"როცა ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი, დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებიამ" - ეკა მამალაძე ცხოვრების მძიმე წლებს იხსენებს | Allnews.Ge

"როცა ბავშვებთან ერთად მარტო დავრჩი, დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებიამ" - ეკა მამალაძე ცხოვრების მძიმე წლებს იხსენებს

ცნობილი ადამიანების შვილები ხშირად დეპრესიით იტანჯებიან. რთულია, პოპულარული დედის ან მამის ჩრდილქვეშ ცხოვრება, მაგრამ ეკა მამალაძის ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით მოხდა. ადრეული ასაკიდან გააცნობიერა, რომ პოპულარული დედა ჰყავდა.

როდესაც თავადაც დაიწყო მუსიკალური კარიერა, არც მაშინ შეუქმნია ნანის შვილობას მისთვის დისკომფორტი... ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემაში "ნამდვილი ამბავი" ეკამ კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორი იყო ნანის შვილობა და როგორია ახლა ნატალიას დედობა.

ეკას ბებია ცაბუნია მიქელაძე ზრდიდა. არისტოკრატი ქალი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა თავადური მანერები. ეკა ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებს ბებიის როლს მის ცხოვრებაში და ამბობს ხოლმე, რომ მისი უფრო ეშინოდა ვიდრე დედის...

"ბებიამ გამზარდა უფრო მეტად, რომელსაც ბებიას არ ვეძახდი. საერთოდ ასეთი უცნაურობა მჭირდა, არავის ვეძახდი დედას, მამას, ბებიას, ბაბუას. ჩვენ სახლში მუდმივად სტუმრიანობა იყო, როდესაც ჩემი თაობის ბიჭები მოდიოდნენ, ბებია იკითხავდა, ბანი იცის ამან? - ცაბუ პატივს სცემდა იმ ბიჭებს, ვინც მუსიკის ფასი იცოდა. სამი წლიდან მქონდა აღქმული ნანის შვილობა. თუ შესაძლებლობა იყო გასტროლებზე წაყვანის, სულ მის გვერდით ვიყავი.

შეიძლება მის სიდიადეს ვერ აღვიქვამდი იმ ასაკში, ის ხომ მაინც ჩემი დედა იყო, ის იყო ჩემთვის განსაკუთრებული და ის იყო ნანი. საოცარ რაღაცას გეტყვით, ნანიმ მითხრა, მე რომ არ ვიყო შენს გვერდით, შენ უფრო წინ იქნებოდიო, მე უკან გწევო. ვუთხარი არა უშავს, იყავი ასე, კარგად იყავი და მე ამას ავიტან-მეთქი. ძალიან ამიჩუყდა გული, მითხრა, ალბათ მე შენ ხელს გიშლიო. არაფერსაც ხელს არ მიშლის, ეს არის დიდი ბედნიერება, რომ მე ნანის შვილი ვარ. ასეთი დიდი ხელოვანის შვილობა ვთვლი, რომ ძალიან რთულია და ჩრდილქვეშ ვარ" - ჰყვება მამალაძე.

ეკას ცხოვრებაში პირველ სიყვარულს პირველი ქორწინება მოჰყვა. 18 წლის იყო, როდესაც ექიმ-ტრავმატოლოგ გოგი საყვარელიძეზე იქორწინა. წყვილს ორი შვილი შეეძინა, თუმცა ბედნიერება 8 წელიწადს გაგრძელდა, საიდანაც ბოლო ორი წელიწადი მამაკაცი ავადმყოფობდა. 26 წლის ასაკში ეკა ორი შვილით, 7 წლის ლევანიკოთი და 5 წლის გოგიკოთი მარტო დარჩა.

"გოგი საყვარელიძე - პირველი სიყვარული, ჩემი პირველი გრძნობები, ყველაფერი პირველი იყო გოგისთან დაკავშირებით. უბედნიერესი ვიყავი და კარიერაზე საერთოდ არ მიფიქრია. გადართული ვიყავი ჩემი შვილების გაზრდაზე. როდესაც მარტო დავრჩი ბავშვებთან ერთად, არანორმალურად დიდი ძალა შემმატეს დედამ, ბებია ცაბუმ, მაშინ მამაც გვერდით მედგა. მითხრეს, შენს გვერდით ვართო და ამას არასოდეს დავივიწყებ..." - ამბობს ეკა მამალაძე.

30 წლის იყო როდესაც ბიოლოგ მერაბ ქუთათელაძეზე იქორწინა. მომავალი მეუღლე, უფროსი შვილის კლასელის მშობლების საშუალებით გაიცნო. მერაბს ეკას ბიჭებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრობდა ნანისთან... წყვილის ქორწინება წლები გაგრძელდა, 13 წლის იყო ნატალია, როდესაც მშობლები დაშორდნენ.

"უბედნიერესი წლები მქონდა როდესაც ნატალია დაიბადა. გოგოზე ვოცნებობდი, შეპყრობილი ვიყავი, ისე უნდა მოვკვდე რომ გოგო არ მყავდეს-მეთქი. 30 წლის ასაკში გამიჩნდა ნატალიკო. გავთხოვდი, მერაბს გავყევი და ნატალია გაჩნდა. არ მაქვს ის განცდა, რა ვქენი და რატომ გავაკეთე, ძალიან ბედნიერი ვარ. პატარა რომ იყო არასოდეს მღეროდა, ძალიან გვიან დაიწყო... არც სკოლაში მღეროდა, უცბათ, 9-10 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა. ახლა ვარ ნატალიას დედა და გადასარევია. ამას ვეგუები, ჩემი ხასიათი მშველის..." - აღნიშნა მომღერალმა.

ambebi.ge