მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა | Allnews.Ge

მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა

მთიანი ყარაბაღის ომს, გარდა დიდი ადამიანური მსხვერპლისა, მოჰყვა ქალაქების, ისტორიული ძეგლების განადგურება. სომხეთში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანელები სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებენ.

BBC-ის კორესპონდენტი, ჯონა ფიშერი გვიყვება ომის შემდგომ მთიან ყარაბაღში "გაუჩინარებული“ სომხური ეკლესიის შესახებ. მისივე ცნობით, ეკლესია ხელუხლებელი იყო მაშინ, როცა სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა და ეს ინტერნეტში გავრცელებული ომის შემდგომ გადაღებული ვიდეოთი დასტურდება.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ეთნიკურად სომხები შეძლებდნენ ყარაბაღში დარჩენას, თუმცა პარალელურად, სომხები აზერბაიჯანს კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებასა და დანგრევაში სდებენ ბრალს. მათ შორის, ეკლესიებისა და მონუმენტების განადგურებაში. ორივე მხარე კი ერთმანეთის სამხედრო დანაშაულზე მიუთითებს.

ნაჩვენებია, რომ რეპორტიორი რუკის მიხედვით მიდის იმ ადგილას, სადაც ეკლესია უნდა იყოს, თუმცა ტაძარი აღარაა, მხოლოდ ხეები და ნანგრევებია.

იგივე ადგილი, თუმცა ამჯერად ტაძრის გარეშე

 

ვხედავთ ვიდეოკადრებსაც, სადაც ჩანს ტაძრის თავზე ასული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც ქალაქ ჯებრაილის აღებას ზეიმობს, ასევე გვესმის სხვა ჯარისკაცების შეძახილები - "ალაჰ აკბარ!.“ (შენიშვნა: არსებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია 2020 წლის ნოემბერში).

  • სად გაქრა ტაძარი?

ჟურნალისტის კითხვას, თუ სად გაქრა ტაძარი, აზერბაიჯანელი პოლიციელი პასუხობს, რომ ის ომის დროს განადგურდა. რეპორტიორის თქმით, კი ომის დროს ვერ განადგურდებოდა, რადგანაც არსებობს ომის შემდეგ გადაღებული ვიდეო, სადაც ამ ადგილას აზერბაიჯანელები არიან. ყოველივეს შემდეგ პოლიციელი ამბობს, რომ სომხებმა ტაძარი თავად გაანადგურეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩევლის, ჰიქმეთ ჰაჯიევის თქმით, არაფერი იცის ტაძრის შესახებ და ყოველივეს გადამოწმება სჭირდება.

სომხეთის მიერ განხორციელდა საოკუპაციო პოლიტიკა აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ და თქვენ ნახეთ ჯებრაელის, ფუზულის განადგურების დონე. აზერბაიჯანის 8 ქალაქზე მეტი განადგურდა - ამბობს ჰაჯიევი.

BBC-ის სიუჟეტში ნაჩვენებია მთიანი ყარაბაღის განადგურებული ქალაქები და ასევე აზერბაიჯანული ოჯახი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან, თავიანთი სახლიდან 1993 წელს, ომის შემდეგ წავიდნენ, ხოლო ახლა, როცა ომში აზერბაიჯანმა გამარჯვება მოიპოვა, ისინი უკან დაბრუნდნენ.

"ღმერთი დასჯის სომხებს… როგორ შეიძლება ამის ატანა“, - ამბობს ოჯახის წევრი განადგურებული ქალაქების ნახვისას. ისინი მივიდნენ საფლავზე, სადაც განადგურებული, დამსხვრეული საფლავის ქვები დახვდათ.

"მათ ჩვენს გარდაცვლილებზე იძიეს შური“ - ამბობს ერთ-ერთი აზერბაიჯანელი.

ყოველივეს შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არა აივანიანი აცხადებს, რომ ომის დროს არასწორი ქმედებები ყველა მხარისგან იყო.

"თუ არსებობს რაიმე ასეთი ფაქტი (საფლავების განადგურება), მოდით ვთქვათ, რომ ეს იყო ინდივიდუალური დამოკიდებულება, ეს არ ყოფილა სახელმწიფო პოლიტიკა“, - ამბობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

წყარო: BBC.com

ვიდეო, სადაც ტაძრის თავზე ასული ჯარისკაცი ჩანს:

 

   ambebi.ge