"მეშინოდა, რომ ისევ დაბ­რუნ­დე­ბოდა ის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი..." - რას იხსენებენ კოვიდგადატანილი პაციენტები და რა პრობლემები დაუტოვათ ვირუსმა | Allnews.Ge

"მეშინოდა, რომ ისევ დაბ­რუნ­დე­ბოდა ის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი..." - რას იხსენებენ კოვიდგადატანილი პაციენტები და რა პრობლემები დაუტოვათ ვირუსმა

წელიწადზე მეტია, მსოფლიოს წესრიგი კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა და მის ირგვლივ დღემდე რჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. მათ შორის მთავარია - ტოვებს თუ არა ვირუსი კვალს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? რა შემთხვევაში და რა სახის პრობლემები რჩება მისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს? რამდენ ხანში შეიძლება ამ შედეგების დამარცხება?

საინტერესოა, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი დაამარცხეს, გრძნობენ თუ არა ცვლილებას საკუთარ ორგანიზმსა თუ ქცევებში? AMBEBI.GE-ს რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ Covid-19-ის შემდეგ, ყველაზე ხშირად თავის ტკივილი აღენიშნებათ; რაც შეეხება მენტალურს, აქ საერთო პრობლემას მეხსიერებაში ხარვეზები და გაღიზიანების მომატებული დონე წარმოადგენს.

45 წლის ლინა ქურთიშვილმა კორონავირუსი 2 თვის წინ გადაიტანა. ის საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმია, სადაც დღესაც კოვიდცენტრია. ლინა AMBEBI.GE-ს თავის კოვიდ-ისტორიას უყვება:

"სავარაუდოდ, სამსახურში დავინფიცირდი. სამედიცინო პერსონალი PCR ტესტირებას კვირაში ერთხელ ვიტარებდით. 27 დეკემბრის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, 30-ში მორიგეობისას კი დამეწყო ძლიერი, აუტანელი თავის ტკივილი და ისეთი სისუსტე, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. 31 დეკემბერს, მორიგეობიდან სახლში დაბრუნებული, პირდაპირი მნიშვნელობით, ლოგინად ჩავვარდი. 4 იანვარს გეგმიურ ტესტირებაზე მივედი სამსახურში და სახლში დაბრუნებულმა სრულად დავკარგე სუნი და გემო, უკვე მივხვდი, რომ კოვიდინფიცირებული ვიყავი. პოზიტიურმა პასუხმაც არ დააყოვნა...

მე-8 დღეს ჩავიტარე სრული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა. პათოლოგიური ცვლილება არსად არ იყო, თუმცა ძალიან დაუძლურებული ვიყავი, სახსრების და თავის ძლიერი ტკივილით, უძილობით, ადინამიით, აპათიით, სრული ინდიფერენტულობით სამყაროს მიმართ. ამ სიმპტომებს დღემდე ვებრძვი, თუმცა - უშედეგოდ. ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი - კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ

მორალურად, დაინფიცირებამდე მედგრად და უშიშრად ვიყავი. ინფიცირების შემდეგ შიში არ მქონია, თუმცა მედგრად ნამდვილად ვერ ვიყავი და დღემდე ვეღარ ვარ. სამსახურს დავუბრუნდი, მაგრამ ყველა ასპექტში შეცვლილი ვარ, შეგრძნებების და ემოციების დონეზეც დათრგუნული. ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ადამიანი, როცა ვერანაირ სურნელს და გემოს ვერ აღიქვამს, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ადამიანად ვეღარ გრძნობს თავს..." - გვიყვება ლინა ქურთიშვილი.

47 წლის ნინა ილურიძემ დაავადების პირველი ნიშნები დეკემბრის პირველ რიცხვებში შენიშნა. არ ელოდა, რომ შეიძლებოდა, ინფექცია ასე რთულად გადაეტანა, რადგან წლებია, ჯანსაღი წესით ცხოვრობს - ვარჯიშობს და სწორად იკვებება:

"პირველი სიმპტომები ყელის მსუბუქი ტკივილი და ამის ფონზე წამოხველება იყო. ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, რადგან კოვიდის შესახებ ბევრ ინფორმაციას ვიღებდით... მეორე დილით რომ გავიღვიძე, მთელი სხეული მტკიოდა, ძლივს ავდექი, ფაქტობრივად, საწოლიდან გადმოვფოფხდი. ეს მაინც წინა დღეების ზედმეტ ვარჯიშს დავაბრალე. იმ დღეს თოვლში მხოლოდ 10 წუთით მომიწია გასვლა. როგორ შეიძლება, ადამიანს იმდენად შეგცივდეს, რომ ფაქტობრივად, კანკალებდე, მთელ ტანში გტეხავდეს და მდგომარეობიდან ვეღარ გამოდიოდე? სიცხემაც მალევე ამიწია.

როგორც ამბობენ, მეხუთე დღე კრიტიკულია - მახსოვს, ვიწექი და უეცრად, გულისცემა ძალიან საგრძნობლად მომემატა. ამის შემდეგი დღეც ჯოჯოხეთივით მახსოვს: აღუწერელ სისუსტეს და სიცხეს წნევაც დაემატა, რომელიც ცხოვრებაში არასდროს მქონია

ასევე, დიარეა მქონდა; სუნთქვა არ მყოფნიდა; მკერდის, ზურგის და წელის არეში ტკივილი მაწუხებდა. თავის ტკივილს რაც შეეხება, პირველი დღიდან შვიდი დღის განმავლობაში არ შემჩერებია, შეუჩერებელი იყო, წამალიც არ მშველოდა, მეგონა, ეს ტკივილი არასდროს დამთავრდებოდა... 8-9 დღის მერე ოდნავ შემიმსუბუქდა. იმის გამო, რომ სიცხეც და უბრალო გაციებაც იშვიათად მემართება, ეს მდგომარეობა ჩემთვის სრული შოკი იყო, ყველაზე რთული პერიოდი გამოვიარე. მე-15 დღეს უკვე აღარაფერი მჭირდა...

კოვიდის გადატანის შემდეგ ერთადერთი ცვლილება, რაც საკუთარ თავს შევამჩნიე, ისაა, რომ როცა გონებრივი სამუშაო მაქვს, ყურადღების მოკრება მიჭირს, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ და დამახსოვრების პრობლემაც მაქვს. ანუ, გონებრივი პრობლემებია და ვფიქრობ, იქნებ, რამდენიმე დღე გადაბმულმა, უსაშველო თავის ტკივილმა პატარა დაზიანებებიც გამოიწვია თავის არეში - ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. მაგრამ არა მგონია, ფსიქოლოგიური მომენტი იყოს და მეჩვენებოდეს...

საკუთარ თავზე უკვე ვიმუშავე, მქონდა შიშის მომენტები, რომ ისევ დაბრუნდება ეს ჯოჯოხეთური შეგრძნებები და ტკივილები, მაგრამ ფიზიკურად საკუთარი თავი მდგომარეობიდან გამოვიყვანე - ყველანაირი ფიზიკური აქტივობა განვაახლე. ამიტომ არა მგონია, რომ ეს მომენტი ჩემს ფსიქიკაში ცალკე იყოს დარჩენილი და უბრალოდ მეგონოს, რომ კოვიდმა გონებრივი პრობლემები დამიტოვა. რაც გონებას ეხება, იმ ნაწილში წყვეტაა აშკარად... არ ვფიქრობ, რომ ეს "სამუდამო განაჩენი" იქნება - ალბათ, დაავადების რაღაც ეფექტია დარჩენილი და ნელ-ნელა ესეც გამოსწორდება" - გვეუბნება ნინა ილურიძე.

39 წლის გიორგი მანჯავიძემ დეკემბერში გადაიტანა COVID-19. მისთვის კოვიდ-ინფექციას ბევრი უცნაური თვისება აღმოაჩნდა: სიმპტომები, რომლებიც დღის განმავლობაში "თამაშობენ", ძილის სურვილი, რომელიც, შეწინააღმდეგების შემთხვევაში, პირიქით, მეტისმეტ ენერგიულობაში გადადის და ა.შ.

"კორონავირუსი პირველ დეკემბერს დამიდასტურდა. დღენახევრით ადრე გამომივლინდა პირველი სიმპტომი - ღამე ძალიან შემამცივნა. მეორე დღეს ძალიან სუსტად ვიყავი და მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო... ეს არ იყო ჩვეულებრივი სიმპტომები, რომელიც გაციების დროსაა ხოლმე - თუ გახსოვთ, კოვიდის გამოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე, რაღაც საშინელი ვირუსები იყო ჩვენთან, ისიც გადავიტანე და საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ კოვიდი მაინც ყველანაირად განსხვავებული იყო.

ბეჭების არანორმალური ტკივილი მქონდა, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ დღის განმავლობაში სიმპტომები იცვლებოდა: ერთ მომენტში შეიძლება სურდო ყოფილიყო, დაახლოებით 10-15 წუთში ყელის არანორმალური ტკივილი დამეწყებოდა, კიდევ რამდენიმე წუთში - სახსრების ტკივილი; ან შეიძლებოდა, აბსოლუტურად ყველა სიმპტომი ერთბაშად გამქრალიყო და ჩვეულებრივად ვყოფილიყავი წაიკითხეთ ვრცლად