70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს | Allnews.Ge

70-იანი წლების სოხუმში გადაღებული ფილმი, სადაც 23 წლის თემურ წიკლაურის სამსახიობო დებიუტი შედგა - როგორ იხსნებდა რეჟისორი ახალგაზრდა მომღერალს

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ რეჟისორ გუგული მგელაძის ის ნამუშევარია, რომელშიც მომღერალ თემურ წიკლაურის როგორც მსახიობის დებიუტი შედგა. ცოტა ხნის წინ, ამ ფილმის ეპიზოდები, სხვადასხვა ტელეარხის საშუალებით, არაერთხელ ვიხილეთ კიდეც, როდესაც საქართველო საყვარელ მომღერალს ეთხოვებოდა...

თემურ წიკლაურმა ამ ფილმში ნოდარის (ბელაფონტე) სახე შექმნა და როგორც რეჟისორი ამბობდა, შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია, ქართული კინოს ვარსკვლავებს... იმის გამო, რომ მისი პერსონაჟი, სხვებისგან განსხვავებით, ფილმის მსვლელობის მანძილზე, მღერის და გიტარაზე უკრავს, ამიტომ, მისთვის ამერიკელი მომღერლის და მსახიობის ბელაფონტეს სახელი შეურქმევიათ...

„მეც არ ვიცი, ვის დავეძებ, მეც არ ვიცი, რა მინდა, ამ ძებნაში სიჭაბუკის ნახევარი გავიდა“ - ეს არის კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძის სიმღერა, რასაც ბატონი თემურის პერსონაჟი ასრულებს.

„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ 1969 წელს გადაიღეს. გადაღებები უმეტესად სოხუმში მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. თემურ წიკლაური პარტნიორობას უწევს - დოდო აბაშიძეს (ალექსანდრე), ასევე გრიგოლ წიტაიშვილს (გერასიმე), თამაზ თოლორაიას (ბიძინა). ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), ნანული პირველი (გალინა)...

ნაჩვენებია გასული საუკუნის 60-იანი წლები, მშენებლობაზე მომუშავე ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრების დასაწყისში და საკუთარი თავის ძიებაში არიან და ჯერ სირთულეების პირისპირ არცკი აღმოჩენილან, მაგრამ მეგობრის მოულოდნელი დაღუპვა მათთვის პირველი ტკივილი და სერიოზული გამოცდაა (გერასიმე მშენებლობაზე უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება, რაც ფილმის სიუჟეტს ამძიმებს)... თბილი, მხიარული და სევდიანი ფილმი მასში მონაწილე მსახიობებით მაყურებლისთვის თავიდანვე საყვარელი გახდა...

„ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ ტელეეკრანებზე გამოჩნდა და მაყურებელი კიდევ ვერ ივიწყებს. რას ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა რამდენიმე ათეული წელი და ხალხში ისევ იცოცხლებდა, გამოდის, ტყუილად არ მიშრომია... სცენარის ავტორი ჩემი მეგობარი, კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. ერთხელ ცკ-ს მესამე მდივანმა (ქალბატონმა) დამიბარა და მკითხა, - ბატონო გუგული, რამე ახალი სიუჟეტი ხომ არ გაქვთ, რომ გადაიღოთ? ვუთხარი, რომ ორი იდეა მქონდა და ვუამბე ჩემი მეგობარი სცენარისტის სულიკო ჟღენტის შესახებაც. მაშინ სულიკო ბათუმში იყო. დავურეკე და ჩამოვიდა. მივაწოდე იდეა, რა თემაზე მინდოდა ფილმის გადაღება და დაწერა. რაღაცები შევცვალე, დავუმატე, ძირითადი სცენარი კი იგივე დარჩა,“ - ყვებოდა რეჟისორი გუგული მგელაძე წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალექსანდრეს, მთავარი გმირის როლზე თურმე ორი მსახიობი მოიაზრებოდა: ეროსი მანჯგალაძე და დოდო აბაშიძე. ორივე გაუსინჯავთ, მაგრამ ეროსის რომ გაუგია, დოდოც ამ როლზე უნდოდათ, უარი უთქვამს. მეგობრები იყვნენ და არ უნდოდა, დოდოს შესცილებოდა.

განაგრძეთ კითხვა