საქართველოში პოპულარული თურქი მსახიობი კადიროვის ფანია - ჩეჩნეთის ლიდერმა ბურაქ ოზჩივითს გროზნოში დიდი წვეულება მოუწყო | Allnews.Ge

საქართველოში პოპულარული თურქი მსახიობი კადიროვის ფანია - ჩეჩნეთის ლიდერმა ბურაქ ოზჩივითს გროზნოში დიდი წვეულება მოუწყო

პოპულარული თურქული სერიალის, Kuruluş: Osman-ის გადამღები ჯგუფი და სამსახიობო შემადგენლობა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს გროზნოში ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ და თავად რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე გაავრცელა.

"წარმოგიდგენთ რეჟისორ მეთინ გუნაის, ბურაქ ოზჩივითს, რომელიც სერიალში მთავარ როლს თამაშობს და სხვა ვარსკვლავებს თურქული კინოინდუსტრიიდან. მათი ვიზიტი ჩეჩნეთის მიწაზე დიდი პატივია“ , - დაწერა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში. ადგილობრივი მედია წერს, რომ გროზნოში თურქ მსახიობებს თბილი დახვედრა მოუწყვეს და ჩეჩნების ტრადიციები გააცნეს. სპეციალურად სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართა, სადაც ჩეჩნური სიმღერები და ცეკვები შესრულდა.

საღამოს ჩეჩნეთის ლიდერმა სტუმრებს ვახშამზე უმასპინძლა.

"ჩვენ ძალიან თბილი, შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ვისიამოვნე ჩვენს სტუმრებთან კომუნიკაციით. ყველამ ვიცით, რომ ისინი ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და იღებენ მსოფლიოში პოპულარულ სერიალებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორები არიან ისინი რეალურ ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათში ვხედავ მხიარულ, გულწრფელ ადამიანებს, რომლებთანაც შეგიძლია ბევრი საერთო იპოვო“, - ამბობს რამზან კადიროვი. მან მადლობა გადაუხადა მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე ჩეჩნეთში ვიზიტისთვის.

"ეს არის ძალზე სასიკეთო სერიალი, რომელიც ხელს უწყობს დიდებული ისტორიის შენარჩუნებას“, - თქვა კადიროვმა.

როგორც ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს, თურქ მსახიობებს მართლაც პომპეზური დახვედრა მოუწყვეს. ამ კადრებმა, შესაძლოა, პანდემია მცირე დროით დაგავიწყონ, რადგანაც მათზე აღბეჭდილ ადამიანებს არც პირბადე უკეთიათ, არც დისტანციას იცავენ და ერთმანეთსაც ლაღად და თბილად ეხუტებიან..

რაც შეეხება სერიალ Kuruluş: Osman-ს, ეს ისტორიული თურქული დრამაა, რომელიც ოტომანთა იმპერიის დამაარსებელ ოსმან პირველზე მოგვითხრობს. სერიალის პირველი სეზონის პირველი სერია 2019 წლის 20 ნოემბერს გამოვიდა, ამჯერად კი გადამღები ჯგუფი მეორე სეზონზე მუშაობს. ის განსაკუთრებული პოპულარობით აღმოსავლურ სამყაროში სარგებლობს.

საინტერესოა სერიალის მთავარი გმირის შემსრულებლის, მსახიობ ბურაქ ოზჩივიტის დამოკიდებულება რამზან კადიროვის მიმართ. როგორც ჩანს, თურქი ვარსკვლავი ჩეჩნების ლიდერის დიდი გულშემატკივარია. სოციალურ ქსელში მოიპოვება 2020 წელს გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ესალმება შორიდან ის რამზანს და მოკითხვას უთვლის.

ბურაქ ოზჩივითს ქართველებიც კარგად იცნობენ სხვადასხვა სერიალებით. თავდაპირველად ის გამოჩნდა სერიალ "დიდებულ საუკუნეში“, თუმცა აღიარება და ყველაზე დიდი პოპულარობა სერიალმა Kara Sevda-მ (“შავი სიყვარული“) მოუტანა.

ეს არის თურქული დრამა, რომელმაც საერთაშორისო არენაზე დიდი წარმატება მოიპოვა და მათ შორის Emmy-ის პრესტიჟული ჯილდოც. 2017 წელს EMMY Awards-ზე ის წლის საუკეთესო სერიალად დასახელდა.