღემდე უჭირს, წარმოიდგინეთ, ბავშვობაში დედაჩემი ყოველვის ცდილობდა ერთნაირად გვცმოდა, ერთნაირი თმის ვარცხნილობა გვქონოდა და ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო მყოფთ ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა... რამდენჯერ ერთმანეთის მაგივრად სასკოლო გამოცდები ჩაგვიბარებია, გაკვეთილებზე ხომ აღარაფერს ვამბობ, დავალებებს ყოველდღე ნახევარ-ნახევარს ვინაწილებდით და ძალიან მალე ვახერხებდით მეცადინეობას... გაკვეთილებსაც ისე ვაბარებდით, კაციშვილი ვერაფერს ხვდებოდა.

ერთხელ მახსოვს, უკვე დიდები ვიყავით, გიოს მაგივრად მივედი უნივერსიტეტში, გამოცდა ჰქონდა და სამსახურის გამო ვერ ახერხებდა მისვლას. წარმოიდგინეთ, უცხო გარემოში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, მომიწია მსახიობობა, ვითომ გიორგი ვიყავი, გამოცდაც დავწერე და ვერავინ გაიგო...

იყო კიდევ ასეთი ფაქტი სერიალ "ქერჩში" გადაღებაზე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა გიო, ერთხელ ძალიან შეუძლოდ გახდა და მე მომიწია მის მაგივრად წასვლა, დაახლოებით 6-7 სცენა ისე ვითამაშე, რეჟისორს სანამ არ ვანახე, რომ ტატუები არ მქონდა, არ იჯერებდა, რომ გიორგი არ ვიყავი.

- რა შეგრძნებაა, როცა ტყუპისცალი ხარ? რაიმე განსაკუთრებული შეგრძნებები, დამოკიდებულება თუ გაკავშირებთ ერთმანეთთან?

- შეგრძნებას ასე სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რომც ვეცადო, არა მგონია, სხვა ტყუპის გარდა ვინმემ გამიგოს... ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ასე იქნებიან ჩემი გოგოებიც და ასე არის ყველა ტყუპისცალი, მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში....

mshoblebi

- ძალიან ლამაზი მეუღლე გყავთ. როგორ გაიცანით ერთმანეთი? ის რას საქმიანობს?

- ოოო... ჩემი საოცარი მეუღლე, მართლაც რომ ულამაზესია. ელენა მოდელია, გამოდიოდა უამრავ ჩვენებაზე, კონკურსებზე იღებდა მონაწილეობას, ამჟამად დიასახლისია - სანამ ჩვენი ტყუპი წამოიზრდება. ჩვენ ერთმანეთი დაახლოებით 2-3 წლის წინ გავიცანით, ჩემს ერთ-ერთ შეჯიბრზე. დანახვისთანავე მივხვდი, ეს გოგო ჩემი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ახალი გაშორებული ვიყავი პირველ ცოლს და წარუმატებელი ურთიერთობიდან გამომდინარე ძალიან სეპტიკურად ვიყავი განწყობილი სერიოზული ურთიერთობების მიმართ. თან იმდენად დამახინჯებული მქონდა წარმოდგენა, რომ მეგონა, ცოლს არასდროს მოვიყვანდი... მაგრამ გავაანალიზე, რომ ვიპოვე არაჩვეულებრივი ადამიანი, ვინც დამანახა და მაჩვენა, რას ნიშნავს სიყვარული, ოჯახი და ბედნიერება... ამ ყველაფერთან ერთად ისეთი საჩუქარი გამიკეთა ქორწინებიდან თითქმის 1 წლის თავზე, რომ ვეღარაფერს ვიტყვი...

განაგრძეთ კითხვა

myquiz