რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ | Allnews.Ge

რა გვერდითი ეფექტები ვლინდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულის სერვისი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (Pfizer-BioNTech) გვერდით ეფექტებზეა საუბარი. კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილი ადამიანებიდან, ყოველი სამიდან ერთს აღენიშნება ვაქცინის შემდგომი ეფექტი.

ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ანგარიშის მიხედვით, არც ერთი გვერდითი ეფექტი არ ყოფილა სერიოზული. მათივე განმარტებით, ძირითადად ეს იყო ინექციის ადგილის გარშემო ტკივილის შეგრძნება. ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს 40 000 აცრილ ადამიანზე, რომელთა უმეტესობაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო.

მკვლევართა განმარტებით, მოსალოდნელია ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა საშიში და აცხადებენ, რომ ეს გვერდითი ეფექტები არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი რაიმით დაავადდა, ეს უბრალოდ არის ორგანიზმის პასუხი ვაქცინაზე. ექიმები განმარტავენ, რომ ვაქცინა ერთგვარად ასწავლის ორგანიზმს კორონავირუსთან ბრძოლას.

 

მკვლევარებმა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრილ ადამიანებს, რომლებსაც მისი 1 დოზა მაინც ჰქონდათ გაკეთებული, სთხოვეს, რომ აღეწერათ ყველა გვერდითი მოვლენა, რომელსაც ვაქცინა გამოიწვევდა. კვლევა 2021 წლის იანვრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

და ორი მთავარი რამ, რაც გაირკვა:

  • იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის 1 დოზა, 37%-ს ჰქონდა ე.წ. ადგილობრივი, ვაქცინის შემდგომი ეფექტი, როგორიცაა ვაქცინის ადგილის ტკივილი, ან შეშუპება, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 45%-მდე იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს.
  • იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის 1 დოზა, 14%-ს გამოუვლინდა მთლიანი სხეულის, სისტემური ეფექტი, როგორიცაა ცხელება, ტკივილი, ან შემცივნება, აღნიშნულმა გვერდითმა ეფექტმა კი გასტანა დაახლოებით 7 დღე. ამასთან, იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, აღნიშნული სიმპტომები 22%-ს გამოუვლინდა.

როგორც BBC მედიკოსებზე დაყრდნობით წერს, ყველა სამედიცინო გამოკვლევა და ასევე რეალური გამოცდილება ამ დროისთვის აჩვენებს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ექიმები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ არც ერთი ეს ეფექტი საშიში არ არის და რომ რამდენიმე დღეში ქრება.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ანგარიში იძლევა გაფრთხილებასაც:

ექიმები ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციები და არა ზოგადი ალერგია, არ უნდა მიიღონ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა და ასევე არც Moderna-ს ვაქცინა, რადგანაც ეს ორი ერთმანეთის მსგავსია.

ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მისი შემოწმება და კვლევა ვაქცინაციის პარალელურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავ გრძელდება.

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 33% და 15%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველ ეტაპზე, თებერვლის ბოლომდე Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა შემოიტანენ, ვაქცინის მეორე პარტიის შემოტანა მარტისთვისაა დაგეგმლი და წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანაში Asrazeneca-ს ვაქცინა შემოვა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით