ვინ არის პირველი ვაქცინირებული ქვეყანაში?- საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო | Allnews.Ge

ვინ არის პირველი ვაქცინირებული ქვეყანაში?- საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყნაში პირველი ადამიანი ზუგდიდში აიცრა. ვაქცინა „ევექსის“ ექიმმა გაიკეთა.

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკია დარეგისტრირებული.

15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები და მედიკოსები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ თბილისსა და რეგიონებში სხვა კლინიკებში განთავსებულ პუნქტებში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და "მედკაპიტალში" დაესწრება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.