სამების ტაძრისთვის დაწუნებული პროექტების ისტორია და ფოტოები - როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი | Allnews.Ge

სამების ტაძრისთვის დაწუნებული პროექტების ისტორია და ფოტოები - როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი

წმინდა სამების საკათედრო ტაძარი 1995-2004 წლებში, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდა. მისი საერთო სიმაღლე, ფუნდამენტისა და ჯვრის ჩათვლით, 100.17 მეტრია, რითაც ის ქვეყნის ყველაზე მაღალი ტაძარია.

სამების საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს - გიორგობის დღეს ჩაიყარა, 2004 წლის 23 ნოემბერს კი, ტაძარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

როგორ შეირჩა კონკურსის შედეგად არჩილ მინდიაშვილის პროექტი, რა ტიპის ტაძრების პროექტები წარმოადგინეს კონკურსის მონაწილეებმა და რატომ მიენიჭა უპირატესობა იმას, რითაც საბოლოოდ აშენდა სამების ტაძარი? - 25 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება ALLNEWS.GE-მ საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს წევრს რეზო ჯანაშიას და ისტორიკოს ჯაბა სამუშიას სთხოვა.

სამუშიას ეკუთვნის წიგნი - "ასე შენდებოდა თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარი", რომელიც 2010 წელს გამოიცა. ისტორიკოსი გვიყვება, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის საკათედრო ტაძრის მშენებლობის თაობაზე ოფიციალური მიმოწერა 1988 წლის აგვისტოში დაიწყო:

- ფართო საზოგადოებამ თბილისში წმ. სამების საკათედრო ტაძრის აგების იდეის შესახებ პირველად 1989 წ. აპრილში შეიტყო. მაგრამ, როგორც ითქვა, ამას წინ სერიოზული სამზადისი უძღოდა..

კონკურსის პირველი ეტაპი 1990 წლის თებერვალში გაიმართა. ექსპოზიცია მხატვრის სახლის პირველ და მეორე სართულზე იყო განლაგებული და სულ 41 ნამუშევარი იყო გამოფენილი. მათ შორის 34 პროექტი დასრულებული სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო 7 ნამუშევარი სამუშაო ვარიანტს ან მოსწავლეთა მიერ შექმნილ მაკეტებს წარმოადგენდა. თითოეულ პროექტს თან ერთვოდა ავტორის განმარტებითი ბარათი.

პროექტთა მრავალფეროვნებამ საზოგადოებაში არაერთაზროვანი განწყობა გამოიწვია, ბევრისთვის საეკლესიო არქიტექტურაში მოდერნიზმი მიუღებელი იყო, დამთვალიერებლების ნაწილი პირიქით, ამგვარ ტენდენციას იწონებდა.

თენგიზ ჩხაიძის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

ჟიურიმ თავისი გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე საბოლოოდ 29 მარტს, ბოლო სხდომაზე გამოაცხადა. სხდომა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ გახსნა, რომელმაც დიდი კმაყოფილება გამოთქვა, რომ კონკურსმა მაღალ დონეზე ჩაიარა, მადლობა გადაუხადა პროექტთა ავტორებს და საზოგადოებას გააცნო ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომ პირველი ივლისიდან კონკურსის ახალი ეტაპი გაიმართებოდა.

1990 წლის პირველ სექტემბერს მხატვრის სახლში კონკურსის მეორე ეტაპი გაიხსნა. მასში 56 ავტორი თუ საავტორო ჯგუფი მონაწილეობდა. სამმა არქიტექტორმა - პაატა ქურდიანმა, ანტონ შაიშმელაშვილმა და თენგიზ ჩხაიძემ ორ-ორი პროექტი წარადგინეს. იყო 55 პროფესიონალური პროექტი, დანარჩენი 4 კი არასრულ ვარიანტს წარმოადგენდა.

პაატა ქურდიანის პროექტი კონკურსის პირველ ტურში

კონკურსის მსვლელობის დროს თითოეულ ავტორს ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოს წინაშე პროექტის პრეზენტაცია უნდა მოეხდინათ, დაგეგმილი იყო, რომ ეს ღონისძიება 11-12-13 სექტემბრით გამართულიყო 18:00 საათიდან, პროექტის ავტორთა გამოსვლებს რეგლამენტი 5 წუთი ეძლეოდათ. საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პროექტების ავტორთა გამოსვლებს ჟიურის გარდა უბრალო დაინტერესებული პირების საკმაოდ დიდი ჯგუფი ესწრებოდა.

ერთგვარი სახალხო განხილვა მიმდინარეობდა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ყველა პროექტის ავტორთა გამოსვლა 3 დღეში ვერ მოხერხდა და ამ ვადებმაც გადაიწია. საბოლოო გადაწყვეტილება 1990 წლის 29 სექტემბერს იქნა მიღებული.

 

- მინდიაშვილის გარდა, სხვა რომელი პროექტები განიხილებოდა ასარჩევად ყველაზე მეტად?

- საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე ლიდერი პროექტი გამოიკვეთა. განსაკუთრებით 2 პროექტს შორის მიდიოდა კონკურენცია, ეს არჩილ მინდიაშვილისა და თენგიზ ჩხაიძის ნამუშევრები გახლდათ.

თენგიზ ჩხაიძის პროექტი კონკურსის მეორე ტურში

მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, გარკვეული ხნის შემდეგ სხდომა შეწყდა. დამსწრე საზოგადოება დარბაზიდან დაითხოვეს, მხოლოდ საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი და წმიდა სინოდის წევრები დარჩნენ. გარკვეული ხნის შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, დამსწრე საზოგადოება დარბაზში შევიდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობისათვის ყველას დიდი მადლობა მოახსენა, გამარჯვებულ პროექტად კი არჩილ მინდიაშვილის პროექტი დასახელდა წაიკითხეთ ვრცლად