"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა | Allnews.Ge

"ერთ დროს ძალიან მიჭირდა, უფასო სასადილოდან საჭმელი მომქონდა შვილისთვის, რომელსაც ძმა ჰყავდა გარდაცვლილი" - როგორ ცხოვრობდა კაცი, რომელიც ყველას უყვარდა

82 წლის ასაკში ქართველი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. მწერალის მდგომარეობა ორი კვირის წინ დამძიმდა. ის ამ პერიოდის განმავლობაში "ნიუჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმე იყო და მწერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება დოჩანაშვილის ინტერვიუ, სადაც მწერალი მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ტრაგედიასა და სირთულეებზე საუბრობს:

- ჩემი ასაკის კაცი ან საერთოდ ვერ უნდა წერდეს, ან აჯობებს, სულ არ დაწეროს. უნდა გაგაღიმოთ ახლა: როგორც წესი, მშობლები აყოლებენ ბავშვებს, ვინ რა წაიკითხა. კი არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა - ჩემი თავი ბავშვებმა შეაყვარეს მშობლებს და ამით ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ბავშვები უფრო განწყობილები არიან სიკეთისკენ, თავისუფლებისკენ, ერთგულებისკენ, ოცნებისკენ. მართლა უბედნიერესი ვარ, ბავშვების გამო მშობლებს რომ ვუყვარვარ.

- ბავშვობაში როგორი მეამბოხეები იყავით...

- ამას თქვენ გეუბნებით, მართლა კარგი სამეგობრო გვყავდა.ახლა ხანდახან ორ კაცს რომ იჭერენ დანაშაულზე, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ერთმანეთს აბრალებენ, მე არაფერი დამიშავებია, იმის ბრალიაო. ცხრა ბიჭი ვიყავით, 16-17-წლისანი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ რომ, ასე ვთქვათ, გავილაშქრეთ. იცით, რა სუფთები ვიყავით? ერთმანეთს როგორ გადავაბრალებდით რამეს!

გურამ დოჩანაშვილი მეგობრებთან ერთად

 

რასაც დავაშავებდით, თითოეული საკუთარ თავზე ვიღებდით. ჩვენი მეგობარი იყო ზვიად გამსახურდია და უბრალოდ კი არ იღებდა ყველას დანაშაულს თავის თავზე, ის მართლა ჩვენი წინამძღოლი იყო. ოფიციალურ წინამძღოლად კი არ ითვლებოდა, მაგრამ მეგობრებში ყველაზე მტკიცე ეგ იყო. იცით, რა კარგი ბიჭი იყო? ბუნებით შემოქმედს, რა უნდოდა პოლიტიკაში?! ასევე, გვყავდა მერაბ კოსტავა. მერაბი უდიადესი ადამიანი აღმოჩნდა. ჩვენში ყველაზე კეთილი, სუფთა და წმინდა იყო თამაზ გუნჯუა, რომელიც ყველაზე უბედური სიკვდილით გარდაიცვალა - შვილმა მოკლა. შვილი ნარკოტიკს დაეჩვია, ფსიქიკური პრობლემაც შეექმნა და... ყველაზე ნიჭიერი გვყავდა ჯონდო მეტრეველი. მე და ჯონდო დღედაღამ ერთად ვიყავით. მახსოვს, ჯონდომ რომ მითხრა, ყველა საგანში ხუთი დამიწერეს მაგ დეგენერატებმა, მხოლოდ ყოფაქცევაში დამიწერეს ოთხი და ოქროს მედალიც ამიტომ არ მომცესო. არადა, ჯონდო უნიჭიერესი იყო. ასევე მოექცნენ ზვიადსაც და თამაზსაც. ჩვენ საშინელი ზედამხედველობის პერიოდში გავიზარდეთ. ღმერთმა, უფალმა ადამიანს მისცა ის ბედნიერება, რომ მის მსგავსად დაიბადოს. ჩვენს პერიოდში კი ამბობდნენ, მაიმუნისგან წარმოვიშვითო. არადა, რომელი ჯობია: ორანგუტანგობანა თუ ის, ღმერთმა თავის სახედ რომ შეგქმნა?!

გურამ დოჩანაშვილი ახალგაზრდობაში

 

"შუშანიკის წამებას" მერვე კლასში მხოლოდ იმიტომ გვასწავლიდნენ, რომ ეთქვათ, ჩვენ ისეთი კარგი ქვეყანა გვაქვს, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებსაც ვასწავლით ბავშვებსო. არადა, მაშინ არ ვიცოდით, რა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანობა, არ ვიცოდით ძველი ქართული და სინამდვილეში, ამით მას გვაძულებდნენ. საოცარი, იცით, რა არის? მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი ათეისტი მეგობარი არ მყოლია! კი არ ვტრაბახობ, ფაქტს ვამბობ და მხოლოდ ღვთის წყალობით გადავურჩით იმ ყველაფერს...

"ერთი პლუსი მაქვს"

ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემთვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი!

გურამ დოჩანაშვილი და მისი მეუღლე ნათელა სეფიაშვილი

 

ჩემს ბავშვობაშიც დიდი გაჭირვების წლები გამოვიარეთ. 1939 წელს ვარ დაბადებული და 3-4 წლის ასაკშიც ძალიან კარგად მახსოვს ჩემი თავი. ჩვენს ოჯახებს პურის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ სულ გვინდოდა ერთმანეთისთვის სიკეთე გაგვეკეთებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.მაშინ, ომის დროს, ერთმანეთის, მაპატიეთ და, ფეხებზე დაკიდება არ იყო, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ახლანდელ საქართველოში კი რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, შეჭამოს, დააქციოს, ცუდი თქვას, ეს პარტია კარგია, ის ცუდი... საშინელება ხდება. რა პარტია, რის პარტია, რა შუაშია პარტია!

არ შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს?! ციხე შიგნიდან ტყდებაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. უცხომ რომ აგიღოს, დაგიპყროს, ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ დღეს საქართველო უფრო მეტად შიგნიდან ტყდება, ვიდრე უცხო მტრისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავს ვერ ვუყურებ, რაებს ამბობენ! ადამიანები გადაგრევენ - ყველაფერს რაღაც უარყოფითს უძებნიან, არაფერი მოსწონთ, ყველას ლანძღავენ და ჰგონიათ, ძალიან მაგრები არიან. ხალხსაც ჰგონია, რაკი არაფერი მოსწონთ, მართლა მაგრები არიან! მაგრები კი არა, ხელმოცარულები არიან და უნდათ ყველანი ხელმოცარულები იყვნენ! უდიდესი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას მანი ამბობდა, ნეტავ ჰერმან ჰესესავით ვწეროო (ჰერმან ჰესე კი ავსტრიელია, მაგრამ გერმანულენოვანი მწერალია, ნობელის პრემიის ლაურეატი)! თავად ბუმბერაზი მწერალი ამბობდა მეორე ბუმბერაზზე. ჩვენთან კი რა ხდება? იმის ნაცვლად, ერთმანეთში კარგი ეძებონ, ერთმანეთს გაუთავებლად ლანძღავენ. ჩვენთან, იცით, რამდენი ცრუპატრიოტია? მგონი, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი ცრუპატრიოტი მოდის, ვიდრე ნამდვილი პატრიოტი.

იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში? არასდროს ვამბობ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ-მეთქი, მაგრამ დიადი შემოქმედები კი ნამდვილად გვყავდა, მაგრამ... სხვა მაგალითს მოვიყვან - ხომ აქებენ ბახსა და მოცარტს, წარმოგიდგენიათ, ამ შემოქმედებს რომ ეთქვათ, ჩვენი მუსიკა მოისმინოს ამ პარტიამ და იმ პარტიამ კი არ მოისმინოსო? ან ბეთჰოვენისთვის რომ ეკითხათ, რომელ პარტიას ეკუთვნიო? ვერც გაიგებდა, რას ეკითხებოდნენ. აბა, "მეცხრე სიმფონიის" შექმნას რომელი პარტია უნდა?! ჩემს თავზე არ ვამბობ, დიდი შემოქმედი ვარ-მეთქი, არც იმას, სწორად ვიქცევი ან ვცდები-მეთქი, მაგრამ ერთი ნაღდია: შემოქმედი არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდეს თუკი უნდა დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ არასდროს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ეგ კი არა, კომკავშირშიც არ შევსულვარ და ამიტომ არ ვერევი პოლიტიკაში! როგორც ეძახიან ხოლმე, ერთი პლუსი ეგ მაქვს...წაიკითხეთ სრულად