ავსტრალიაში მცხოვრები ქართველი წყვილი, რომელიც ადგილობრივებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის და ქართულ კულტურას აზიარებს | Allnews.Ge

ავსტრალიაში მცხოვრები ქართველი წყვილი, რომელიც ადგილობრივებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის და ქართულ კულტურას აზიარებს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული ფოლკლორით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი არც ისე ცოტაა. ამას მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად ხელს უწყობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების საქმიანობა და ძალისხმევა. ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ავსტრალიაში, კერძოდ მელბურნში მოღვაწე ქართველი ეთნომუსიკოლოგი ცოლ-ქმარი, იოსებ ჟორდანია და ნინო ციციშვილი. ბატონი იოსები და ქალბატონი ნინო მეცნიერულად იკვლევენ ქართულ მრავალხმიანობას, ამასთან, ავსტრალიელებს და არა მარტო მათ, ქართულ ხალხურ სიმღერებს აწავლიან და ქართულ კულტურას აზიარებენ. როგორც ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში ქართველი წყვილი, რამდენად რთული იყო გზა, რომელიც მათ გაიარეს და რაზე ოცნებობენ დღეს,    ამის შესახებ ქალბატონი ნინო ციციშვილი გვესაუბრა.

- მე გახლავართ ეთნომუსიკოლოგი, ან უფრო ძველი ტრადიციული ტერმინი რომ გამოვიყენო, ფოლკლორისტი-მუსიკისმცოდნე. ვცხოვრობ მელბურნში, ავსტრალიაში. ვიკვლევ და ვაქვეყნებ სტატიებსა და წიგნებს მუსიკალური კულტურის სხვადასხვა საკითხზე (ჩემი პირველი წიგნი იყო გენდერის/პატრიარქატის და ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის და კულტურის საკითხებზე) -კულტურის პოლიტიკის შესახებ, ეთნოგენეზის და მუსიკის ურთიერთობა. ჩემი მესამე წიგნი შეეხება სასიყვარულო სიმღერის წარმოშობის საკითხს საერთაშორისო და ევოლუციური პროცესების კონტექსტში. პროფესიული საქმიანობის გარდა მიტაცებს ცხოველებთან ურთიერთობა და მათზე დაკვირვება, ფსიქოლოგიის და ქვეცნობიერების საკითხები.

- როდის მიიღეთ საქართველოდან გამგზავრების გადაწყვეტილება და რატომ მაინცდამაინც ავსტრალია?

- დიდი ხნის წინ, 1993 წელს, მაშინ 30 წლისაც არ ვიყავი. 1995 წელს ჩამოვედით ავსტრალიაში. ბავშვობიდან ძალიან მინდოდა დასავლეთის ქყვეყნებში ცხოვრება, რადგან საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი და ადამიანების დამთრგუნველი სახელმწიფო იყო. ავსტრალია უბრალოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება იყო: აშშ და ევროპასთან შედარებით უფრო ადვილი იყო ლეგალური ემიგრაცია. თანაც აქ ძალიან ლამაზი ბუნებაა.

- ალბათ უცხო ქვეყანაში ყველაფრის თავიდან დაწყება არ იყო მარტივი. რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ, როგორ გაიკვალეთ გზა, ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც ამ გზაზე გვერდით გედგნენ, გამხნევებდნენ და გეხმარებოდნენ?

- ძნელი იყო, მაგრამ, ახლა რომ ვუყურებ წარსულს, როგორ ჩამოვედით, დავიქირავეთ პირველი ბინა, შევხვდით ახალ ხალხს და გავიჩინეთ მეგობრები, გვიჭირდა ფინანსურად - მხოლოდ ახლა ვგრძნობ, რეტროსპექტიულად, რომ ძნელი იყო, მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი უნივერსიტეტში სწავლით, მაგისტრატურის და შემდეგ სადოქტორო დისერტაციის წერით. მოგვიანებით, როცა სული მოვითქვით, - მსოფლიოს გარშემო მოგზაურობით, კონფერენციებზე გამოსვლით, მოკლედ, ახალი ცხოვრების შენებით. ძალიან საინტერესო იყო. მაშინ ჩვენი შვილი სანდრო, ხუთი წლის გახლდათ და საკმაოდ ძნელი იყო მისთვისაც, რადგან ოჯახი არ ჰყავდა გვერდში. ყველა და ყველაფერი უცხო იყო. მართალი რომ გითხრათ, ახლა ვიყურები წარსულში და ასე მგონია, არასოდეს არ წამოვიდოდი ასეთ შორეულ ქვეყანაში.

უცხო ენაზე სწავლა და შემდეგ სწავლება არ იყო ადვილი, მითუმეტეს ასეთ შორეულ ინგლისურენოვან ქვეყანაში. ენა მარტო ენა არ არის, მის მიღმა მთელი კულტურა, ქცევა, შეგნებაა. ახლაც კი რთულია უცხო კულტურის ღრმა დეტალებში ჩაწვდომა, რომლებიც ადრეული ასაკიდან შემოდის ადამიანის გონებაში. ოჯახის სიშორე ძნელი იყო, არც ერთი ნათესავი არ გვყავდა, რომ უბრალოდ მივსულიყავით ხოლმე. ეს სიცარიელე ჩვენმა ინგლისელმა მეგობრებმა შეგვივსეს, ჩვენი ბავშვები ერთ სკოლაში იყვნენ და ხშირად იტოვებდნენ ჩვენს შვილსაც. ერთხელ აშშ-ში მოგვიწია წასვლა 10 დღით და მათ დაიტოვეს სანდრო.

ჩემ გვერდით იყვნენ მეგობრები და მამხნევებდნენ, პირველ რიგში კი ჩემი მეუღლე, რომელიც ჩვენი შვილის მოვლაში და ბევრ სადიასახლისო საქმიანობაშიც მეხმარებოდა და მხარს უჭერდა ჩემს პროფესიულ მოტივაციას. ჩემი კოლეგები, ხელმძღვანელი მარგარეტ კარტომი, რომელიც ცნობილი ეთნომუსიკოლოგია და მასთან ახლაც მაქვს კავშირი. ჩემი ახალი წიგნი უნდა წაიკითხოს გამოცემამდე და თავისი რჩევები, აზრები გამიზიაროს. კეი დრეიფუსი, რომელიც ახლაც მეხმარება ჩემი ნაწერების რედაქტირებაში. მეგობრები საქართველოდან, იური და ტატა ბახტაძეები, რომლებმაც არაჩვეულებრივად თბილად მიგვიღეს მელბურნში, მათთან გავატარეთ პირველი დღეები ავსტრალიაში, ისინი ფაქტიურად ოჯახივით არიან ჩვენთვის. სიდნეიში როცა მივდიოდით მოსკოვიდან (მაშინ საქართველოდან არ იყო ფრენები), თვითმფრინავში შევხვდით საქართველოს წარმომადგენელს ავსტრალიაში, სამწუხაროდ, სახელი აღარ მახსოვს, მან თავის სახლში მიგვიწვია და იქ გავატარეთ პირველი დღე-ღამე ავსტრალიაში, სანამ მელბურნში ჩავიდოდით. მის ოჯახთან სიდნეიში გადაღებული ფოტოებიც გვაქვს.

- ორ უნივერსიტეტში კითხულობთ ლექციებს. რამდენად საინტერესო და საპასუხისმგებლოა თქვენთვის სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობა?

- ვასწავლი „მსოფლიოს (ხალხთა) მუსიკას“ „მელბურნის უნივერსიტეტში“. აქ ბევრი სხვადასხვა ფაკულტეტიდან არიან სტუდენტები: ბიომედიცინა, მეცნიერება, ფიზიკა, კომპუტერები და ასე შემდეგ. Breadth subject ჰქვია, მას მხოლოდ სხვა ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ და არა მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

ქართულ გუნდს (Georgian Choir) მელბურნის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ვასწავლი. ისინი უკვე პროფესიონალი მუსიკოსები არიან. პირველი უნივერსიტეტია მსოფლიოში (საქართველოს გარეთ), რომელმაც საგანი „ქართული გუნდი“ შემოიღო. საამაყოა ჩემთვის, რომ მე მომიწია მისი სწავლება. კიდევ გვყავდა ქართული გუნდი, ბევრი სხვადასხვა ანსამბლი მე და ჩემს მეუღლეს, თუმცა ახლა უფრო სამეცნიერო საქმიანობაში ვართ ჩართულები, ეს ჩვენი პირველადი პროფესიაა.

ჩემი კვლევა და ბოლო წიგნი ისეთ საკითხებს შეეხება, რომ ამაზე საუბრის დაწყება ცოტა მერიდება ხოლმე არამეცნიერებთან. აი რატომ: ორიოდე სიტყვით რომ ავხსნა, ჩემი კვლევა ადამიანის ჯიშის სექსუალური სისტემის წარმოშობის საკითხებს შეეხება. ადრეულ კულტურებში (შემგროვებლები ამაზონიაში და აფრიკაში მაგალითად) არ არის სასიყვარულო სიმღერის ჟანრი, არც რომანტიკული ტიპის სიყვარული არ ჩანს და ეს შესაძლოა იმის მაჩვენებელია, რომ მონოგამიური ურთიერთობა და ბირთვული ოჯახი არ იყო დამახასიათებელი ადამიანის ჯგუფებისათვის ევოლუციის ადრეულ საფეხურებზე. ის მხოლოდ „კულტურის“ წარმოშობის, ადამიანის ბუნებაზე გაბატონების და საბოლოოდ მიწათმოქმედებაზე გადასვლის შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამ მოსაზრების ფორმულირებისათვის, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა დარგის მონაცემებში ჩაწვდომაა საჭირო და ასე ორი სიტყვით ვერაფერს ვაჩვენებ. პალეოანთროპოლოგია, ევოლუცია, სოციალური ბიოლოგია, ცხოველების შემსწავლელი დარგი ეთოლოგია და ასე შემდეგ. როცა ვამბობ, რომ სასიყვარულო სიმღერების წარმოშობაზე ვმუშაობ, პირველი შთაბეჭდილება ალბათ ისაა, რომ რომანტიკით ვარ დაინტერესებული.

იხილეთ ვიდეო

სტუდენტებთან ურთიერთობა რა თქმა უნდა საინტერესოა და ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. ავსტრალიაში ყველა პროფესია უაღრესად საპასუხისმგებლოა და მათ შორის სტუდენტებთან ურთიერთობაც. მათ ყოველ მოთხოვნას და პრობლემას უნდა მოუსმინო და გარდა ადამიანური თანადგომისა, უნივერსიტეტის პოლიტიკასაც კარგად უნდა იცნობდე. როცა იცი ის საგანი, რასაც ასწავლი, ამავე დროს ადამიანურად გახსნილი ხარ, თანაუგრძნობ სტუდენტებს, უზიარებ საინტერესო დაკვირვებებს შენი კვლევიდან და ცხოვრებიდან, უყვები მუსიკასთან და მეცნიერებასთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს, ყოველთვის კმაყოფილი რჩები გაკვეთილით შენც და სტუდენტიც. ყველანაირ ურთიერთობაში უნდა იყოს ცოდნის და ემოციების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა. თუმცა სიძნელეები არის, დამღლელია, უნდა შეაფასო ობიექტურად და ასე შემდეგ.

კანბერა, საქართველოს საელჩო. დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე

- როგორც ვიცი თქვენი მეუღლეც ამ სფეროში მოღვაწეობს. მასზეც მოგვიყევით... როგორია ორი ხელოვანი ადამიანის თანაცხოვრება?

- ჩემი მეუღლე არის ევოლუციური მუსიკისმცოდნეობის წარმომადგენელი, ცნობილი ეთნომუსიკოლოგი იოსებ ჟორდანია. უახლოეს წარსულში საქართველოს რესპუბლიკაში მის შესახებ გამოცემულ სტატიაში დახასიათებულია როგორც „ევოლუციის თეორიის რევოლუციონერი“. საკმაოდ ადვილია, როცა ორივე ერთ სფეროში მოღვაწეობს. ჩემი აზრით, ადვილად გვესმის ერთმანეთის იდეები და ხშირად ვსაუბრობთ მეცნიერულ თემატიკაზე. თანაც ამას პრაქტიკული მხარეც აქვს: თუ მას არ შეუძლია გაკვეთილის ჩატარება, ან მე, თავისუფლად შევცვლით ერთმანეთს. მუსიკის დაკვრაც ერთად შეგვიძლია, არანჟირება და ასე შემდეგ.

მართალი გითხრათ, არა-კოლეგა მეუღლე არ მყოლია, ასე რომ, არ ვიცი როგორი იქნებოდა. ასე მგონია, თუ ძალიან სერიოზულად ხარ რაიმე საქმეში ჩაფლული, ცხოვრების პარტნიორიც ხშირად ამ საქმესთან არის დაკავშირებული, თუმცა, ერთი რეცეპტი არ არის ყველასათვის.

- რამდენად პოპულარული და ნაცნობია ქართული ფოლკლორი ავსტრალიაში?

- 1995 წელს რომ ჩამოვედით, ავსტრალიაში ორი სიმღერა, „ერეკლეს მრასვალჟამიერი“ და გურული „ბატონებო“ იცოდნენ, ისიც ერთმა თუ ორმა გუნდმა. ჯერ ქართულმა ანსამბლმა „ჟურნალისტმა“ (ახლა „ქართული ხმები“) და მერე უელსელმა მუსიკოსმა ფრენკი არმსტრონგმა ასწავლა. ჩვენ რომ ჩამოვედით, გავიცანით აქაური მუსიკის ფესტივალების ორგანიზატორები (როჯერ კინგი, ტერეზა ვირტუე). ორივე ახლაც მჭიდროდ არიან დაკავშირებული საქართველოსთან, ჩვენი საშუალებით. 1996 შევქმენით ტრიო „ოქროს საწმისი“ გერმანელ მუსიკოს ქრისტოფ მოუბახთან ერთად და ბევრს ვასრულებდით და ვასწავლიდით ქართულ სიმღერებს. შემდეგ უფრო რაფინირებული ანსამბლი „ალილო“, რომელიც ძალიან რთულ სიმღერებს ასრულებდა, 2019 წლის ჩათვლით, სანამ კოვიდი დაიწყებოდა. ასე რომ ახლა საკმაოდ პოპულარულია ქართული სიმღერა. დღეს არსებობს ანსამბლები „გორანი“, „მელბურნის ქართული გუნდი“ და „წინწყარო“, რომლებიც ქართულ სიმღერას სწავლობენ და ასრულებენ კონცერტებზე. ძალიან გვიხარია, რომ ქართული მრავალხმიანობა ავსტრალიაშიც ცნობილი გახდა. ბევრ ავსტრალიელ მომღერალს აქვს მჭიდრო კონტაქტები საქართველოსთან. ისინი ჩამოდიან საქართველოში და სწავლობენ სიმღერას ქართული სიმღერის ოსტატებისაგან, ბატონი ისლამ და ვახტანგ ფილფანების ოჯახი ლენჯერიდან, ანსამბლი „ზედაშე“ სიღნაღში, თურმანიძეების ოჯახი აჭარაში, ბესო ჭითანავა ზუგდიდში. ლოიდ ო’ჰენლონიც (რომელმაც ქართული ენაც კი შეისწავლა) ჩვენი „მოწამლულია“. ისინი აგრეთვე სისტემატურად იღებენ მონაწილეობას თბილისის კონსერვატორიასთან არსებული ტრადიციული მრავალხმიანობის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებულ სიმპოზიუმებსა და კონცერტებში, რომელზედაც მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან მონაწილეები.

განაგრძეთ კითხვა