რა შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში- მგზავრობის ვადიანი აბონემენტი, 50 თეთრიანი ტარიფი და საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა | Allnews.Ge

რა შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში- მგზავრობის ვადიანი აბონემენტი, 50 თეთრიანი ტარიფი და საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა

დედაქალაქის საკრებულომ გუშინ, დაამტკიცა "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა".

დოკუმენტი რამდენიმე საინტერესო სიახლეს გულისხმობს, რომელიც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, 2021-2023 წლებში ამოქმედდება.

პროგრამა მათ შორის გულისხობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ვადიანი აბონემენტების დანერგვას, ასევე დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქში მოძრავი ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ამასთან, მოქალაქეებს შეძლებათ, საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით ერთხელ აღებული ბილეთით იმგზავრონ.

უფრო კონკრეტულად კი, პროგრამით გათვალისწინებული სიახლეები და მათი დანერგვის ვადები ასე გამოიყურება:

  • სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასის დადგენა 50 თეთრის ოდენობით უნდა მოხდეს.
  • უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსისა და მეტროს უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში მიკროავტობუსების (ახალი ლურჯი მიკროავტობუსები) ჩართვის უზრუნველყოფა.
  • ასევე, დაგეგმილია ავტობუსებსა და მეტროში არსებული შეღავათიანი მგზავრობის პირობების გავრცელება მიკროავტობუსებში, რისი განხორციელების ვადაც დოკუმენტის თანახმად 2021 წლის 1-ლი აპრილია.
  • ტენდერის გამოცხადება - 8-მეტრიანი 180 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე (01.05.2021);
  • თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიკროავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ უკვე შესყიდული 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვის უზრუნველყოფა (01.08.2021);
  • ტენდერის გამოცხადება 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე (01.09.2021);
  • 8-მეტრიანი არანაკლებ 50 ერთეული ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.01.2022);
  • თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიკროავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ დამატებით 400 ერთეული ახალი მიკროავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა (01.01.2022);
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 300 ერთეული ახალი მიკროავტობუსის შესყიდვის და მიღების უზრუნველყოფა და თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიკროავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებისთვის გადაცემა (01.01.2022);
  • 8-მეტრიანი 130 ერთეული ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა (01.06.2022);
  • 1 ერთეული ავტობუსების არსებული ავტობაზის რეაბილიტაცია (01.01.2023);
  • 1 ერთეული ავტობუსების ახალი ავტობაზის მშენებლობა (01.07.2023);
  • მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვა და ამოქმედება (01.07.2023).