რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომელსაც მალე საქართველოში შემოიტანენ და რომელ ქვეყნებში იყენებენ მას | Allnews.Ge

რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომელსაც მალე საქართველოში შემოიტანენ და რომელ ქვეყნებში იყენებენ მას

საქართველოში აპრილში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების, Sinopharm-ის ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, "სინოფარმის" ვაქცინას იყენებენ ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უნგრეთი და სერბეთი და ამ ვაქცინით უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი - "კარგია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია მალე ავტორიზაციის შესახებ და ესეც დაემატება იმ მენიუს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

აღნიშნული ვაქცინა ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. სააგენტო "როიტერსის" უახლესი ცნობების მიხედვით, ჯანმო ელოდება ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დასრულებას და კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს, ზუსტად რამდენი დოზის მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვაქცინა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა, ვირუსისგან დასაცავად ამ ვაქცინის სამი დოზის მიღება იყოს საჭირო, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინისგან განსხვავებით, "სინოფარმს" არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები შენახვისთვის, არ სჭირდება ექსტრა ყინულოვანი მაცივრები, მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ყოველივე კი დისტრიბუციისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • ვნახოთ, რა არის ცნობილი "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ

"აშშ-ში 30 მლნ დაინფიცირებულს შორის 500 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 140 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი

"სინოფარმმა“ 2020 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვაქცინის კვლევის სამმა ფაზამ მისი 79%-ით ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი ეფექტიანობა აჩვენა. მაგალითად, ვაქცინის გამოყენება დაუშვეს გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, სადაც იანვარში განაცხადეს, რომ შუალედური შედეგის მიხედვით, ის 86%-ით ეფექტიანი იყო.

კომპანიის სპიკერმა აღნიშნულ შეუსაბამობაზე "როიტერსთან“ თქვა, რომ დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ჯერ კვლავ კვლევის ეტაპზეა, ის ჩინეთში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია - ინექციის შემდეგ ჩნდება ანტისხეულები და ორგანიზმი მზადდება იმისთვის, რომ შემდგომში ებრძოლოს კორონავირუსის ინფექციას.

"სინოფარმის" ვაქცინას იყენებენ სერბეთში, უნგრეთში, გაერთიანებულ არაბთა საემიროებში, პერუში, ეგვიპტეში, ვენესუელაში, მექსიკაში და რა თქმა უნდა, ჩინეთში.

ამასთანავე, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამდენად ეფექტიანია "სინოფარმის" ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ. როგორც სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, სინოფარმის ვაქცინას აქვს ისეთივე გვერდითი ეფექტები, როგორიც კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს - ცხელება, აცრის გაკეთების ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, რომელიც მაქსიმუმ ორ დღეში ქრება, თუმცა ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ დეტალური, ზუსტი და ყველაზე სარწმუნო ჩამონათვალი გამოქვეყნდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც ჯანმო აღნიშნულ პრეპარატს ავტორიზაციას მიანიჭებს.