რა ხდებოდა მთელი ღამე "ნაცმოძრაობის" ოფისში, სადაც ნიკა მელიამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე გაათენეს | Allnews.Ge

რა ხდებოდა მთელი ღამე "ნაცმოძრაობის" ოფისში, სადაც ნიკა მელიამ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე გაათენეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გაათენეს, სადაც ამ დრომდე რჩებიან. მთელი ღამის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც. ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის ცენტრალურ ოფისში სწორედ მისი მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად იმყოფებიან. პარტიის ოფისში გაათენა ღამე "ნაციონალური მოძრაობის“ ათობით მხარდამჭერმაც.

იყო მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ღამით მოახდენდა, თუმცა პარტიის ოფისში შესაბამისი სამსახურიდან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. დილიდან მობილიზაცია შეინიშნება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ არსებულ, შსს-ს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სადაც გამთენიისას ასეულობით ავტომანქანა შევიდა. ბაზის ტერიტორიაზე მობილიზებულია ავტობუსებიც.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გადასინჯვის საკითხზე გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სრულად დაკმაყოფილდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა. პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ წინ, 88 ხმით მოუხსნა.