"ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის" - ექთანი, რომელიც კომაში ჩავარდა, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა | Allnews.Ge

"ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის" - ექთანი, რომელიც კომაში ჩავარდა, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა

გუშინ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრები უპირველესად სამედიცინო პერსონალს უტარდება. პირველმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალციხეში, კლინიკა "იმედში" იმავე კლინიკის ექთანი, 27 წლის ქალბატონი აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა, რასაც კლინიკის ეზოში შეხლა-შემოხლა მოჰყვა - ქალბატონის ახლობლებმა შენობის შუშები ჩაამტვრიეს.

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. როგორც ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობენ, ექთანს აცრიდან რამდენიმე წუთში დაწყებია ძლიერი ცხელება და მალევე სარეანიმაციო გამხდარა.

ახალციხელები ფიქრობენ, რომ ამგვარი რამ, ვთქვათ, ვაქცინაციის პროცესით გამოწვეულ ემოციას ვერ დაბრალდება, რადგან წინა დღეს ანუ გუშინ თავად ეს ექთანი ცრიდა სხვა პაციენტებს იმავე ვაქცინით.

მეგი ბაქრაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ საზოგადოებასაც ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა.

"აუცილებელია ვაქცინაცია, უძლური ვართ მოსახლეობა კოვიდზე და ამიტომ აუცილებელია, რომ ავიცრათ. მოსახლეობას ეშინია, ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის.

ნაკლები ინფორმაცია აქვთ ალბათ, რომ ჩაიკითხონ მიხვდებიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება. თრომბი არამგონია ჩვენთან გამოიწვიოს. შიშებია, რომ ამას იწვევს, იმას იწვევს. მოვუწოდებ ყველას გაიკეთონ ვაქცინა" - ამბობდა მეგი ბაქრაძე ტელეკომპანია "მეცხრე არხთან" საუბრისას.

 

 

ახალგაზრდა ქალის ახლობლები კვლავ კლინიკის ეზოში იმყოფებიან, შენობის შესასვლელთან კი პოლიციაა მობილიზებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქალბატონს თბილისში გადმოიყვანენ.