"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები? | Allnews.Ge

"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები?

როგორც გეოლოგები ამბობენ, თბილისი გეოლოგიურად სუსტ ქანებზე მდებარეობს, რაც ხელს უწყობს მეწყრული პროცესების განვითარებას. მათივე თქმით, დედაქალაქში უამრავი მეწყერსაშიში ზონაა, სადაც დაუშვებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

ვინაიდან ეს საკითხი დღესდღეობით ე.წ. ვაშლიჯვრის ნაპრალის გამო აქტუალურია, შეკითხვებით მივმართეთ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტს ირაკლი მიქაძეს.

"ამჟამად, მაჭავარიანის ქუჩის მხრიდან ხდება საავტომობილო გზის გაჭრა, რამაც გაააქტიურა ნუცუბიძის პლატოს მიძინებული მეწყერი, დაიწყო მისი წონასწორობიდან გამოსვლის პირველი სტადია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაპრალების წარმოშობა. ამჟამად, მიმდინარეობს ფერდობის მდგრადობის პირობების შესუსტება, მეწყრული სხეულის დანაწევრება ბლოკებად, სრიალის ზედაპირის ჩამოყალიბება და ა.შ.

თუ არ შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ძირს უთხრის მეწყრის ფუძეს, ტექნიკის მოძრაობა, ბიძგები და რხევები, რომლებიც გადაეცემა გრუნტს, პროცესი რადგან დაწყებულია, შესაძლებელია, რომ გააქტიურდეს, რასაც მოსალოდნელი წვიმები ხელს შეუწყობს.

წვიმა დაასველებს, დაამძიმებს ბლოკებად დაშლილ გრუნტს, ზედაპირული წყალი ჩავა ნაპრალებში, გაუყვება სრიალის ზედაპირს და მოიყვანს მოძრაობაში მრავალტონიან გრუნტის მასებს, რომლის შეჩერება, შემდგომ შეუძლებელი იქნება. თუ ამ პროცესს დაემატა სეისმური ფაქტორიც, თუნდაც მცირე ბიძგები, მიწის მასა მოწყდება და მეწყერი დაიწყებს გადაადგილებას, ვიდრე არ მიიღებს ახალი სტაბილიზაციის მდგომარეობას", - აღნიშნავს ბატონი ირაკლი.

- გეოლოგებისგან მსმენია, რომ თბილისი პრაქტიკულად მდინარის კალაპოტშია აშენებული, რადგანაც ადრე, მდინარე მტკვარი თურმე მამადავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა...

- მდინარე მტკვრის ტერასები, მისი აუზის ფერდობებზე შემორჩენილი, ჰორიზონტალური ან მდინარისაკენ ოდნავ დახრილი, ბუნებრივი საფეხურებია, რომლებიც წარსულში მდინარე მტკვრის კალაპოტის ფსკერს წარმოადგენდა. წარსულში მტკვარი, თბილისის გარშემო არსებულ, დღევანდელი მთა-გორაკების დონეზე მიედინებოდა. აკადემიკოს ალ. ჯანელიძის ხატოვანი თქმით: "სანამ დიღმის ველიდან ყარაიასაკენ გაიჭრებოდეს, მტკვარმა ვიწრობი უნდა გაიაროს. ეს ვიწრო არხი მამადავითსა და მახათას შუა თვით მდინარის გაჭრილი არის. თავდაპირველად ეს ხეობა არ არსებობდა და შეერთებული მამადავითი და მახათა ერთიანი მთის ქედს წარმოადგენდა“.

თბილისის მიდამოები წარსულში მთაგორიანი იყო, იგი მრავალი ნაკადულით იყო დასერილი, რომლებიც იკრიბებოდა და ქმნიდა მოზრდილ მდინარეს. მტკვარი ფართო ნაკადის სახით მიედინებოდა ზღვის დონიდან 600-620 მეტრის სიმაღლეზე. მდინარე გადაადგილდებოდა მახათას მთასა და მამადავითის მთას შორის ტერიტორიაზე. დროთა განმავლობაში მტკვარი რეცხავდა ქანებს, შედეგად, მდინარის კალაპოტი თანდათან ღრმავდებოდა.

თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული. ყველაზე აქტიური მეწყრული ზონებია: მთაწმინდის ჩრდილოეთი ფერდობი, ფუნიკულიორი, სოლოლაკი, მამადავითი, ნუცუბიძის პლატო, მუხათგვერდის მთის ფერდობები, მდინარე ვერეს ხეობა და მისი მარჯვენა სანაპირო - ე.წ. "ვაკის მეწყრები“, ლოტკინის მთა, კიბალჩიჩის ქუჩა, ლისი, ბაგები, აბანოთუბანი და ა.შ.

2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრამ საგრძნობლად გაააქტიურა მეწყრული პროცესები. 1980 წლის 14 მაისს, ძლიერმა ნალექებმა ვერეზე 12 მეტრი სიმაღლის კედლის ჩამონგრევა გამოიწვია, წარმოიშვა ღვარცოფი, რასაც შენობების ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს, ვერეს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, როდესაც კოკისპირული წვიმების გამო მეწყერი ახალდაბა-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა.

მეწყერი ახალდაბა-ბეთანიის გზაზე

 

შედეგად წარმოიშვა ღვარცოფი. ღვარცოფმა დაანგრია სვანიძის ქუჩაზე, ვერეს ჭალაში არსებული შენობა-ნაგებობები, ხოლო თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებულმა გვირაბმა ვერ გაატარა წყლისნაკადი, მოხდა შეგუბება და შემდეგ, ღვარცოფი დიდი სისწრაფით დაეშვა და წალეკა ვერეს ჭალაში არსებული საავტომობილო გზა, ზოოპარკი.

- ე.ი. აღნიშნული ტერიტორიები მეწყერსაშიში ზონებია?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, რაც კი თბილისში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ცენტრალური ქუჩა, მაგისტრალი თუ პროსპექტია, ყველა მდინარის ტერასებს წარმოადგენს. მდინარე ჭრიდა და ჩადიოდა ქვედა საფეხურებზე, სადაც თავის ნალექს ლექავდა. მტკვრის ხეობაში ასეთი 6 საფეხურია დაფიქსირებული.

- ამ კალთებზე კოკისპირული წვიმების დროს, რადგანაც თიხიანი ქანებია, ადვილად წარმოიქმნება ტალახიანი ნაკადები?

- დიახ, ამას ღვარცოფს ვეძახით, რაც მერე ხევებს წარმოქმნის და ყოველი ასეთი ხევი ღვარცოფულია. მტკვრის შენაკადების საერთო სიგრძე 230 კილომეტრია. მათ შორის ყველაზე გრძელი მდინარე ვერეს ხეობაა - 45 კილომეტრი. ამ ხეობაში ფერდობები არამდგრადი ქანებისაგანაა აგებული და თავსხმა წვიმების შედეგად დახრამული, რის გამოც, მეწყრული პროცესებია განვითარებული.

ქალაქში მიდის ურბანიზაციის მწვავე პროცესი, შენდება მაღალსართულიანი სახლები. თან, ყველა ცდილობს, სახლი ცენტრში აიშენოს, გარეუბანში ნაკლებად მიდიან. არადა, ცენტრი ამდენ სახლს ვეღარ იტანს. ადრე თბილისში 4-5-სართულიანი შენობები იყო, მერე აშენდა პირველი 11-სართულიანი, რასაც 20-სართულიანი მოჰყვა და ახლა უკვე 32-სართულიანებს აშენებენ.

- ე.ი. ქალაქი სიმაღლეში მიდის...

- დიახ და მძიმდება ტერასები აღნიშნული საძირკვლებით. იღებენ ტერასის ძირებს, თხრიან საყრდენს, რომელიც ისედაც არ არის მყარი, მეწყერს ფუძეს აცლიან, რაც შემდეგ შენობების დაბზარვასაც იწვევს. ავიღოთ მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე სულ დამეწყრილია, მას "ვაკის მეწყრებს“ უწოდებენ. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის დროს "მზიურის" ტერიტორიაზე აკრძალეს სახლების მშენებლობა.

ამასთანავე, მაღლივი სახლები ამ ქალაქში ისედაც გლობალური დათბობის პერიოდში კლიმატს ცვლის. ასევე გაზრდილია ატმოსფერული ნალექების ინტენსივობა. აქ მაღლივი სახლები დიდ როლს თამაშობენ, ისინი კონვენციური დინებების წარმოშობას უწყობენ ხელს. არის ასეთი წრიული დინებები, რომელიც იქმნება მაღლივი სახლების გარშემო, რის შედეგადაც სითბური კუნძულები წარმოიქმნება. ამას ავტომობილების გამონაბოლქვიც ემატება, რაც ჰაერს, ღრუბლებს ამძიმებს და მაღლივი სახლების თავზე ამ ყველაფრის კონცენტრაციას ახდენს, შედეგად მოდის კოკისპირული წვიმა. აი, როგორი მძიმე გავლენა აქვს ურბანიზაციას კლიმატზე.

- თუ ასეთ სუსტ ქანებზეა ჩვენი ქალაქი განლაგებული, რატომ მოხდა მისი ასეთი გაზრდა-განაშენიანება?

- ამ შეკითხვით მერიას მიმართეთ, სადაც შეიქმნა ქალაქის განვითარების გენგეგმა, რომელშიც მუდმივად შეაქვთ შესწორებები, მაღლივი შენობების მშენებლობის მიზნით.

- მაღალსართულიანი სახლები სად უნდა აშედეს, რა მონაცემებია ამისთვის საჭირო?

- მტკვრის გასწვრივ, ორივე ფერდობზე, სადაც განვითარებულია მეწყრები, მთაწმინდის ჩრდილოეთი ფერდობი, ფუნიკულიორი, სოლოლაკი, მამადავითი, ნუცუბიძის პლატო, მუხათგვერდის მთის ფერდობები, ვერეს ხეობა და მისი მარჯვენა სანაპირო - ე.წ. "ვაკის მეწყრები“, ლოტკინის მთა, კიბალჩიჩის ქუჩა, ლისი, ბაგები, აბანოთუბანიდა ა.შ., მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა დაუშვებელია!

- როგორ უნდა მოხდეს "ვაშლიჯვრი ნაპრალის“ შეკავება - რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს?

- სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები, ტექნიკისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილება, რომ შემცირდეს ბიძგები, რხევები და მეწყრის ფუძის გამოთხრა. დაწესდეს მონიტორინგი ნაპრალების მდგომარეობის გაკონტროლების მიზნით, გაკეთდეს ნაპრალების სკანირება და შეიქმნას მეწყრული სხეულის სივრცული მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად და რა ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო. დამონტაჟდეს უსაფრთხოების სისტემა ისე, როგორც ეს გაკეთდა ვერეს ხეობაში...

ავტორი:ლალი ფაცია    ambebi.ge