რა მოხდა გუმათში "ენკას" ბაზასთან, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე 6 პირი დააკავეს - "არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ" | Allnews.Ge

რა მოხდა გუმათში "ენკას" ბაზასთან, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე 6 პირი დააკავეს - "არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

რიონის ხეობაში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა დატოვეს და „გუმათჰესთან“ გადავიდნენ, სადაც კარვები აქვთ გაშლილი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

„ჩვეულებრივ ვათენებდით ღამეს და მოულოდნელად კომპანია „ენკას“ მანქანები დაიძვრნენ ხეობის მიმართულებით. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ მათ არ გავატარებდით. დადგნენ ბიჭები გზაზე, ხელებაწაულები მშვიდობის ნიშნად. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან დარბევა ჩვენი აქტივისტების მისამართით. არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ. ვიღაცები ლამის ცეცხლში ჩაცვივდნენ. ახლა ავდივართ კარვების მიმართულებით, რადგან ვხედავთ, რომ რეპრესიულად ცდილობენ დაშალონ ჩვენი აქცია. დავიხევთ უკან დღეს და ხვალ იგივე მოთხოვნებით გავაგრძელებთ პროტესტს.

პოლიცია არანაირ კომპრომისზე არ მოდის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროტესტი მშვიდობიანი იყოს. თუმცა, წავიდეთ საერთოდ სახლებში და პროტესტი არ გვქონდეს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის ჩარჩოებს არ გავცდეთ, მაგრამ პოლიცია თვითონ პროვოცირებს, თავიანთი შემოგზავნილი პროვოკატორებით. იქცევიან ისე, რომ მოხდეს დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს თანამებრძოლებს შორის. მათ ამით სურთ პროვოკაციების გზით მიიღონ ლეგიტიმაცია დააკავონ ადამიანები და დაშალონ აქცია“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები დღის მეორე ნახევარში "გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი, კომპანია "ენკას" ოფისთან გადავიდნენ, სადაც აცხადებდნენ, რომ კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ტერიტორიაზე შესვლისა და სამუშაოების წარმოების საშუალებას არ მისცემდნენ. პროტესტის მონაწილეებმა ამ მიზნით, კორიდორიც გააკეთეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველები მათ მოუწოდებდნენ გზა გაეხსნათ და ტერიტორია გაეთავისუფლებინათ.