პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი? | Allnews.Ge

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

სასექსის ჰერცოგმა, ბრიტანელმა პრინცმა ჰარიმ აშშ-ში მუშაობა დაიწყო და თანაც მას უკვე ორი სამსახური აქვს. ჰარი გახდა კომპანია BetterUp-ის ხელმძღვანელი გუნდის წევრი. BetterUp - ეს არის სტარტაპი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან.

ოფიციალურ განცხადებაში ჰარი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია თავისი ახლანდელი როლით. მისი სამუშაო საათები და ასევე ხელფასი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

"როგორც მსოფლიოს ნამდვილმა მოქალაქემ, მან თავისი საქმიანობა მიუძღვნა იმ ადამიანების საჭიროებების დაცვას, რომლებსაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ“, - ნათქვამია ჰარის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში და აღიშნულია, რომ ჰარიმ დააფუძნა სხვადასხვა დროს არაერთი ორგანიზაცია, ასევე ციფრული პლატფორმა, რომლის მიზანიც იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება.

BBC-ის ცნობით, კომპანიაში ჰარის საქმიანობა იქნება სხვადასხვა საკითხების ინიცირება, ჩართული იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში და საჯარო ადვოკატირებას გაუწევს ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს.

ჰარი ამბობს, რომ ამ კომპანიაში მუშაობა გადაწყვიტა, რადგანაც ნათლად დაინახა, რომ იქ მომუშავეებს ნამდვილად აღელვებდათ ადამიანების ბედი და ნამდვილად სურდათ სხვებს დახმარებოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრინცმა BetterUp-ის სერვისით თავადაც ისარგებლა.

რაც შეეხება მეორე სამსახურს, როგორც "დეილი მეილი“ წერს, სასექსის ჰერცოგი ასპენის ინსტიტუტის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახურის კომისიის წევრი გახდა.

ცნობილია, რომ ის მონაწილეობას მიიღებს კომისიის სხდომებში, ჩაერთვება კამპანიაში, რომლის მიზანიც იქნება დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება.

ინფორმაციისთვის, პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა ოპრა უინფისთან ინტერვიუში ისაუბრეს დიდი ბრიტანეთიდან წასვლის მიზეზებზე. წასვლის ერთ-ერთ მოტივად მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და ტაბლოიდების განუწყვეტელი ყურადღება დაასახელეს. მეგან მარკლმა ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიურ პრობლემებზეც, რომელიც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების დროს ჰქონდა და აღნიშნა, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა.