პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს | Allnews.Ge

პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს

ახალგაზრდა სელექციონერ-გენეტიკოსი ბექა ლიპარტელიანი ნოემბრის დამდეგს აშშ-დან დაბრუნდა. მინესოტის უნივერსიტეტში სტაჟირება გაიარა და უმაღლესი კვალიფიკაცია მიიღო - მას ახლა ნათესების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შემოწმება შეუძლია დრონის საშუალებით. ეს გამოცდილება ბექამ 18 თვეში მიიღო.

დღეს ის ჩვენი სტუმარია და ამერიკულ და ქართულ სოფლის მეურნეობებს ერთმანეთს ადარებს. ბექა ბაბუის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ ოთარ ლიპარტელიანის კვალს გაჰყვა. 24 წლის ახალგაზრდა მცენარეთა გენეტიკის დარგის პროფესიონალია და ბაბუასთან ერთად სიმინდის ჰიბრიდების ავტორიც. აშშ-ში სოია დნმ-ის დონეზე შეისწავლა. ლიპარტელიანები მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში ცხოვრობენ. როგორ მოხვდა სვანების ოჯახი იქ, თავად გვიამბობს.

- ქვემო სვანეთიდან ვართ, ლენტეხის რაიონის სოფელ კახურიდან. თავის დროზე ბაბუა იქიდან თბილისში აგრარული განათლების მისაღებად ჩამოვიდა. წილკანში სასელექციო სადგურში დაიწყო მუშაობა, მერე იქ მიწის ნაკვეთი გამოუყვეს, სახლი ააშენა და დაფუძნდა. ბაბუა 88 წლის არის, პროფესორია, მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ამჟამადაც სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრში მუშაობს.

 

თბილისში კი დავიბადე, მაგრამ სოფელ წილკანში გავიზარდე. ჩემს ბავშვობაში ბაბუას იქ ჰყავდა საქონელი, ფუტკარი, ჰქონდა ვენახი. სამეურნეო საქმეში ყველა ვიყავით ჩართული - დილა 6 საათზე იწყებოდა, ყველაფრისთვის უნდა მიგვეხედა და მერე ჩვენ-ჩვენს საქმეზე მივდიოდით. სკოლაში თბილისში დავდიოდი. საღამოს ისევ უნდა დაგვებინავებინა ყველაფერი. მოკლედ, ამ საქმეებში ბავშვობიდანვე ვიყავი ჩართული და მიყვარდა. წამყვანი ჩვენს მეურნეობაში ბაბუა იყო, ის სამეცნიერო ექსპედიციებშიც დადიოდა, სადაც სელექცია-გენეტიკაში ცდებს ატარებდნენ. მეც ხშირად დავყვებოდი და დიდი გამოცდილება დავაგროვე. 14-15 წლის რომ გავხდი, მეთესლეობის მეურნეობა გავაკეთეთ, სადაც სელექციაზეც ვმუშაობდით.

ბაბუა სიმინდის კულტურაზე მუშაობს, რომ მაღალხარისხიანი სიმინდი არ განადგურდეს, გაახლდეს, რაშიც მეც ჩავერთე. ახალ ჰიბრიდებსაც ვქმნიდით. იმ პერიოდში ბაბუაჩემის ნაშრომების თანაავტორი მეც ვიყავი. ვსწავლობდი არა მარტო ბაბუისგან, მისი მეგობრებისგანაც, ვეცნობოდი უცხოელების შრომებსაც.

- უდიპლომო ყმაწვილმა მეცნიერმა შემდგომ სწავლა რა მიმართულებით გადაწყვიტეთ?

- ვინაიდან სოფლის მეურნეობაში ბევრი რამ ვიცოდი, სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე, რაც თვალსაწიერის გაფართოებაში დამეხმარა, მაგისტრატურის გავლა კი აგრარულ უნივერსიტეტში გადავწყვიტე. იქ გავიგე, რომ ფერმერთა დაცვის ასოციაციას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი - გაცვლითი პროგრამა ანაზღაურებით აშშ-ში, მინესოტის უნივერსიტეტში. გავიარე გასაუბრება და ჩემი საბუთები პროგრამა "მასტინტერნეიშენელის" ეგიდით მინესოტის უნივერსიტეტში გაგზავნეს. გავიდა ხანი და უნივერსიტეტის აგრონომიისა და მცენარეთა გენეტიკის კათედრიდან მოწვევა მოვიდა და გავემგზავრე, აქ კი აკადემიური ავიღე.

- როგორც გავიგე, იქ 18 თვე ყოფილხართ და, ალბათ, მოსაყოლიც ბევრია...

- მკვლევრის ასისტენტი ვიყავი, ვმუშაობდი ლაბორატორიაში, სადაც ბიო- და ქიმიური ანალიზები კეთდებოდა. ასისტენტობას ვუწევდი თითქმის ყველა მკვლევარს, ვინც იქ მუშაობდა. ეს დამეხმარა, რომ მეტი კონტაქტი, ცოდნა და გამოცდილება შემეძინა. კათედრა დიდ სასელექციო პროექტზე მუშაობდა. დაკვირვება სხვადასხვა მცენარეზე მიმდინარეობდა, თუმცა აქცენტი უფრო სოიასა და ხორბალზე იყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz