"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად? | Allnews.Ge

"გამოცდა რომ ჩამებარებინა, "საზღვრამდე" სამი მთა გადმოვიარე... ლამის გავიყინეთ" - რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოცხლის რისკის ფასად?

ოკუპირებულ გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ზუგდიდში მოდიოდნენ , მდინარე ენგურში გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ამ დროისთვის მდინარიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი ოჯახის ნათესავი ქალი.

ერთ-ერთის ძმამ, რადუგა გვალიამ მედიასთან განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები ზუგდიდში წამლებისა და პროდუქტების საყიდლად მოდიოდნენ. მისი ვარაუდით, გალის მკვიდრებმა გადაწყვიტეს, წუხელ, ღამის საათებში ჩუმად გადმოპარულიყვნენ მდინარე ენგურის ხეობის გავლით, რადგან ამ დროს ოკუპანტების კონტორლი მოდუნებულია. როგორც ჩანს გარდაცვლილებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მოიმატა. ან ჰქონდთ და მაინც გარისკეს.

"ენგურჰესის" ხელმძღავნელოობის განცხადებით, 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს და ამის შესახებ მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.

"მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს“,- აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.

რატომ უხდებათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოში მიმოსვლა სიცოხლის რისკის ფასად?

ჩვენი აფხაზი რესპონდენტი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოების დაცვის გამო ანონიმურად გვესაუბრება, გვიხსნის, რას ნიშნავს აფხაზებისთვის დანარჩენ საქართველოში თავისუფალი მიმოსვლა.

"ზუგდიდში ჩამოსვლა იგივეა ჩვენთვის, რაც მაგალითად თქვენთვის მაღაზიაში ჩასვლა. პროდუქტები აქ ძალიან ძვირია, ყველაფერი რუსეთიდან შემოაქვთ და ფასებს იმათი ვალუტის მიხედვით აწესებენ. იმ სოციალური მდგომარეობის გათვალსიწინებით, რაც აფხაზეთში გვაქვს, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამათ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავის რჩენა შეძლო. კარანტინის სანამ დააწესებდნენ, მე და ჩემი ოჯახი ყოველდღე გადმოვდიოდით ზუგდიდში, ტრანსპორტი 2 ლარი ღირს, ვყიდულობდით პროდუქტებს და ვბრუნდებოდით შინ. კარგად რომ წარმოიდგინოთ, ახლა როგორი სიტუაციაა იცით? თქვენ რომ მაღაზიაში წასვლის გამო 5 დღიანი კარანტინის გავლა გიწევდეთ. გარდა ამისა, პენსიის და დევნილთა დახმარების თანხის ასაღებად ხომ გვიწევს გადმოსვლა.

პენსიონერებს არ აქვთ პრობლემა, ე.წ. საზღვართან დგას სპეციალური ავტომობილი, მიჰყავთ იქამდე, მაგრამ აიღებენ თუ არა თანხას, მაშინვე უკან უწევთ დაბრუნება. აბრუნებენ. ზუგდიდში შესვლის უფლებას კარანტინის გავლის გარეშე არ აძლევენ. აქ ვინც ქართულად ვსაუბრობთ და თავს ეროვნებით ქართველებად ვთვლით, ნორმალური სამსახურის შოვნაზე არც კი ვოცნებობთ. სადმე რომ ოფიციალური სამსახური დაიწყო, გთხოვენ აფხაზეთის მოქალაქეობა მიიღო და შენს პასპორტში ჩაიწეროს "ეროვნებით აფხაზი“ და არა ქართველი. ამას კი საბედნიეროდ ჯერ არავინ აკეთებს. ამიტომ ძირითადად თავს მიწათმოქმედებით, პენისიითა და დევნილის დახმარების თანხით ვირჩენთ. ისედაც მიზერულა ეს დახმარება და და თუ ვერ გადმოვედით და ავიღეთ რა ვქნათ?" - გვეუბნება რესპონდენტი, რომელიც სტუდენტია და სასწავლებლად გალიდან თბილისშია ჩამოსული.

ცნობისთვის, ენგურზე დაღუპული ცოლ-ქმარი ზუგდიდში დევნილთა შემწეობის ასაღებად მიდიოდა.

2020 წლის მარტიდან, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პანდემიისთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ე.წ. საზღვარზე გადმოსასვლელად და დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად, სავალდებულო კარანტინის გავლა უხდებათ. თავდაპირველად საკარანტინე პერიოდი 12 დღეს მოიცავდა, ამჟამად 5 დღემდეა შემცირებული. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო გადაადგილების შეზღუდვა ე.წ. აფხაზეთის მთავრობასაც ჰქონდა დაწესებული. 2020 წლის 26 თებერვლიდან მათ აფხაზებს დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა საერთოდ აუკრძალეს. ე.წ. საზღვარს პერიოდულად, რამდნეიმე დღით ხსნიდნენ და მხოლოდ პენსიონერებს აძლევდნენ პენსიის აღების საშუალებას. მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა ე.წ. საზღვარი მათი მხრიდან გახსნილია და მიმოსვლის ის წესები მოქმედებს, რაც პანდემიამდე იყო.

"საერთოდ არ მიკვირს, რომ სიცოცხლის ფასად გარისკეს იმ ადამიანებმა. ჩემს ამბავს გეტყვით. ჩემი ოჯახი აფხაზეთში ცხოვრობს, მე - თბილისში, უნივერსისტეში ვსწავლობ. სასწავლებელმა "იმეილზე“ მომწერა, გამოცდა გაქვს და ამა და ამ დროს უნდა მოხვიდეო. მივწერე "იმეილითვე" და ავუხსენი, რომ აფხაზეთში ვცხოვრობ და რომ ასე მარტივი არ არის ჩემთვის იქ მისვლა. ვთხოვე გადამივადეთ- მეთქი. საერთოდ არ გაითვალისიწინეს ჩემი მდგომარეობა. თუ სიარული არ შეგეძლო, რას აბარებდი საერთოდო. რა მექნა? ავდექი და მეც გავრისკე იმათსავით. სოფელი ლეკუხონა, რომელიც ენგურჰესთან ახლოსაა არის კიდევვ ერთი გზა ზუგდიდში მოსახვედრად. სამი მთაა, რომლის გადავლითაც გადმოდიხარ ე.წ. საზღვარზე. დიდი თოვლი და ტალახი იყო, ლამის გავიყინეთ მე და ჩემი ორი მეგობარი. ჩვენ ახალგაზრდები ვართ და მაინც ძალიან გავიჭირდა, თავ-ბედი ვიწყევლეთ... რომ მოგვიწოდებენ, აფხაზეთი საქართველოაო, რა საჭიროა კარანტინი? მაშ რატომ არ აქვთ კარანტინი დაწესებული მაგალითად აჭარასთან, ისიც ხომ ავტონიმიაა?!" - გვეუბნება რესპონდენტი.

რას ამბობს მომხდარზე საქართველოს ხელისუფლება?

სახელმწიფო უწყებებმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს და კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა დარღვევებზე, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოქმედებული აქვს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი, რათა საკითხი დასვას უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში.

"წლებია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რუსეთის ოკუპაციის მძევლებად იქცნენ, რასაც არაერთი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.დღევანდელი ტრაგიკული ფაქტი უკვე განხილული იქნა მინისტრის შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურდა ცხელი ხაზი, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების ინფორმირება. საქართველო ყველა ღონეს მიმართავს, რათა საბოლოოდ დასრულდეს ადგილზე მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ოკუპანტ რუსეთს აკისრებენ აფხაზეთის მთავრობაშიც. უწყების თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ambebi.ge -ს უთხრა , რომ აქტიურად ეკონტაქტებიან დაზარალებულ ოჯახებს და მათ ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

"სოციალურად დაუცველები არიან და ჩვენ მათ მაქსიმალურ დახმარებას გავუწევთ, როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის და ფინანსური თვალსაზრისით. ამ ადამიანების გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამ საკითხს აუცილებლად წამოვჭრით ჟენევის დისკუსიების ფორმატში და დავაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს", - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს უწყება გადახედოს ე.წ. საზღვრზე მოქმედ კარანტინის წესს და მის მაგივრად შემოიღოს მიმომსვლელთა სწრაფი ტესტებით შემოწმება კორონავირუსზე. აღნიშნული კითხვის პასუხად, ტიკარაძემ თქვა, რომ ეს საკითხი საკორდინაციო საბჭოზე დგას და გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში გააცნობენ საზოგადოებას.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ შარშან და წელს ჩვენ გვაქვს მაღალი მაჩვენებლი, იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უწევთ გადმოსვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შესაბამისი მომსახურების მიღება. ჩვენ გავუწიეთ მომსახურება 1500 -ამდე ბენეფიციარს, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის კუთხით სხვადასხვა საჭიროება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალსიწინებით, რომელიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით. მსგავს შემთხვევებს, რომლებსაც დღეს აქვს ადგილი, ჰქონდა წინა წლებშიც ადგილი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპურებული რეჟიმიგან თავის დაღწევა სხვადასხვა გზებით უწევდათ. ჩვენ ვეცდებით ეს გზა მაქსიმალურად გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე. „- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ambebi.ge