"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა | Allnews.Ge

"სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა?!" - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ვაქცინა Live-ში გაიკეთა, რასაც კრიტიკა მოჰყვა

მარიამ ტალახაძეს წლებია, რაც სოციალურ ქსელში "უბატონო ხევსურის“ სახელით იცნობენ. სწორედ ამ სახელით აქვს მას "ფეისბუქზე" საკუთარი ანგარიში. პროფესიით იურისტი წლების განვალობაში ბევრს მოგზაურობდა. მარიამი 2020 წლის თებერვლიდან ამერიკაში ცხოვრობს. მან გადაწყვიტა "ფეისბუქ ლაივის" დროს გაეკეთებინა ვაქცინა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

უფალს ებარებოდე. იძულებული ხარ ალბათ, თორემ არ უნდა გაიკეთო, არავითარ შემთხვევაში.

ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს, მაგრამ ნუ აპიარებ იმას, რაც შენ თვითონაც არ იცი რას მოგიტანს...

მართლა დაჩიპვაა, ნემსი რითაც ჩაარჭო, შიგ კუნთში დატოვა!

თვითონ ექიმები არ ენდობიან და თქვენ როგორ ენდობით?!

აუ, მეც რამდენჯერ დავატრიალე ეგ მომენტი და ნემსი სად გააქრო? - წერდნენ კომენტარებში.

 

 

"ფეისბუქ ლაივის" ყურების შემდეგ გულშემატკივრების დიდ ნაწილს კითხვა გაუჩნდა, თუ სად გაქრა ნემსი, ვაქცინაციის შემდეგ. ნემსის ეს სახეობა უკვე დიდი ხანია გამოიყენება მედიცინაში. ის სპეციალურად ექიმებისა და ექთნების დასაცავად არის შექმნილი, რომ გამოყენების შემდეგ მისი უნებლიე ჩხვლეტა თავიდან აირიდონ.

ნახეთ ვიდეო:

 

მარიამის ლაივზე 600-ზე მეტ კომენტარს ნახავთ. საბოლოო ჯამში, მას ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია:

"თქვენ ჯვარი გწერიათ და მე თითქმის მთელი ღამე გავათენე კომენტარების კითხვაში, ახლა ვიძინებ, მაგრამ მანამდე მინდოდა მეკითხა:

კაი, ჩიპის ხელოსანი ხომ არ იცით ვინმემ?! ახალია და გადამოწმება მინდა, რამე არ გამეპაროს

თავიდან ცოტა ვიცინე, მერე დავფიქრდი რომ ხალხს, რომელიც ათას საშინელებას მიწერდა (უფრო სიბნელეს ავლენდა, ვიდრე შეურაცხყოფას მაყენებდა), ხმის უფლება აქვთ, ნაწილობრივ შეუძლიათ ქვეყნის მართვაში ჩაერთონ და ამან ცოტა დამასევდიანა, საით მივექანებით?!

მერე მივხვდი რომ არაფერი გვეშველება და უფრო ვიცინე და ამასობაში ქე გათენდა...მაგრამ ყველაზე ძალიან რა მაინტერესებს იცით?!

5 ათასი მეგობარი მყავხართ, ყოველ დღე გიზიარებთ როგორ ვარ, სად ვცხოვრობ, ხელფასი რამდენი მაქვს, ბინის ვალი რამდენი დამრჩა, ლატარიას რამდენს ვთამაშობ, როდის ვამთავრებ, რომელ მოხუცს ვუვლი და როგორ. იცით ჩემი ოჯახი, მეგობრები, სანათესაო, ჩემი წარსული. იცნობთ ჩემს მთავარ და დაუმარცხელებ მტერს #ბაძვიას

რავი, ვინ რა უნდა გამიკონტროლოს, გათხოვილი და დედამთილისგან გამოგდებული მე არ ვყოფილვარ, საყვარელი მე არ მყოლია, თამაშით მე არ ვთამაშობ, სიგარეტს მე არ ვეწევი, სასმელს მე არ ვსამ (ერთხელ დავლიე ამ ორ წელში და მთელი დედამიწა ტრიალებდა 1 კვირა) ტრეფიკინგში ჩართული არასდროს ვყოფილვარ, იარაღით მე არ ვვაჭრობ და ჯაშუშურ ინსტიტუტებთან მე არ ვთანამშრომლობ (ისე, მცდელობა იყო, რაღა დაგიმალოთ).

ხოდა, ახლა თუ ვინმე ზის მარსზე და მაკონტროლებს, დილით რომ ანჯელო დამიძახებს მშიაო, ავაყენებ და უშაქრო ყავას გავუკეთებ, თან მოვატყუებ შაქრიანიათქო, თქვენ კარქათ იყავით და ეგი ღმერთმა შეარგოს ვისაც აინტერესებს.

პ.ს სად იყო ვაქცინა და დაჩიპვა თუ ღმერთი გწამთ, მე რომ დეიდაჩემი მაკონტროლებდა, მაგრამ ქე მოვედი აქამდე და აწი რაღა კონტროლი შემაშინებს?!“ - წერს მარიამი.