რა წიგნებს აჩუქებდნენ ერთმანეთს ქართველი პოლიტიკოსები?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძისა და "ანაგრამას" ინიციატივით, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დაწესდა. იდეის ავტორების თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანი ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა. ამ ინიციატივას დიდი სიხარულით შეუერთდა "პალიტრამედია". წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, "ბიბლუსი" აწყობს აქციას - საქართველოს მასშტაბით არსებულ მის 65-ვე ფილიალში შეძენილ ნებისმიერ წიგნზე, მომხმარებელი დასაჩუქრდება აკაკი წერეთლის "სამგვარი სიყვარულით". ასევე მკითხველს ელის ფასდაკლებები სხვადასხვა გამოცემებზე.
"მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და "ანაგრამა" გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს.“ - აცხადებს გიორგი კეკელიძე.
ambebi.ge-მ რესპოდენტ პოლიტიკოსებს მიმართა კითხვით - მოეფიქრებინათ, ვის აჩუქებდნენ წიგნს ამ დღეს და საკმაოდ საინტერესო პასუხებიც მივიღეთ.
ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი:
"გიგა ბოკერიას ვაჩუქებდი მაინ რიდის "უთავო მხედარს“ - გუნდი გაექცა, დაეშალა და უთავო მხედარივითაა პოლიტიკაში. ფიოდორ დოსტოევსკის "ორეულს“ ირაკლი კობახიძეს ვაჩუქებდი - ის მართლა ორია. მამუკა ხაზარაძეს თეოდორ დრაიზერის "ფინანსისტს“ - ვისაც წაკითხული აქვს, მიხვდება, რომ ერთი ერთშია. ალექსანდრე დიუმას "გრაფი მონტე კრისტოს" ვაჩუქებდი ნიკა მელიას , რათა ნახოს და გაიაზროს, რამდენს წვალობს ხალხი, ციხიდან რომ გამოვიდეს და ის კი არ გამოდის. შალვა ნათელაშვილს ვაჩუქებდი ოთარ ჭილაძის მითოლოგიურ რომანს "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ - ნაწარმოები შინაარსით შეიძლება არ ემთხვევა, მაგრამ სათაური - აკვდება. უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზარს“ ვაჩუქებდი ყველა პოლიტიკოსს, ვინც მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, 6 თვე ვიწვალეთ და რომლის ბოლოსაც ყველა შედის პარლამენტში“.
ვახტანგ მეგრელიშვილი, "გირჩის“ ლიდერი:
"წიგნს ვაჩუქებდი შალვა პაპუაშვილს. ის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა, სადაც ძალიან მაინტერესებს მუშაობა. შალვას მსოფლმხედველობის გასაცნობად, მას ვაჩუქებდი ჯორდან პეტერსონის წიგნს "ცხოვრების 12 წესი“ და ჩვენც მარტივად გავიცნობდით ერთმანეთს. ისიც თუ მაჩუქებდა მნიშვნელოვან წიგნს, მივხვდებოდი, რა ადამიანია. ისე, ბევრ ადამიანს ვაჩუქებდი წიგნს, ყველას სჭირდება კითხვა. ხელისუფლებიდან მარტო შალვას ვაჩუქებდი. დანარჩენს ჩემს შვილებს ვაჩუქებდი, უყვართ კითხვა და მათ წიგნებს, ძირითადად, ჩემი მეუღლე და იაგო ურჩევენ ხოლმე. ოჯახში ჩვენი განათლებით ჩემი მეუღლეა დაკავებული.
ზვიად ძიძიგური, "კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე“:
"წიგნს, პირველ რიგში, ჩემს შვილებს ვაჩუქებდი, რომელთაც წიგნის კითხვა არ უყვართ და ყველანი კომპიუტერს არიან მიჩიჩინებულები. მოქმედი პოლიტიკოსების 80%-ს ვურჩევდი, საქართველოს უახლოესი ისტორიის ქრონიკები წაეკითხა. წიგნად არაა გამოსული, თორემ ვაჩუქებდი. ისეთი შეცდომები და სისულელეები ხდება ქართულ პოლიტიკაში, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრჯერ მომხდარა.
სამწუხაროდ, მოქმედ პოლიტიკოსებს წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რა შეიძლება კონკრეტულმა შეცდომამ მოიტანოს, დაწყებული პარლამენტში არშესვლიდან და დამთავრებული პარალელური მიტინგებით (ოპოზიცია მიტინგს რომ ატარებს, ხელისუფლება მის ალტერნატიულ მიტინგებს უკეთებს ორგანიზებას). ბევრი ცუდი რამ მოხდა უახლეს ისტორიაში და დღევანდელ მოქმედ პოლიტიკოსებს ვურჩევდი, გადაავლონ თვალი საქართველოს უახლოეს ისტორიას და ქრონიკები წაიკითხონ. განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს მინდა ეს ვურჩიო იმიტომ, რომ შეცდომებზე, რომლებსაც ისინი უშვებენ, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი“.