ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა - "ჩანს, როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას... ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს" (ფოტოები) | Allnews.Ge

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა - "ჩანს, როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას... ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს" (ფოტოები)

ბოლო 2 დღეა ვრცელდება ფოტომასალა, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურებას ასახავს. ფოტოები 17 მარტს "ნიკამ" ატვირთა.

"ბევრად დიდი მაშტაბებია, ვიდრე გუგლის ფოტოზეა მონიშნული... ეს ბეტონები ალბათ საკმაოდ მაღალია და გზას იცავენ ქვებისგან. ასევე ჩანს, ბაგირით და ანკერებით როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას. სავარაუდოდ, 2 და 3 დღის ამბავი არაა ამისი ამოძრავება, უბრალოდ ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს, მანქანას თუ დაეცემა... ქვევითაც (გზის მშენებლობის ადგილას) არ ჩერდება... თიბისის ახალი სათაოს მშენებლობა ცოტა უკან და ერთი ხევის შემდეგ მიდის..." - წერს ფოტოების ავტორი.

 

"ვაშლიჯვრის/ნუცუბიძის გზა დღეს უკვე ორმხრივად გადაკეტეს და აგერ მიზეზიც გაირკვა, იმდენი თხარეს, რომ გარა იეძიტ კ მუჰამედუ" - წერს "ფეისბუქზე" ფოტოგრაფი ბილი ბილიხოძე და "ფორუმის" ფოტოებს აზიარებს.

 

 

ფოტოები ქვეყნდება ასევე Architectural Forum-ის "ფეისბუქ-გვერდზე".

საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე განცხადება გავრცელდა, თუმცა განცხადებაში, მხოლოდ "მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის ცვლილებაზეა" საუბარი და მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურება მხოლოდ ერთი წინადადებითაა ნახსენები.

"მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N89 ავტობუსი მაჭავარიანის ქუჩისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმართულებით, ანჯაფარიძის ქუჩიდან მოძრაობას ყაზბეგის გამზირის, იონა ვაკელისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით შეძლებს. N137 მიკროავტობუსი კი თავისუფლების მოედნიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გავლით, მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრამდე გადაადგილდება.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებენ.

იხილეთ ვიდეო: