"თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც" - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე | Allnews.Ge

"თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც" - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბერა ივანიშვილმა განმარტა, ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წელს, მაშინ, როდესაც მის თაყვანისმცემლებზე, მისივე განმარტებით, მასიური ტერორი ხორციელდებოდა.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე ვიყავი ალბათ, 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ყველაფერში ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატიკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა, მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები. წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს იახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ. რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, ისინი დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ ამ შეხვედრას ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

 

კითხვაზე: ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები?- ბერა ივანიშვილმა უპასუხა:

„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, სხვა აზრის არის“, - განაცხადა ივანიშვილმა.