"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" -რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"? | Allnews.Ge

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" -რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?

ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ძირითადად, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები. ამასთან, ადგილი ჰქონდა მშენებარე კორპუსიდან ფანჯრის ჩამოვარდნის შემთხვევას და ერთ მისამართზე ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის კედელი.

„ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ათივე რაიონში, გამგეობების თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ასევე, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ტერიტორიას ჩახერგილი ხეებისგან წმენდენ.

დედაქალაქის გამგეობები მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ. ამასთან, ძლიერის ქარის გამო, აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშაც დაზიანდა, რაც დროულად იქნა აღდგენილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ქარისგან მიყენებული ზარალი ჩანს. კადრებს ფეისბუქგვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, როგორ წააქცია ქარმა ბავშვი. კადრები დიღომშია გადაღებული.

 

 

ასევე დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის ნაწილი ჩამოანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"დიდი დიღომი - დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ქარმა მშენებარი სახლის ნაწილი ჩამოანგრია, ასეთ სახლებში აცხოვრებთ ხალხს?მთავარია ფული აიღოთ ხო?" - წერია ვიდეოს კომენტირებისას.

გლდანში, ხერგიანის ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავი ახადა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.