"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი | Allnews.Ge

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ მათი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს ხვალ დადებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე დინამიკაში მოსული მეწყერია, რასაც თან მოჰყვება ქვათა ცვენა. ამასთან, როგორც ის განმარტავს, მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს.

"ხვალისთვის ჩვენი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს დადებს, თუ რა დავინახეთ, რა მდგომარეობაშია, დეფორმაციის სიჩქარე როგორია, ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი, მაგრამ მიახლოებულ შეფასებას დავდებთ. მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი ხედვის შესახებ. ეს არის მოძრაობაში მოსული მეწყერი, ცხადია, ამას არ უნდა კვლევა, ჩვეულებრივი მოქალაქეც ხვდება რომ დინამიკაში მოსული მეწყერია, აუცილებლად იქნება ქვათა ცვენა და ასე შემდეგ. ყველა ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს, რაც ხდება, აუცილებელია მონიტორინგი, რომ დავინახოთ საით მოძრაობს ის, რა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა კონტროლირდებოდეს. ვადები გადამწყვეტია, ნალექების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს. მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს, ნებისმიერი ვიბრაცია პრობლემაა", - განაცხადა გოდოლაძემ.

ფერდობზე ნაპრალის პროგრესირების შესახებ საუბრობს დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი.  

როგორც ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მეწყერული პროცესის მიმდინარეობა მინიმალური მოცულობით ხდება.

„რაც შეეხება ნაპრალს, ეს ჯერ სტაბილიზაციაში მყოფი არ არის, რა თქმა უნდა, პროგრესირებს, თუმცა, მინიმალური მოცულობით ხდება ამ მეწყრული პროცესის მიმდინარეობა. უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე გვექნება ზუსტი პირველადი მონაცემები, ამის შემდგომ დავიგეგმებით კონკრეტულ სამუშაოებზე“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი კვლევის სამუშაოებში დღესვე ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.