"სამეფო კარის თამაშები" და ბრიტანული სამეფო ოჯახის მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7-მილიონ დოლარიანი ინტერვიუდან | Allnews.Ge

"სამეფო კარის თამაშები" და ბრიტანული სამეფო ოჯახის მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7-მილიონ დოლარიანი ინტერვიუდან

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლდათ, თუმცა ოპრა უინფრისთან ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ, მათი ამბავი კიდევ უფრო სენსაციური გახდა. ბრიტანელთა ნაწილი დღეს მეგანს "დრამის დედოფალს" უწოდებს, წერენ, რომ "ის შესანიშნავად ირგებს დატანჯული ქალის როლს", რომ ჰარი ეცოდებათ მის გვერდით, თუმცა ბევრია ისეთიც, რომელიც სამეფო წყვილს ბრიტანეთიდან წასვლისთვის, დრომოჭმული მონარქიის რეალური სურათის წარმოჩენისა და სამეფო კარის მანკიერი მხარეების გაშიშვლებისთვის აქებს და გადაწყვეტილებას უწონებს.

ინტერვიუში წყვილმა ბევრ ისეთ ფაქტზე ისაუბრა, რომელიც ბრიტანელებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა.

  • დისკუსია მეგანისა და ჰარის შვილის კანის ფერზე

მეგან მარკლის თქმით, მათ ვაჟს, არჩის პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში მის დაბადებამდე ღელავდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კანის ფერი ექნებოდა ბავშვს. მეგან მარკლის თქმით, ჰარის ოჯახის ერთმა წევრმა ჰკითხა, "რამდენად მუქი" შეიძლებოდა ყოფილიყო შვილის კანი. თუმცა სასექსის ჰერცოგინიამ არ დააკონკრეტა, სამეფო ოჯახის რომელმა წევრმა დასვა ეს კითხვა. ცნობისათვის, 39 წლის მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი თეთრკანიანი.

  • კონფლიქტი ქეით მიდლტონთან და ატირებული მეგანი

მეგან მარკლმა ინტერვიუში ისაუბრა ქეით მიდლტონთან ურთიერთობის შესახებ და გაიხსენა მომენტი, თუ როგორ ატირა ქეითმა ის სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, ქორწილის შემდეგ, ბრიტანულ მედიაში ქეითისა და მეგანის ჩხუბის შესახებ წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მეგანის გამო ქეითმა იტირა, მარკლი კი ახლა ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა სიმართლე არავინ თქვა და სამეფო ოჯახმა ის არ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა "საშინელებებს წერდა.“

"სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის კვირა მართლაც ძალიან რთული იყო, ის რაღაცის გამო განაწყენდა, კამათობდა, მაგრამ ამას მიხვდა და ბოდიში მოიხადა, ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის ბარათით. მან გააკეთა ის, რასაც მე გავაკეთებდი რომ მცოდნოდა, ვიღაცას გული ვატკინე“, - თქვა მეგანმა და აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ქორწილში მეყვავილე გოგონების კაბებს, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ.

  • სასახლეში ცხოვრება ისეთი რთული იყო, რომ მეგანს სიცოცხლე აღარ სურდა

მეგან მარკლი ბუკინგების სასახლეში ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქრობდა, რომ მხარს არავინ უჭერდა, საზოგადოებისა და მედიის წნეხი კი ძალიან დიდი იყო და ამ პერიოდში სურდა, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო. გამუდმებით სუიციდზე ფიქრობდა და ამის შესახებ ვერავის ეუბნებოდა, თუმცა ბოლოს ჰარის უამბო.

"როცა ასეთი ფიქრები მაწუხებდა მრცხვენოდა თქმის და მრცხვენია ამის აღიარება ჰარისთან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცი, რამხელა დანაკარგი განიცადა, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამას არ ვიტყოდი, ჩემს ფიქრებს რეალობად ვაქცევდი. უბრალოდ აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური აზრი, რომელიც არ მტოვებდა“, - თქვა მეგანმა და გაიხსენა ასევე ის, თუ როგორ ანუგეშა ჰარიმ, როდესაც ამის შესახებ შეიტყო.

  • ჰარის კავშირი არ აქვს მამასთან და ძმასთან

ჰარის თქმით, არც მამა ელაპარაკება და არც ძმა. ჩარლზი მის ზარებს არ პასუხობს, თუმცა შეატყობინა, რომ თუ რაიმე სათქმელი ექნებოდა, შეეძლო, წერილობით მიემართა. ამის გამო მამაზე ძალიან ნაწყენია. ჰარის თქმით, ჩარლზმა მას ვერ გაუგო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა, თავისი წარსულის გამო, ჰარის განცდების შესახებ.

  • წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს დედოფალთან

ერთადერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ამ ეტაპზე სასახლიდან ბებია, დედოფალი ელისაბედია და მიუხედავად ბრიტანეთიდან წასვლისა, ის შვილიშვილთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. "გასული წლის მანძილზე იმაზე მეტი ვისაუბრე ბებიასთან, ვიდრე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად კარგად ვუგებთ ერთმანეთს და მე და ბებიას ნამდვილად კარგი ურთიერთობა გავქვს“, - ამბობს ჰარი. მისივე თქმით, ელისაბედს ზუმის საშუალებით ხშირად ესაუბრებიან.

  • ჰარის სამეფო ოჯახმა ფინანსური დახმარება შეუწყვიტა

პრინცის თქმით, ოჯახმა დაფინანსება 2020 წლის დასაწყისიდანვე შეუწყვიტა, რის შემდეგაც, მან და მეგანმა Netflix-სა და Spotify-სთან გააფორმეს კონტრაქტები, ისინი მონაწილეობდნენ პოდკასტებში და ფულს ასე გამოიმუშავებდნენ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ თანხას, რომელიც ჰარის დედისგან, პრინცესა დაიანასგან მემკვიდრეობით ერგო. "მე მივიღე თანხა, რომელიც დედამ დამიტოვა, მისი მემკვიდრეობის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. ვფიქრობ, ის წინასწარ გრძნობდა, რომ მისი მხარდაჭერა ძალიან დამჭირდებოდა“, - თქვა პრინცმა.

  • მეგანმა და ჰარიმ საჯარო სამეფო ქორწილამდე სამი დღით ადრე საიდუმლოდ იქორწინეს

2018 წელს მილიონობით ადამიანმა ნახა მეგანისა და ჰარის ქორწილი. ცერემონია სხვადასხვა ქვეყნებში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ცერემონიას წინ უძღვოდა სამი დღით ადრე საიდუმლო ქორწინება, ხალხის თვალისგან მოშორებით. "დავურეკეთ არქიეპისკოპოსს და ვუთხარით, ეს სანახობა მსოფლიოსთვისაა, მაგრამ ჩვენ გვსურს ჩვენს შორის იყოს მხოლოდ კავშირი.“

  • "წავედი იმიტომ, რომ ოჯახი მხარს არ მიჭერდა“

პრინცის თქმით, ის წავიდა, რადგანაც ოჯახი ვერ უგებდა და მხარს არ უჭერდნენ. ხედავდა, რომ შესაძლო იყო დაიანას ისტორია გამეორებულიყო და მის ცოლს იგივე გადაეტანა, რაც დედამ. ჰარის თქმით, სასახლის მცხოვრებლები და პრიტანული პრესა მეგანს ისე ექცეოდა, როგორც დაიანას. უფრო მეტიც, ყველაფერს რასისტული გამონათქვამებიც ემატებოდა.

  • ჰარი ამბობს, რომ სამეფო ოჯახს ტაბლოიდების ეშინია

პრინცის თქმით, არასდროს არ აკრიტიკებს სამეფო ოჯახი ყვითელ პრესას და რომ ტაბლოიდების ეშინიათ. თითქოს რაღაც უხილავი კავშირია მათ შორის. ჰარი მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ, ხმამაღლა არასდროს დაუჭერიათ მხარი მეგანისთვის და სდუმდნენ, როცა მის ცოლს პრესა აბულინგებდა.

  • ჰარის თქმით, ის ვერასდროს შეძლებდა სამეფო ოჯახისგან გათავისუფლებას, რომ არა მეგანი

"მე სამეფო სისტემის ხაფანგში ვიყავი და ვერასდროს შევძლებდი გათავისუფლებას. ისევე ვიყავი ხაფანგში, როგორც ახლა ჩემი ოჯახის წევრები არიან, თუმცა მათ არ სურთ თავის დაღწევა.“

  • პრინცი ბედნიერია

ოპრასთან ინტერვიუში ჰარიმ თქვა, რომ მიუხედავად იმ ტკივილისა, რომელიც სამეფო ოჯახის წევრებმა მიაყენეს, ბედნიერია საკუთარ ოჯახთან, მეგანთან და პატარა არჩისთან ერთად. ზრუნავენ ერთმანეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და ჩვეულებრივი ცხოვრება აქვთ.

  • მეგან მარკლი კი ამბობს, რომ მის ისტორიას პრინცთან ბედნიერი დასასრული ექნება

"ეს უფრო შესანიშნავია, ვიდრე ნებისმიერი ზღაპარი, რომელიც აქამდე წაგიკითხავთ", - ამბობს მეგანი.

  • და ბოლოს, წყვილი გოგონას მოლოდინშია

ზაფხულში მეგანსა და ჰარის მეორე შვილი ეყოლებათ. ოპრასთან კი გაამხილეს, რომ ისინი გოგონას მოლოდინში არიან.

ცნობისთვის, ინტერვიუ CBS-ის ეთერში გავიდა და ეს ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინტერვიუ იყო. The Wall Street Journal წერს, რომ 7 მილიონიდან 9 მილიონ დოლარამდე გადაუხადა CBS-მა ოპრა უინფრის კომპანიას Harpo Productions-ს ინტერვიუს მომზადებაში. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სპიკერი აცხადებს, რომ წყვილს ინტერვიუსთვის თანხა არ აუღია.