რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და რისთვის დააჯარიმეს 2019 წელს ნათია თურნავა? | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და რისთვის დააჯარიმეს 2019 წელს ნათია თურნავა?

ნათია თურნავა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წელს დაინიშნა, თუმცა მანამდე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის საკმაოდ დიდი გზა განვლო. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, მომავალი მინისტრი მოსკოვში დაიბადა, 1985 წელს კი ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 56-ე სკოლა.

1985–1990 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ეკონომიკის ფაკულტეტიც, ეკონომისტის სპეციალობით, წითელ დიპლომზე დაამთავრა.

2005 და 2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით; 1994 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2012-2014 წლებში გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.

 

1994-დან-1996-მდე პერიოდში იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, 1996-2000 წლებში კი სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; ასევე თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე; 2000-2005 წლებში ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა; 2005 წელს კი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნეს; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დააწინაურეს; 2013-2018 წლებში "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი გახლდათ, ასევე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2019 წლის 18 აპრილიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია.

 

გადავხედოთ მინისტრის ქონებრივ დეკლარაციასაც, რომელიც ბოლოს 2020 წლის 30 ნოემბერს შეავსო.

დეკლარაციაში ნაჩვენებია მისი და მისი მეუღლის დავით ვეშაპიძის ქონება. ვაჟი - ირაკლი მინისტრს დეკლარაციაში ნახსენები არ ჰყავს, რადგან ის სრულწლოვანია და მშობლებთან აღარ ცხოვრობს.

  • უძრავი ქონება

ნათია თურნავას მეუღლე ფლობს 207 კვ.მ მიწის ნაკვეთს თბილისში, რევაზ ჯაფარიძის I შესახვევში, რომელიც 2020 წელს 75 000 დოლარად იყიდა (შეძენის წყაროდ მითითებულია - 2020 წელს აღებული საბანკო სესხი);

ის ასევე ფლობს 2011 წელს 25 000 დოლარად შეძენილ 33006 კვ.მ მიწის ნაკვეთს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში. ამავე სოფელში მას 2011 წელსვე, 25000 დოლარად შეუძენია 249 951 კვ.მ ფართობის მეორე ნაკვეთიც.

დავით ვეშაპიძის საკუთრებაშია ასევე 2015 წელს 100 000 USD-ად შეძენილი 380 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მისამართი საქართველო, ქ. თბილისი, ზემო ვაკის შესახვევი I, N6. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია ამ მიწის ნაკვეთზე დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის ფასადაც მითითებულია: 239 746 ლარი.

დავით ვეშაპიძისთვის 2008 წელს უჩუქებიათ თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე 63,3 კვ.მ ფართობის ბინა.

ასევე ნათია თურნავასთვის 2020 წელს უჩუქებიათ 33,03 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში.

თავის მხრივ მის მეუღლეს 2007 წელს 69880,25 ლარად შეუძენია ბინა ასევე ბათუმში.

თურნავასთვის 2003 წელს უჩუქებიათ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 130,79 კვ.მ ფართობის ბინა. 2010 წელს კი ამაღლების ქუჩაზე უყიდია 60000 დოლარად 137,21 კვ.მ ფართობის ბინა და 6400 დოლარად ავტოფარეხი.

მინისტრის საკუთრებაშია ასევე მცხეთის რაიონის, სოფელ არაშენდაში 1615 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მისთვის 2016 წელს უჩუქებიათ.

დავით ვეშაპიძე ფლობს მსუბუქ ავტომანქანა Mercedes Benz ML class, რომელიც 2011 წელს 43000 დოლარად შეიძინა.

  • ანგარიშები

ნათია თურნავას სახელზე მითითებულია რამდენიმე საბანკო ანგარიში "საქართველოს ბანკსა“ და "თი-ბი-სი ბანკში“, როგორ ლარში, ისე დოლარში, ევროსა და ფუნტ სტერლინგში, თუმცა დეკლარაციის შევსებისას, მხოლოდ რამდენიმეზე ირიცხებოდა თანხა -120,44 USD; 411,23 EUR; 8908,25 GEL; 499,32 USD

  • მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში

თურნავა შპს სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში პარტნიორია და ფლობს 15%-ს;

ასევე არის სს კონსტანტას აქციონერი;

რაც შეეხება მის მეუღლეს, ის არის პარტნიორი შპს კავკასუს მენეჯმენტ კონსალტინგში და ფლობს 33,33%-ს;

ასევე არის კოოპერატივ "რკ ჰერეთისკარის ნობათის" დირექტორი;

ამხანაგობა "პალადი იმპერიალში", რომელიც ბინათმშენებლობას ეწევა, ფლობს 25%-ს და ასევე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას სს "კონსტანტაში".

  • ხელფასი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში თურნავამ აიღო 69048,81 ლარი.

მისმა მეუღლემ შპს კაზ ფროფერთი მენეჯმენტში, ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე აიღო 9639,8 ლარი, ხოლო "სს რუსთავის აზოტში" მრჩეველის თანამდებობაზე 80400 ლარი.

  • გასავალი და შემოსავალი

ნათია თურნავას "საქართველო ბანკში“ 2018 წელს აღებული აქვს 185200 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის დასაფარადაც გასულ წელს 14187,54 დოლარის ხარჯი ჰქონდა.

ასევე 2018 წელს იპოთეკური სესხი - 325000 ევრო აქვს აღებული "თიბისი ბანკში", რომლის დასაფარადაც 32632,61 EUR გადაიხადა.

ის და მისი მეუღლე ასევე სარგებლობენ საკრედიტო ბარათებით, რომელთა დაშვებული ლიმიტია: 10000, GEL, 13000, GEL და 11500, GEL.

ნათია თურნავამ გასულ წელს ქონების გადასახადი - 10100 ლარი გადაიხადა. (იხილეთ დეკლარაცია)

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე მისი ორი მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი და აკაკი საღირაშვილი, 2019 წელს, ქონებრივი დეკლარაციის შეცდომით შევსების გამო დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ნათია თურნავას დაჯარიმების მიზეზი დეკლარაციაში მისი მეუღლის შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებით ცდომილება გახდა.