"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“. ვინ არის პირველკლასელი, რომლის მიერ დახატული და ყვავილებით მორთული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა | Allnews.Ge

"დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“. ვინ არის პირველკლასელი, რომლის მიერ დახატული და ყვავილებით მორთული რუკა ინტერნეტჰიტად იქცა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების სკოლის დირექტორმა, ლალი ყაჭეიშვილმა "ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავისი სკოლის პირვეკლასელის, გიორგი გოგუაძის ნამუშევარი გაავრცელა, სადაც მოსწავლემ საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიებით საკუთარი ფანტაზიით დახატა, რასაც ასეთი სტრიქონი დაურთო - "დამიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები მინდა დავრგო“.

ქალბატონი ლალის პოსტი უამრავი ადამიანისთვის ემოციური აღმოჩნდა და გიორგი გოგუაძის ნამუშვარი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

იმისთვის, რომ ეს საყვარელი ბიჭუნა ახლოს გაგვეცნო Ambebi.Ge გიორგი გოგუაძის დედას, სოფიკო მაჭარაშვილ-გოგოუაძეს ესაუბრა. გიორგის ორი უფროსი და ჰყავს - ერთი სტუდენტია, მეორე - სკoლის წარმატებული მოსწავლე.

 

- გიორგის ნამუშევარი ბევრმა მოიწონა და ემოციური აღმოჩნდა. მოგვიყებით როგორ შექმნა ბავშვმა ის?

- პირველკლასელებს სკოლაში ხელოვანებას ასწავლიან, ცოტა ხნის წინ, ხელოვნების მასწავლებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ჰქონდათ დაგეგმილი და ბავშვებს მათ მომზადებაში მშობლები დავხმარებოდით.

იმავე საღამოს გიორგის ვუთხარი, დედიკო, მოდი, დავალების შესრულება დავიწყოთ-მეთქი. მაშინ, საქართველოს რუკა დამიხატეო. შემოვსაზღვრე საქართველო, ოღონდ, აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოვყავი. გიორგი ფერადი ქაღალდებით ყვავილებს ჭრიდა. ვკითხე - რას აკეთებ-მეთქი? - რას და ეს ყვავილები რუკას დავაკრათ, ლამაზი გამოვაო... დააკრა. მერე აფხაზეთს და სამაჩაბლოს ცალკე გამოყოფილს რომ შეხედა, აქ სხვა ფერის ყვავილებს ჩავსვამო. ვუთხარი, ეს ტერიტორია რუსეთმა წაგვართვა-მეთქი. აბა, მე რომ მანდ ყვავილები მინდა დავრგოო?! აქედან წამოვიდა ყველაფერი - თუ დაგვიბრუნებენ ჩვენს მიწას, ყვავილებს მაშინ დავრგავთ-მეთქი.

გიორგი დედასთან ერთად

 

მოკლედ, მისი სურვილი იყო, ნამუშვარზე ასეთს წარწერა - "დაგმიბრუნე ჩემი მიწა, ყვავილები უნდა დავრგო“ - გაეკეთებინა. იმ საღამოს თოვლი მოვიდა, სკოლაში რომ ვერ წავიდეს და ვერ წაიღოს-მეთქი, ვიფიქრე, ამიტომ, იმ ღამესვე ნამუშევარი მასწავლებელს გადავუგზავნე. შემდეგ დირექტორს უნახავს და ამას მოჰყვა უკვე ამბავი.

- კი, ადამიანებში ემოცია გამოიწვია... როგორი ბიჭია გიორგი გაგვაცანით?

- მოაზროვნე ბავშვია, აქტიური, მოზღვავებული ენერგია აქვს, ვერ ვაჩერებ. ზოგჯერ ისეთ რაღაცას მეტყვის, ვფქირობ, სად გაიგონა, სად ნახა. ერთხელ, მე და მამამისი რაიონში საქმეზე წავედით, ბავშვიც თან გვახლდა და მეუბნება, ჩემი უფროსი დაიკო ხომ სწავლობს უნივერსიტეტში. დიდი რომ გავხდები, მეც უნდა ვისწავლო, მაგრამ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ (მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ), აქ უნდა ვიცხოვროო. ამას რა ქვია? - შემდეგ მკითხა. ამაღლება-მეთქი. მეგონა, სოფლის სახელს მეკითხებოდა, რომ მივხდი ამას არ გულისხმობდა, ვუპასუხე: - ეს სოფელია, სოფელში ვცხოვრობთ-მეთქი. ჰოდა, სოფელი ჩემი სული და გულიაო. არ ველოდით ასეთ პასუხს, ძალიან გაგვიკვირდა.

მსგავს რაღცებს ამბობს ხოლმე... კომპიუტერი და ტექნიკა უყვარს, ამ ყველაფერში მისი ასაკის მიუხედავად, კარგად ერკვევა. საუბარიც ადრე და გარკვევით დაიწყო. მისი ოცნება უფრო მანქანებს უკავშირდება. თითქმის ყველა მანქანის მოდელი იცის - ამ მოდელებს სულ პატარობიდან სცნობდა. მამაკაცური თვისებები აქვს. ყურადღებიანია. მაგალითად, თუ სადმე ეზოში ყვავილი იპოვა, გამოიქცევა და მომირბენინებს. აი, ასეთი ბიჭია ჩვენი გიორგი.

Ambebi.Ge ამაღლების სკოლის დირექტორს, ლალი ყაჭეიშვილსაც დაუკავშირდა.

"ყველანი ოკუპირებული ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ და მასწავლებლები მოსწავლეებთან ამ თემაზე შესაბამის საგანმანათლებლო მუშაობას, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად, სულ ვატარებთ. ბავშვს სამშობლო და მისი კარმიდამო უნდა შეაყვარო, ფესვებს არ უნდა მოგლიჯო და გააძლიერო - მთავარი ეს არის. ამიტომ, ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს საუბრები. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც პირვეკლასელებთან ვსაუბრობთ ამაზე-მეთქი.

სკოლის დირექტორი, ლალი ყაჭეიშვილი

 

ამასთან, სხვადასხვა თემაზე ხშირად ვაწყობთ გამოფენებს, პატარ-პატარა კონკურსებს, კონფერენციებს, რაშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. გიორგის ჰყავს საკმაოდ კარგი ოჯახი, განათლებული უფროსი დები - ერთი სტუდენტია, მეორე - მოსწავლე, მედლის კანდიდატი. ასე რომ, ბავშვს ოჯახიდანაც აქვს ხელშეწყობა. აწვდიან თემებს ისე, როგორც საჭიროა. ალბათ, ყველანი ვმუშაობთ იმ მიმართულებით, როგორც გითხარით, პატარებს საკუთარი ქვეყანა, მიწა შევაყვაროთ და კარგ მოქალაქეებად ჩამოვაყალიბიოთ.

- გიორგი გოგუაძე თქვენი საშუალებით ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო და მისი შეყვარებაც შეძლო...

- ეს ნამუშვარი რომ ვნახე, ისეთი ძლიერი ემოცია იყო, რომ მაშინვე დავდე ჩემს გვერდზე. მინდოდა, რომ ყველას ენახა, რადგანაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და ემოციის გაზიარება სხვებისთვისაც მომინდა. ბავშვები ხალასები არიან და გიორგის ეს ნამუშვარიც ამაზე მეტყველებს.

ambebi.ge