რა გავლენას ახდენს თუთიის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმზე | Allnews.Ge

რა გავლენას ახდენს თუთიის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმზე

თუთია გახლავთ მინერალი, რომელსაც ორგანიზმი მხოლოდ საკვები პროდუქტებიდან იღებს. თუთიით მდიდარია, მაგალითად: ნიორი, მზესუმზირა, კაკალი, თხილი, გოგრის თესლი, მუხუდო და ა.შ. ხშრად, არაბალანსირებული კვების ან კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამო, თუთიის ათვისება მცირდება და ვითარდება მისი დეფიციტი.

თუთია მიჩნეულია ორგანიზმში უჯრედული განახლების ხელშემწყობ მინერალად, ასევე მონაწილეობას იღებს სხვა ქსოვილების მინერალიზაციაშიც. ყველაზე მეტად, თუთიას მიაწერენ იმუნური სისტემის მხარდამჭერ მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის მიმართ ამ ეტაპზე კლინიკური კვლევების მონაცამები არ გვაქვს, თუთია კარგად არის შესწავლილი სხვა მარტივი კორონავირუსული ინფექციების დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ   თუთიის მიღება ამაღლებს იმუნიტეტს ვირუსული ინფექციების მიმართ, რადგან მისი უჯრედშიდა კონცენტრაცია არ აძლევს ვირუსს საშუალებას, ჩვენი დნმ-ი საკუთარი ცილის გამრავლებისთვის გამოიყენოს. ანუ, თუთია აფერხებს ვირუსის გამრავლებას მასპინძელ როგანიზმში. ასევე, თუთია ამოკლებს ავადობის ინტერვალს და ხდის უფრო მსუბუქს იმ კლინიკურ გამოვილინებებს, რომელიც მარტივ გაციებას ახლავს თან.

  თუთიის დეფიციტს განსაკუთრებული მკვეთრი გამოვლინება აქვს პედიატრიულ პაციენტებში, რაც ზრდაში ჩამორჩენითა და რეგენერაციული პროცესების შეფერხებით ვლინდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ორგანიზმისათვის მიკროელემენტი თუთია?

თუთია რომ შეუცვლელი მიკროელემენტია, მჟღავნდება იმითაც, რომ იგი მონაწილეობს მხედველობის, გემოვნების რეცეპტორების, კოგნიტური ფუნქციის, უჯრედების გაყოფისა და გამრავლების, ზრდისა და განვითარების პროცესებში. თუთია მონაწილეობს მეტაბოლიზმის გააქტიურებაში. იგი შედის მრავალი პროტეინისა და ზრდის ფაქტორის, ციტოკინების, უჯრედთა რეცეპტორების და ენზიმების შემადგენლობაში. ის ადამიანის ორგანიზმში უამრავ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს - აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. თუთია მონაწილეობს სამასამდე ფერმენტის მეტაბოლიზმში; ასევე გემოს და სუნის შეგრძნებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი თუთიის აუცილებელი დონე სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებისას?

მსოფლიოს პრობლემა ჭარბი წონა და სიმსუქნეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი კვლევა, დიეტა, ვარჯიში და მეთოდია დანერგილი. მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობა გამუდმებით ებრძვის ჭარბ კილოგრამებს. ჭარბწონიანობის სამკურნალოდ შერჩეული დიეტისას მნიშვნელოვანია, რომ შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით თუთიის შემცველ პროდუქტებს.

სიმსუქნის მართვა გულისხმობს კალორაჟის შემცირებას. არაბალანსირებული დაბალკალორიული რაციონი შეიძლება გახდეს საჭირო მიკრო- და მაკრონუტრიენტების დეფიციტის მიზეზი. ნებისმიერი დიეტის დროს საკვები პროდუქტები უნდა იყოს შერჩეული სწორად და ბალანსირებულად.

თუთიით მდიდარი პროდუქტების რაციონში ჩართვით, როცა სრულად ხდება თუთიის დეფიციტის შევსება, უმჯობესდება სხეულის მასის ინდექსი, მცირდება წელის გარშემოწერილობა. თუთია აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს, პერიფერიული სისხლის მიმოქცევას.

ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. თუთიის დეფიციტის დროს ხშირია წონის უმიზეზო მატება, საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა. ასევე, გაძნელებულია წონის კლება, დიეტის მიუხედავად.