"ეს მსოფლიომოვლილი ფრანგი, ქართულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, სამზარეულომ და საერთოდ ქვეყანამ გადამრია..."- ფრენცის პრიმერსკი | Allnews.Ge

"ეს მსოფლიომოვლილი ფრანგი, ქართულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, სამზარეულომ და საერთოდ ქვეყანამ გადამრია..."- ფრენცის პრიმერსკი

ფრენცის პრიმერსკი ის ფრანგი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოს ბევრად უკეთ იცნობს, ვიდრე ბევრი აქაური. ოცი წელია თითქმის საქართველოში ცხოვრობს, შეძლებისდაგვარად ქართულადაც ლაპარაკობს და ქვეყნის ისტორიის შესწავლასაც შეუწყვეტლივ განაგრძობს... საქართველოს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში ესტუმრა. შემდეგ "ვარდების რევოლუციის" შესახებ გაიგო და აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა. მის "ანგარიშზეა" მსოფლიო ვარსკვლავების: ბობ მარლის, ჯო კოკერის, რამშტაინის, ჯეიმს ბრაუნის, პატრისია კაასის ფოტოები...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"საქართველოში პირველად, ლეგენდარულ ანსამბლ "ერისიონს" ჩამოვყევი. ცნობილი კლიპის - "ქართული ლეგენდის" გადამღები ჯგუფის წევრი ვიყავი... იმ დროს შოუბიზნესში აქტიურად ვმონაწილეობდი, ისეთ ჯგუფებთან და შემსრულებლებთან ვთანამშრომლობდი, მსოფლიოში ასიათასობით თაყვანისმცემელი რომ ჰყავდათ... შემდეგ "ერისიონი" გავიცანი, მათი წყალობით საქართველოს ვეწვიე და "მოვიწამლე" კიდეც აქაურობით. ძალიან მალე, ეს მსოფლიომოვლილი ფრანგი,    ქართულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, ფოლკლორმა, სამზარეულომ და საერთოდ ქვეყანამ გადამრია..."

"გულსატკენია, რომ ბევრ ადგილას ვხედავ, როგორ აქცევენ ზურგს საკუთარ წარსულს, საიდანაც მოდიან... საერთოდ მგონია, ქვეყნის განვითარება მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენით უნდა დაიწყოს. ასე საერთაშორისო არენაზეც ბევრად უკეთ "გაყიდით" მას, კარგი გაგებით - ვგულისხმობ ტურისტულ დაინტერესებას. ქვეყანა უფრო მოვლილი, მოწესრიგებული რომ იყოს, ისეთი განძია, მთელი მსოფლიოდან მოაწყდებოდნენ ტურისტები, რადგან საქართველოში ბუნებრივად არის ის, რის შექმნასაც სხვა ქვეყანაში მილიონობით დოლარს ახარჯავენ..."

"მე ტურისტი არ ვარ, თავს ამ ქვეყნის შვილად მივიჩნევ და უკეთესობისკენ მის შესაცვლელად თავს არ დავზოგავ. ვნახე ძველი თბილისის კინოკადრები და ფოტოები, გამწვანებული, მოწესრიგებული სამანქანო მოძრაობით, მეტი სივრცით და არა ყველგან "ჩაყრილი" უსახური შენობებით. პროგრესი კარგია, მაგრამ ისტორიასა და მოდერნიზაციას შორის ოქროს შუალედი აუცილებელია..."

"ძალზე მტკივნეულია უახლესი ისტორია, დაკარგული ტერიტორიები, სადაც ასევე ყოველდღიურად ნადგურდება ქართული კვალი, ისტორიული ძეგლები. მუდმივი მცოცავი ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, სამწუხაროდ, ბევრ რამეში აფერხებს და უკან ხევს ქვეყანას... ვიცი, უახლოეს მომავალში ამის მოგვარება რთულია, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, ზოგჯერ ყველაფერი ძალზე სწრაფად იცვლება და შესაძლოა, შანსებიც გაიზარდოს. მე პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ მწამს, საქართველო შეძლებს, სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს..."