რატომ ყრიდნენ მელიქიშვილის ქუჩაზე მარილს ხელით - "თბილსერვის ჯგუფის" განმარტება | Allnews.Ge

რატომ ყრიდნენ მელიქიშვილის ქუჩაზე მარილს ხელით - "თბილსერვის ჯგუფის" განმარტება

თბილისის მუნიციპალიტეტის შპს "თბილსერვის ჯგუფი" განმარტებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელზეც ასახულია, როგორ აყრიან ტექნიკურ მარილს ხელით დათოვლილ მელიქიშვილის ქუჩაზე.

 

 

"გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც მელიქიშვილის ქუჩაზე მარილის დაყრის სამუშაო პროცესია ასახული. უხვი თოვლის ნალექის გამო, "თბილსერვის ჯგუფი" დღის განმავლობაში მუშაობდა მთელი დატვირთვით და ტექნიკაც სრულად იყო მობილიზებული. "თბილსერვის ჯგუფი" ასევე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ღამის საათებში.

რასაკვირველია, ყველა ქუჩასა და ტროტუარზე, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტრო სადგურების ჩასასვლელებში, ასევე, საფეხმავლო ხიდებზე, ვერ იმოძრავებს სპეციალური ტექნიკა და ასეთ ადგილებში მარილი დაიყრება, როგორც ნიჩბით, ასევე ხელით.

მედიასაშუალებებს ვთხოვთ, პატივი სცენ ყველა იმ ადამიანის შრომას, ვინც კეთილსინდისიერად, საგანგებო რეჟიმში ემსახურება ქალაქს და ყინვასა და თოვლში ცდილობს მოქალაქეებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა მისცენ" - ნათქვამია "თბილსერვის ჯგუფის" განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 24 თებერვალს თბილისის მასშტაბით 200 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა და გზის გაწმენდის სამუშაოებიც ინტენსიურად ხორციელდება.