ვინ არის ბაშარ ასადის მეუღლე, რომელიც შესაძლოა სირიის ახალი მმართველი გახდეს | Allnews.Ge

ვინ არის ბაშარ ასადის მეუღლე, რომელიც შესაძლოა სირიის ახალი მმართველი გახდეს

2021 წლის გაზაფხულზე სირიაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაა დაგეგმილი, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამ დრომდე არჩევნების არც ზუსტი თარიღია ცნობილი და არც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი.

არჩევნები აპრილში, ან მაისში შედგება. ამასთანავე, კანდიდატურა ამ დრომდე ოფიციალურად არ წარუდგენია მოქმედ პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადს და ის მხოლოდ სავარაუდო კანდიდატად ითვლება. სწორედ ამიტომ, აღმოსავლურ სამყაროში გაიზარდა ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ბაშარ ასადი ცოლს, სირიის პირველ ლედის, ასმა ასადს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ამზადებდეს და სირიაში ასადების რეჟიმის გამგრძელებლად სწორედ ის მოგვევლინოს.

ეჭვებს ამყარებს ბოლო თვეების განმავლობაში ასმა ასადის პოლიტიკური თვალსაზრისით გააქტიურებაც, მისი გამოჩენა სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ მისი ფოტოები ბოლო კვირების განმავლობაში გამოჩნდა სხვადასხვა ოფიციალური პირების კაბინეტებში. როგორც აღმოსავლური მედია წერს, ეს არის არადამახასიათებელი და უჩვეულო სირიისთვის - როგორც წესი, ოფიციალური პირების შეხვედრების ოთახში მხოლოდ პრეზიდენტის ფოტო არის ხოლმე განთავსებული.

ყოველივემ სპეკულაციები კიდევ უფრო გაამძაფრა, გააჩინა კითხვები, აპირებს თუ არა ის უახლოეს პერიოდში პოლიტიკური როლის შესრულებას და რომ შესაძლოა, ყოველივე საზოგადოების ერთგვარი შემზადების მცდელობა იყოს.

ექსპერტების თქმით, შესაძლოა, რუსეთი ცდილობდეს ხელი შეუწყოს სირიის პირველ ქალს და მისგან ქმრის პოლიტიკური ალტერნატივა შექმნას, მით უფრო, რომ ის ქვეყნის კრიზისის დროს გადაწყვეტილებების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირი იყო.

ასმა პოპულარობით სარგებლობს რეჟიმის ერთგულთა შორის იმ სოციალური და ჰუმანიტარული როლის გამო, რომელსაც პირველი ლედი ომის განმავლობაში ასრულებდა. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ ასმა არის სუნიტების ოჯახიდან, რაც აუმჯობესებს მის პოლიტიკურ შანსებს, ითამაშოს ქვეყნის მართვაში წამყვანი პოლიტიკური როლი.

სირიის პირველი ლედი ბრიტანელია, ის ლონდონში დაიბადა, სირიელი მშობლების ოჯახში.1996 წელს დაამთავრა ლონდონის სამეფო კოლეჯი, შეისწავალა რა კომპიუტერული მეცნიერება და ფრანგულ ლიტერატურა, ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ასმას საინვესტიციო და საბანკო საქმეში კარიერა ჰქონდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას აპირებდა, როდესაც იგი 2000 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.

ასმა უკვე სამი შვილის დედაა და მსოფლიოს ხშირად აკვირვებს თავისი სკანდალური მოქმედებებითა თუ განცხადებებით. ის მეუღლის გულმხურვალე მხარდამჭერია. ახლა, როდესაც სირია ნაწილებად არის დაშლილი, ასმას ქონებამ, ამბობენ, რომ უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდანაც მწვავე განცხადებები, რომლის სამიზნეც ასმა ასადი გახდა. იანვარში, სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟოელ რეიბარნმა ასმა მაფიის ლიდერს შეადარა.

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“, - განაცხადა რეიბარნმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ასადების ოჯახის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და აღნიშნა, რომ რეჟიმმა ძალა დაკარგა და რომ გასაკვირი არ იქნება, თუ მალე დაინგრევა.

გასული წლის დეკემბერში აშშ-მა სირიის რეჟიმს სანქციების ახალი სერია დაუწესა. სანქციების სამიზნე ასმა ასადი და მისი ოჯახი იყო. შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საქნციები არის პასუხი სირიის ხალხის ხარჯზე უკანონო სიმდიდრის დაგროვებისა.

სირიის საარჩევნო კანონის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნები 16 აპრილიდან 16 მაისამდე პერიოდში უნდა გაიმართოს. სავარაუდო კანდიდატები არიან ბაშარ ალ-ასადი, ჯემალ სულინამი, ფაჰად ალ მასრი, აბდულა ალ ჰამასი. როგორც აღვნიშნეთ, ბაშარ ასადს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია.

ambebi.ge